ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია 27-28 მარტს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობს.
27 მარტს სამხედრო კომიტეტმა ნატოს წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლების დონეზე სპეციალური შეხვედრა გამართა და საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად თავდაცვის რეფორმების, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით არსებული პროგრესი და საქართველოში და მის გარშემო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია განიხილა.
სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შეხვედრაზე გახსნითი სიტყვებით გამოვიდნენ.
სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო „ნატოს ღირებული პარტნიორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში“. „ქართველი სამხედროები მრავალი წელია ნატოს მხარდამხარ იბრძვიან. ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა“, – განაცხადა პიჩმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, რომ შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება და საკუთარი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს ამ ორი რეგიონიდან.
„შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო ძალების ყოფნის ზრდის საპასუხოდ, ალიანსმა ზღვაზე საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავა“, – დასძინა მან. მან ხაზი გაუსვა, რომ ნატოსა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა მიზნად ქვეყნის დახმარებას ისახავს, რომ დაიცვას საკუთარი თავი, ასევე უკეთ მოემზადოს ნატოში გაწევრიანებისთვის.
თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრმა იზორიამ განაცხადა, რომ „ნატოს მხრიდან ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკური მხარდაჭერის ფარგლებში, ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს“.
„საქართველო ნატოს ერთადერთი ასპირანტი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც სარგებლობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მჭიდრო და უნიკალური მასშტაბის თანამშრომლობით, რაც ნათლად გამოიხატება საქართველოში ნატოს წარმომადგენლობის მასშტაბით“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ალიანსის თანამშრომლობის ჩარჩო საქართველოსთან, მთავარი პრაქტიკული იარაღი გახდა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)