საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებასა და თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ინტერვიუ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ეთერში 2 აპრილს გავიდა. Civil.ge ამ ინტერვიუს ძირითად პუნქტებს გთავაზობთ.
ბიძინა ივანიშვილი: „უნდა მოგვეკიდა ქეჩოში ხელი“
მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუს დიდი ნაწილი ქართული ოცნების ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზე საუბარს დაუთმო და განაცხადა, რომ ის ქვეყნისთვის ძალიან დიდი საფრთხეა, რომლის ატანაც საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას არ შეუძლია. მანვე, თავის დროზე ივანიშვილის “ქვეყნიდან არ გაშვება” ნაციონალური მოძრაობის დიდ შეცდომად შეაფასა. „ეს იყო ჩვენი დიდი დოყლაპიობა, უნდა მოგვეკიდა ქეჩოში ხელი და გაგვეშვა ქვეყნიდან“, – განაცხადა მან.
სააკაშვილის შეფასებით, ივანიშვილის მართვის სტილი არის კლასიკური შუასაუკუნოვანი „შენ ხარ მონა“. მისივე თქმით, დღეს ჩვენ ვართ “დახურულ წრეში”, საიდანაც გამოსვლა მოსახლეობამ ყოველდღიურად უნდა სცადოს.
„ჩვენ თუ უბრალოდ ვთქვით, რომ 2020 წლის ოქტომბერს ველოდებით, [ივანიშვილი] ჰაერში აგვაგდებს და მოგვიგვარებს, იმიტომ, რომ 2020-ში მოემზადება მთელი არტილერიით“, – აღნიშნა, ყოფილმა პრეზიდენტმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს არჩევნებზე უარის თქმას არ ნიშნავს, მაგრამ ივანიშვილის მოშორება „ყოველდღე უნდა ვცადოთ“, რადგან ის “კანონის ფარგლებიდან დიდი ხანია უკვე გავიდა და მას ლეგიტიმურობა აღარ აქვს“.
მანვე განმარტა, რომ ივანიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოიპარა და „გაიყვანა ეს აჩაჩული ქალი [სალომე ზურაბიშვილი]“. „ჩვენ არჩევნების შემდეგ რომ გამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ არჩევნები მოიპარეს დასავლეთი დაგვიდგებოდა გვერდით… სამწუხაროდ ჩვენ ყველანი არ აღმოვჩნდით ამ ყველაფრისთვის მზად… ჩვენ ზედმეტად დარწმუნებულები ვიყავით იმაში, რომ ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ კანონიერი მეთოდების დაცვით“, – განმარტა სააკაშვილმა.
საქართველოს მთავრობა: რუსეთისა და ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს
სააკაშვილმა საქართველოს ამჟამინდელ მთავრობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან მინისტრების დიდი ნაწილის სახელები და გვარები არც კი იცის, პრემიერის გვარი კი საერთოდ არ მახსოვს. მან ყურადღება იუსტიციის მინისტრზე თეა წულუკიანზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ის „ბოროტების განსხეულებაა“, რომელიც ჰააგაში ქართველი სამხედრობის გასამართლებას ლობირებს.
მისივე თქმით, წულუკიანი ამით ივანიშვილისა და რუსეთის დაკვეთას ასრულებს. „ჩვენი სამხედროების ჩასმა კი არ არის თვითმიზანი, მიზანი არის იურიდიული ცნობა ამ ორი ტერიტორიის“, – განმარტა სააკაშვილმა და დასძინა, რომ „ზურაბიშვილის არჩევა არ იყო შემთხვევითი და ისიც ამ სტრატეგიაში ჯდება“.
სააკაშვილის განცხადებით, „რამდენიმე სამხედროს წაუყენებენ ბრალს, აღმოჩნდება, რომ ქართველებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული, შედეგად რამდენიმე ქვეყანა აღიარებს და ეს არის ამათი გეგმა“, რის განხორციელებასაც მისივე შეფასებით, რუსეთი ივანიშვილის წულუკიანისა და ზურაბიშვილის მეშვეობით ცდილობს.
სააკაშვილისავე განმარტებით, სწორედ ამ გეგმას ემსახურება განცხადებებიც, რომ თითქოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და „საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბაა“.
რუსეთ-საქართველო: ახალი პროვოკაცია რუსეთს არ აწყობს
სააკაშვილმა რუსეთის მხრიდან ახალი პროვოკაციის მცდელობის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „დღეს შიდა თვალსაზრისით რუსეთს ეს არ აწყობს“. წამყვანის კითხვას, იყო თუ არა მისი როლი 2008 წლის კონფლიქტის პროვოცირებაში, სააკაშვილმა უპასუხა, რომ არა. „მე მქონდა პუტინთან ძალიან თანასწორი დამოკიდებულება, მაგრამ ზრდილობიანი“.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მაშინდელი ხელისუფლება მზად იყო, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ, ქართული მხარე საქართველოში რუსული ბაზების ყოფნასაც დათანხმებოდა და ნატოში გაწევრიანებაზეც ეთქვა უარი. მისივე თქმით, ამაზე საუბარი რუსულ მხარესთანაც მიმდინარეობდა.
მანვე აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ გადადგმულ ორ მნიშვნელოვან ნაბიჯზეც გაამახვილა ყურადღება. „პირველი უვიზოდ გავუხსენით ჩამოსვლა საქართველოში. ეს იყო ჩემი პირადი ინიციატივა და მეორე – მოველაპარაკეთ თავისუფალ ვაჭრობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ჩვენ გავახსნევინეთ მათ ბაზარი, ივანიშვილმა კი არა. უბრალოდ ქრონოლოგია ისე დაემთხვა, რომ მაგ დროს მოვიდა ივანიშვილი, მაგრამ ბაზარი ღვინისთვის და პროდუქტებისთვის გავახსნევინეთ ჩვენ“, – დასძინა მანვე.
სააკაშვილი საქართველოში: „დავწურავ ჩემს ვენახს“
ინტერვიუს დროს მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება და ქვეყანაში დაბრუნება მისი დღის წესრიგის მთავარი შემადგენელი ნაწილია. თუმცა, მისივე თქმით, ის ქვეყანაში რომელიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას არ გეგმავს.
„ჩამოვალ ჩემს ვენახში, დავწურავ პირველ მოსავალს და მერე შეიძლება ყვარლის მერი გავხდე, შეიძლება ლაზიკაში ჩავიდე და ლაზიკის მერი გავხდე. შეიძლება საერთოდ არაფერი გავხდე და კონსულტანტი ვიყო ახალგაზრდა პერსპექტიული მთავრობის… რანაირად შეიძლება მიშა სააკაშვილს უნდოდეს ბახტაძის ადგილი? ლაზიკის მერობა ბევრად მეტად არის ჩემთვის ხალხის სამსახური ვიდრე ბახტაძის კაბინეტში ჯდომა“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
მანვე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ხალხის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიზნით, ელექტრონული მართვის სტილის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „პარლამენტი ნელ-ნელა თავის ფუნქციას დაკარგავს“, ის შეზღუდული უფლებებით დარჩება და მისი მთავარი დატვირთვა ისეთ რთულ საკითხებზე მსჯელობა იქნება, რომლის განხილვაც ელექტრონულად შეუძლებელი იქნება. ამის ერთ-ერთ მაგალითად ყოფილმა პრეზიდენტმა ბიუჯეტი დაასახელა.
სააკაშვილის თქმით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, სადაც პარლამენტი კი არ აირჩევს პრემიერს, არამედ ხალხი ელექტრონულად. თავის მხრივ კი პრემიერი მთავრობას ხალხს წარუდგენს, რომელსაც ასევე ელექტრონული კენჭისყრით აირჩევენ.
TBC ბანკი და ანაკლია: „ივანიშვილის ბანკის მისაკუთრება სურს“
მიხეილ სააკაშვილმა ბოლო დროს TBC ბანკისა და ანაკლიის ყრმაწყლოვანი პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილის TBC ბანკის მისაკუთრება სურს, რათა საქართველოში ის გახდეს „მთავარი მევახშე“.
მისივე შეფასებით, ანაკლია/ლაზიკა არის საქართველოს სწრაფი განვითარების ყველაზე ადვილი საშუალება, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, თითოეულ ოჯახს, „სამჯერ და ოთხჯერ გამდიდრების“ შესაძლებლობა ექმნება. „ზუგდიდთან ერთად, ლაზიკა იქნება ნახევარ მილიონიანი ქალაქი… [შედეგად] ჩვენ კი არ მივებმებით აფხაზეთს, აფხაზეთი მიებმება დანარჩენ საქართველოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ნარკოპოლიტიკა: ციხეში არ უნდა სხდებოდნენ, მაგრამ „იწვევს გამოტვინებას“
მიხეილ სააკაშვილმა ნარკოპოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანები ციხეში არ უნდა სხდებოდნენ. თუმცა, იქვე ხაზი გაუსვა, რომ ის მარიხუანის მასობრივი შემოსვლა „იწვევს ხალხის მასობრივად გამოტვინებას, მაგრამ თუ გინდა, რომ გამოტვინდე და გამოლაყდე, შენი არჩევანია“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
„ამაზე არ შეიძლება დაჭერა, მაგრამ ამაზე სულ უნდა ველაპარაკებოდეთ ახალგაზრდებს, იმდენი სხვა საშუალება უნდა გაუჩინო ახალგაზრდობას, იმდენად კონკურენტუნარიანები უნდა იყვნენ, რომ თავისით აღარ მოუნდებათ ნარკოტიკების მოხმარება. ამის გამოსწორება ციხით რომ ვერ მოხდება, ეს უკვე ვისწავლეთ“, – დასძინა მანვე.
ფარული ჩანაწერები: არასოდეს გასულა ჩემს დროს
სააკაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: „არასოდეს, ჩემს დროს არცერთი პირადი ცხოვრების კადრი არ გასულა“. თუმცა, მისივე თქმით, „შეიძლება ვიღაც იღებდა“, მაგრამ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. წამყვანის კითხვას, „რომ გაგეგოთ, რომ ბესელია ჩაწერეს?“ – სააკაშვილმა უპასუხა: „თავს მოვაძრობდი ყველას“.
რობაქიძისა და გირგვლიანის საქმეები: „ვანოს არგადაყენება იყო შეცდომა“
ყოფილი პრეზიდენტი ინტერვიუს დროს სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელობების თემასაც შეეხო და განმარტა, რომ გირგვლიანის შემთხვევის შემდეგ, „ვანოს არგადაყენება იყო შეცდომა“.
„მაშინ ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ არ შეიძლება, ასეთი სიტუაციაა და ორი-სამი დღის ფიქრის შემდეგ ავიღე ჩემს თავზე ეს დარტყმა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„მაგრამ ის ხალხი ყველა ვინც მონაწილეობდა დაიჭირეს და ციხეში აღმოჩნდნენ“, – დასძინა მან. სააკაშვილის თქმით, მას ისინი არ შეუწყალებია, უბრალოდ სასჯელი ისევე გაუნახევრა, როგორც ყველა სამხედროს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
წამყვანის კითხვას, მაშინ „რატომ თქვა, სტრასბურგმა, რომ ეს ყველაფერი იყო ორკესტრირებული და ვერტიკალიდან იმართებოდა?“ – სააკაშვილმა უპასუხა, რომ იმ დროს ევროპის საბჭოში წულუკიანი მუშაობდა, მან დაწერა დასკვნა და „მას ჰქონდა პირადი დაინტერესება“.
რაც შეეხება რობაქიძის საკითხს, სააკაშვილის თქმით, ასეთი რამ ყველა ქვეყანაში ხდება, მათ შორის, ამერიკაში და „არსად ამის გამო მთავრობა არ გადამდგარა“.
„არ ვაპირებ თავზე ნაცრის ყრას, არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, არც რობაქიძის თემასთან მე არაფერი კავშირი არ მაქვს და დიდი ღორობაა ამის დაბრალება პრეზიდენტზე“, – განმარტა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)