საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც 27-30 მარტს პირველი ოფიციალური ვიზიტით სერბეთს სტუმრობს, გუშინ თავის კოლეგას, მაია გოიკოვიჩს შეხვდა. სპიკერები ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარეებმა პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც „ინსტიტუციურ დონეზე საპარლამენტო თანამშრომლობის ზრდას“ ისახავს მიზნად.
მაია გოიკოვიჩს მიაჩნია, რომ პარტნიორობის შესახებ შეთანხმება „გააძლიერებს თანამშრომლობას ევროპული ინტეგრაციის სფეროში, რადგანაც ორივე ქვეყანა ისწრაფვის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ და დაეხმარება თანამშრომლობის განვითარებას საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სფეროებში, ასევე დელეგაციებს შორის თანამშრომლობას საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებში“.
თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს და სერბეთს „ძალიან დადებითი პოლიტიკური ურთიერთობები აქვთ“ და რომ ორ ქვეყანას ასევე სურს ურთიერთობების გაძლიერება ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების და სპორტის სფეროებში.
„ჩვენ ერთნაირი გამოწვევები, მაგრამ იმავდროულად ერთნაირი მიზნები გვაქვს. ჩვენი საერთო საგარეო პოლიტის მიზანია ევროპული ინტეგრაცია… ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიდგეთ ამ საერთო მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე სერბეთის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვითაც გამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნასაც დაესწრო. ის სერბეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმიშიც მიიღებს მონაწილეობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)