არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ (TI) 8 აპრილს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე საზოგადოების განწყობებს ასახავს.
არჩევნები და საარჩევნო სისტემა
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.
რესპონდენტებს კითხვა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც დაუსვეს. გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა (ძალიან სამართლიანად/უფრო სამართლიანად, ვიდრე უსამართლოდ), 48% კი, ფიქრობს, რომ ის უსამართლო იყო (უფრო უსამართლოდ, ვიდრე სამართლიანად/ძალიან უსამართლოდ).
რესპონდენტების 37% ამბობს, რომ არჩევნებზე სახელმწიფოს მხრიდან ამომრჩეველთა მოსყიდვა ხდებოდა, 38%-ის მოსაზრებით კი, მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, გამოკითხულების დიდი ნაწილი (50%-ზე მეტი) ამბობს, რომ არჩევნების დროს სხვადასხვა ფორმით დაშინებას, კრიმინალების მხრიდან მუქარას და სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. რესპონდენტების 53% ამბობს, რომ საარჩევნო უბანზე შემოხაზული ბიულეტენით შესვლა არ ხდებოდა.
რესპონდენტების 63% ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ ინიციატივას დადებითად აფასებს (ძალიან დადებითად/დადებითად), უარყოფითად კი მხოლოდ 15% (უარყოფითად/ძალიან უარყოფითად).
გამოკითხულების 80% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენაა საჭირო.
ხორავას ქუჩის საქმე
კვლევა კითხვებს 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საკითხთან მიმართებითაც მოიცავდა. რესპონდენტების 96 %-ს აღნიშნული საქმის შესახებ სმენია, მათგან 84% კი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა საქმე საფუძვლიანად არ გამოიძიეს.
გამოკითხულების 79% მიიჩნევს, რომ გახმაურებულ საქმეებთან მიმართებით, სპეციალური საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.
საბანკო რეგულაციები
კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს ეროვნული ბანკის მიერ სესხის აღებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებითაც ჰკითხეს. გამოკითხულების მხოლოდ 14% ამბობს, რომ მას შეზღუდვების დაწესების შემდეგ კრედიტის აღების მცდელობა ჰქონია, მათგან 64% ამბობს, რომ შეზღუდვებმა პრობლემები შეუქმნა.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა
გამოკითხულების 53% ახალ დაგროვებით საპენსიო სისტემას უარყოფითად აფასებს (უარყოფითად/ძალიან უარყოფითად), დადებითად კი მხოლოდ 20 % (დადებითად/ძალიან დადებითად).
განათლების პოლიტიკა და ხარისხი
კვლევა განათლების პოლიტიკისა და ხარისხის შესახებ კითხვებსაც მოიცავდა. რესპონდენტების 58% მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამაზე მიღებისას ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო უნდა იყოს. 73% სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებას არ ემხრობა.
გამოკითხულების 45% მიიჩნევს, რომ საქართველოში სასკოლო განათლება საშუალო ხარისხის არის, 32%-ის მოსაზრებით, ის უხარისხოა (უხარისხო/ძალიან უხარისხო), ხარისხიანად კი მას მხოლოდ 18% მიიჩნევს (ხარისხიანი/ძალიან ხარისხიანი).
რესპონდენტების 27% მიიჩნევს, რომ მოქმედი მთავრობა პროდასავლურია, 16% მოსაზრებით, ის პრორუსულია, 41% კი ფიქრობს, რომ ის რუსეთთან და დასავლეთთან თანაბრად კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს.
რესპონდენტების 46%-ს მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაცია ოკუპანტი და მტერია, 44% კი ფიქრობს, რომ ის ერთმორწმუნე სახელმწიფოა, რომელთანაც ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს.
მედია, სოციალური ქსელები და ყალბი ამბები
გამოკითხული მოსახლეობის 15% ფიქრობს (მათგან, ვისაც ასეთი გვერდების შესახებ სმენია), რომ სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად სპეციალურად შექმნილი გვერდების უკან მთავრობა/ხელისუფლება დგას, 10%-ის მოსაზრებით კი, ოპოზიცია.
რესპონდენტებს კითხვა იმის შესახებაც დაუსვეს, თუ ვის ინტერესებს გამოხატავენ მთავარი სატელევიზიო არხები. აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი დოზით გამოკითხულები ტელეკომპანია „რუსთავი 2-სა“ და „იმედს“ უყურებენ. მათგან, 55% ფიქრობს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მთავრობის ინტერესებს ატარებს, 18% იმავეს ასახელებს საზოგადოებრივ მაუწყებელის პირველ არხზეც. ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მიმართებით, რესპონდენტების 63% მიიჩნევს, რომ ის ოპოზიციის ინტერესების მატარებელია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)