„ერთობა“, N77, 1919 წლის 5 აპრილი
იაფი პური
ამ დღეებში დამთავრდა მოლაპარაკება ჩვენს მთავრობას და მოკავშირეთა შორის, ჩვენს რესპუბლიკაში იაფი პურის შემოტანის შესახებ.
ამერიკამ და ინგლისმა უნდა შემოიტანონ საქართველოში რეგულიარულად პური იაფ ფასებში.
რკინის გზას ცალკე მიეცემა პური. 20 ათასი ფუთი პური უკვე მიიღო რესპუბლიკის მთავრობამ. პროფესიონალურ საბჭოს სეკრეტარიატმა აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რათა იაფ ფასებში დაურიგდეთ პური მუშებს და მოსამსახურეებს. მთავრობამ მიიღო რა მხედველობაში პროფესიონალურ საბჭოების თხოვნა, მოახდინა განკარგულება, რომ ქალაქის სასურსათო განყოფილებამ პირველ ყოვლისა დააკმაყოფილოს მუშების და მოსამსახურეების მოთხოვნილება და სულზე მიეცეს მათ გირვანქა პური, რომელიც ეღირება 2 მან. – 2 მ. 50 კ. ქალაქის გამგეობის სასურსათო განყოფილებამ მიმართა პროფესიონალურ კავშირს თხოვნით, რათა უკანასკნელმა მიმართოს ყველა პროფესიონალურ კავშირებს, რომ შეადგინონ სია წარმოებებში მომუშავე მუშების და მოსამსახურეების, სიებში ნაჩვენები უნდა იყოს მათი ოჯახური შემადგენლობის სიები, უნდა წარდგენილ იქნას სასურსათო განყოფილების პურის ბიუროში. 1 აპრილს სეკრეტარიატმა გამართა თათბირი პროფესიონალურ კავშირების წარმომადგენლებისა, სადაც მოხსენებულ იქნა ქალაქის სასურსათო განყოფილების წინადადება. რადგანაც კრება მოწვეულ იქნა სასწრაფოთ და მას ცოტა წარმომადგენლები დაესწრენ, ამიტომ კითხვა საბოლოოდ არ იქნა გადაწყვეტილი.
ზოგიერთი წევრები იმ აზრს ადგენ, რომ უნდა დაარსდეს სპეციალური ორგანო კავშირების წარმომადგენლებისაგან. ეს ორგანო კანტროლს უნდა უწევდეს არსებულ სასურსათო ორგანიზაციებს. გამოითქვა სურვილი შეიქმნას ისეთი ორგანო, რომელიც მჭიდროთ დაუკავშირდება მუშათა მასსას და ყურადღებას მიაქცევს, რომ არავითარ ბოროტ მოქმედებას არ ჰქონდეს ადგილი. საბოლოოთ გადაწყვეტა ამ კითხვისა გადაიდო მომავალ კრებისათვის.