საკომიტეტო მოსმენები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
25 მარტს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ 2009 წლის რეფორმის აღსრულებისა და ეფექტიანობის შეფასების შესწავლის მიზნით, თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა.
კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, კონტროლის განხორციელების პროცესში, კომიტეტში შექმნილი ჯგუფი შეისწავლის და გააანალიზებს ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, ხელისშემშლელ ფაქტორებს და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს. მისივე ინფორმაციით, თემატური მოკვლევის ჯგუფი კომიტეტის წევრების, ექსპერტების, დარგის სპეციალისტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, შესაბამის დასკვნას მოამზადებს, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, დღის წესრიგში, რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საკითხიც დადგეს.
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
25 მარტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ წარმოადგინა.
დანელიას თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალური გამოყენება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. „ჩვენი ინიციატივაა, რომ შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის ეროვნული სააგენტო. მნიშვნელოვანია, სათანადოდ უფლებამოსილი უწყების მიერ მოხდეს მიწის რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხვა, მიწის ბალანსის წარმოება დანიშნულებისა და კატეგორიების შესაბამისად “, – აღნიშნა მომხსენებელმა და დასძინა, რომ „პროექტის მთავარი მიზანი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების საკითხის გადაწყვეტა საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით“.
კანონმდებლებმა კანონპროექტს თანმდევ საკითხებთან ერთად, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. კომიტეტზე „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებებსაც უყარეს კენჭი. კანონმდებლებმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
25 მარტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ფრაქცია ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს, რომელიც საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს გულისხმობს. საკანონმდებლო წინადადება კოლეგებს ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა გააცნო და განმარტა, რომ კანონპროექტის მიზანი იმ ფიზიკური პირებისათვის ხელის შეწყობაა რომლებსაც ელექტრონულად გამოწერილი იმავე ფასის და ოდენობის საქონლის შემთხვევაში საფოსტო გზავნილებით მიღებულ საქონელზე კურსთა სხვაობით უწევთ განბაჟება. კერძოდ ცვლილებები კოდექსის 199-ე მუხლში შედის, რაც ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული საქონლის 300 ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას გულისხმობს, რაც კურსთა სხვაობის კომპენსაციაა. აღნიშნული ლიმიტი იმ პროდუქციას შეეხება, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი. კომიტეტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.
კომიტეტზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განსახილველად გამოიტანა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“ შეთანხმება.
პარლამენტის ინფორმაციით, დოკუმენტი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის ძირითად პრინციპებს. შეთანხმების ფარგლებში კორეის ეკონომიკური განვითრებისა და თანამშრომობის ფონდიდან საქრთველოში სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად სესხები გამოიყოფა. ყოველი პროექტის დაფინანსების მიზნით გაფორმდება დამატებითი ხელშეკრულებები, რომლებითაც განსაზღვრული იქნება სესხის მოცულობა, ფინანსური პირობები და სესხთან დაკავშირებული სხვა საკითხები. კომიტეტმა წარმოდგენილი დოკუმენტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.
- აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების სხდომა
25 მარტს აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა წარადგინა. მანვე კანონმდებლებს სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
ამის შემდეგ სხდომა აგრარულა კომიტეტებმა გააგრძელა, რომელზეც დეპუტატ გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს. დეპუტატის საკანონმდებლო წინადადება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. აგრარულმა კომიტეტმა ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
26 მარტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“ ჩარჩო ხელშეკრულება წარადგინა, რომლის მიზანიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
სხდომაზე „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ” შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნანა ბერიძემ წარადგინა. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მხრიდან კომპეტენტურ ორგანოდ შსს-ის ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა განისაზღვროს.
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში; ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში; ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში.
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
27 მარტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ქვეყანაში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისა და პრევენციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების მზადყოფნის შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა წარადგინა. პარლამენტის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტიქიით მიყენებული ზარალის მიმართ ოპერატიული რეაგირება და მთავრობის მიერ გამოყოფილ თანხებთან შესრულებული სალიკვიდაციო სამუშაოების შესაბამისობა.
სხდომაზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებიც განიხილეს, რომელიც საკანონმდელო წინადადების ერთ-ერთმა ინიციატორმა გია ჟორჟოლიანმა წარადგინა. კანონპროექტის თანახმად, სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს დაემატება შემდეგი კატეგორიები: მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება და ასევე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
27 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის კუთხით სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში მოისმინეს. ანგარიში დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ გააცნო. მისი განმარტებით, რეკომენდაციების შესაბამისად, 2018 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსება მილიონნახევარი ლარით გაიზარდა. ასევე, წელს გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანსება. მანვე ივანე მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად განხორციელებულ ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებებს შორის მერაბიშვილისთვის კომპენსაციის გადახდა დაასახელა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ გააცნო და ყურადღება გაამახვილა პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებულ ღონისძიებებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ უწყებას რეკომენდაციების ნაწილი აქვს სრულად შესრულებული.
საქართველოს პროკურატურის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში დეპუტატებს გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა გააცნო. მან 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდგომ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის ინფორმირების შესახებ გაცემული რეკომენდაციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის, „საქმეზე ბრალდებულად ცნობილი არავინ არის“ და გამოძიება გრძელდება. მანვე ისეთი რეკომენდაციების შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა დაკითხვის სახელმძღვანელო ინსტრუქციის სრულყოფა, არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და პროაქტიული გამოქვეყნება.
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
28 მარტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „მედიაციის შესახებ“ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.
მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით, დაგეგმილია მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის გზით დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარებისა და სასამართლოების გადატვირთულობის თავიდან აცილების ხელშეწყობა. ამასთან, მედიაციის პროცესში უნდა დამკვიდრდეს თანამედროვე სტანდარტები, დაინერგოს მედიაციის ინსტიტუციონალიზაციის ყველაზე მეტად მისაღები მოდელი და ბიძგი მიეცეს შეუფერხებელ განვითარებას. სარჯველაძის განცხადებით, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების წახალისებისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, კანონპროექტი განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს, მედიატორის უფლებამოსილებებსა და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
კომიტეტის წევრებმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“ განიხილეს.
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
28 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენა განაგრძო.
კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინსტრის აპარატის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარდგენილი ანგარიშები, სადაც ასახული იყო ის მოქმედებები და ღონისძიებები, რომლებიც ამ უწყებებმა გაატარეს აღნიშნული რეკომენდაციების შესასრულებლად და არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. როგორც სხდომაზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია ან შესრულების პროცესშია.
შეხვედრები
- 25 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, საუბარი ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს შეეხო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და პროგრესის მდგრადობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება.
- 25 მარტს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე OSCE/ODIHR-ის დემოკრატიული მმართველობის ოფიცერს ჯაკოპო ლეონეს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ეთიკის საბჭოს ჩამოყალიბებაზე და მისი დებულების შემუშავებაზე იმსჯელეს.
- 27 მარტს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და ყურადღება საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ფორმატებზე გაამახვილეს.
- 27 მარტს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კიმ სე ვუნგს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, კორეის მთავრობა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში, პარლამენტის მიერ მიწოდებული სპეციფიკების საფუძველზე, სტამბის მოსაწყობ აპარატურას შეიძენს და საკანონმდებლო ორგანოს საჩუქრად გადასცემს, რომელიც სტამბისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსდება.
- 27 მარტს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის ახალი საზედამხედველო ფუნქციის – თემატური მოკვლევის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოება პარლამენტის მხრიდან ელოდება, დაინახოს რას საქმიანობენ მათ მიერ არჩეული წარმომადგენლები მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად. მისივე თქმით, მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ პარლამენტის ეფექტურად მუშაობას: თემატურად, შინაარსობრივად და კონცენტრირებულად, უკვე არსებობს კანონმდებლობაში და ერთ-ერთი მათგანია – თემატური მოკვლევები.
ვიზიტები
- 27-30 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მის კოლეგას მაია გოიკოვიჩს, სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა, პრემიერ-მინისტრს ანა ბრნაბიჩს, საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს და სერბეთის პატრიარქს ირინეოსს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნასაც დაესწრო და სერბეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმიშიც მიიღო მონაწილეობა.
- ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეისპრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. ლუქსემბურგის სახელმწიფოს მეთაურთან, დიდ ჰერცოგ ჰენრისთან, პრემიერ-მინისტრ, ქსავიერ ბეტელთან, დეპუტატთა პალატის სპიკერ, ფერნანდ ეტიენთან, საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან ასელბორნთან გამართულ შეხვედრებზე გიგი წერეთელმა ეუთოს საქმიანობაზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის პროცესში ეროვნული პარლამენტების როლსა და ჩართულობაზე ისაუბრა.
- ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრები 27-28 მარტს სტრასბურგში შეიკრიბნენ, სადაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-8 შეხვედრა გაიმართა. 28 მარტს კომიტეტმა ერთობლივი განცხადება მიიღო სამი ხმით ევროპარლამენტიდან (წინააღმდეგ – 0, თავი შეიკავა – 0) და შვიდი ხმით ქართული მხრიდან (წინააღმდეგ – 0, თავი შეიკავა – 2). ერთობლივ განცხადებაში დეპუტატები მიესალმნენ „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას“, გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და მიესალმნენ ქვეყნის „მდგრად პროგრესს არჩეულ გზაზე“.
სხვა ღონისძიებები
- რეგლამენტის 100 დღე
25 მარტს სასტუმრო Rooms-ში პარლამენტის რეგლამენტის ამოქმედებიდან 100 დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რეგლამენტის ამოქმედებიდან გასული 100 დღე შეაჯამა და დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ძლიერი პარლამენტი ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას.
„გვსურს, რომ პარლამენტმა დაიკავოს მოწინავე ადგილი დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის. ამის მთავარი წინაპირობა არის პარლამენტის გამართული, ეფექტიანი ფუნქციონირება და ახალი რეგლამენტი ამის შესანიშნავ საკანონმდებლო საფუძველს ქმნის“, – განაცხადა მან.
ღონისძიებაზე სიტყვით პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას ახალი რეგლამენტის ამოქმედების 100 დღის შედეგები გააცნო.
- დეცენტრალიზაციის სტრატეგია – 2019-2025
26 მარტს პარლამენტში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი სამუშაო ჯგუფის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება არის კომპლექსური პროცესი, რომელსაც კომპლექსური გეგმა სჭირდება. მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაძლიერება და ასევე, მისთვის მატერიალური რესურსების გადაცემაა.
- დედამიწის საათი
საქართველოს პარლამენტი, ტრადიციულად, დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდამჭერ მსოფლიოში უდიდეს გარემოსდაცვით აქციას შეუერთდა. აქციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის სასახლის გარე განათება 20:30 საათიდან ერთი საათით გამოირთო.
- ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
31 მარტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერი-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ის პრემიერ-მინისტრთან, დეპუტატებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშიც იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტის საფლავი გვირგვინით შეამკო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)