ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, რომელზეც შეკრებილები შრომის უსაფრთხოების წესების გამკაცრებას ითხოვდნენ, 4 პირი დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ვახუშტი მენაბდე და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი დავით სუბელიანი.
დაკავებულების შესახებ ინფორმაცია Civil.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყება დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დაღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქცია სახელწოდებით „დროა, ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ“, გუშინ საღამოს მას შემდეგ დაანონსდა, რაც ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობის პერიმეტრზე მიწის მასა ჩამოიშალა, რასაც ორი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან დღეს შეკრება საღამოს შვიდი საათიდან დაიწყეს. კანცელარიიდან მათ მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე, გუშინ მომხდარი ტრაგედიის ადგილას გადაინაცვლეს, სადაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის 4 მონაწილე სწორედ ამ დროს დააკავეს.
ამ მომენტისთვის საპროტესტო აქცია დასრულებულია. აქციის ორგანიზატორები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)