საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 3-4 აპრილს ვაშინგტონში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ალიანსის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.
3 აპრილს, დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა ალიანსის გაფართოების საკითხისადმი მიძღვნილ პანელზე „უსაფრთხოების გაფართოება სამეზობლოში: ნატოს პარტნიორობის მემკვიდრეობა და მომავალი“, რომელიც ატლანტიკური საბჭოს, გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება და რომ ქვეყანა აქტიურადაა ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატოსთან დიალოგში.
„საქართველოსა და უკრაინის მიმდინარე ოკუპაციის გამო.. [ალიანსის] მთავარი სტრატეგიული მიზანი, რომელიც ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას გულისხმობს, ჯერჯერობით მიუღწეველია“, – განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ „ყველამ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით“.
ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ალიანსისგან დასტური მიიღო, რომ „მას ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს საბოლოო წევრობისთვის“.
„ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც რჩება, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამ მომენტისთვის მზად უნდა ვიყოთ. რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და ფარხმალს არ ვყრით იმის გამო, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს „ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა“ აქვს ნატოს მოკავშირეებთან, მათ შორის, აშშ-თან და იმედი გამოთქვა, რომ ამით ქვეყანა იმ დროს უახლოვდება, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკელ კონგრესმენს და House Georgia Caucus-ის თანათავმჯდომარეს ჯერალდ კონოლის და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ფილიპ რიკერსაც შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)