Site icon Civil.ge

მთავრობამ აშშ-ში ლობირების მიზნით ახალი კომპანია დაიქირავა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

საქართველოს მთავრობამ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მზარდი ვაჭრობის“ ხელშეწყობის მიზნით, ნიუ-იორკში განთავსებული კომპანია Hill+Knowlton Strategies დაიქირავა.

შვიდთვიანი კონტრაქტის მიხედვით, რომელიც 4 აპრილს დარეგისტრირდა, საქართველოს მთავრობა კომპანიას 2019 წელს სულ 750 000 აშშ დოლარს გადაუხდის, იმ დოკუმენტების თანახმად, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (Foreign Agent Registration Act – FARA) ფარგლებში წარუდგინა.

საქართველოს მთავრობა 1.1 მილიონ აშშ დოლარს ფასიანი მედია პროდუქციისა და მისი განთავსების მომსახურებისთვისაც გადაიხდის.

კონტრაქტის თანახმად, Hill+Knowlton Strategies „დაეხმარება საქართველოს, რათა მან კავშირები დაამყაროს კანონმდებლებთან შტატების თუ ფედერალურ დონეზე, ასევე ამერიკელ ბიზნესმენებთან და აშშ-ის აუდიტორიასთან იმ უზარმაზარი ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს“.

ამას გარდა, კომპანია „ყურადღებას გაამახვილებს იმის საჭიროებაზე, რომ აშშ-მა უნდა გააფართოვოს ისედაც მჭიდრო ურთიერთობა საქართველოსთან,  როგორც სანდო მოკავშირესთან“ და დაეხმარება დაინტერესებულ ბიზნესკომპანიებს აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ადვოკატირებაში.

შეთანხმების თანახმად, კონტაქტების დამყარება შეხვედრების, ასევე ბეჭვდური, სატელევიზიო და ციფრული რეკლამირების ფორმით მოხდება.

საქართველოს სახელით დოკუმენტს ხელი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ მოაწერა.

განახლებული კონტრაქტები

2019 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ ორ ამერიკულ პიარ კომპანიასთანაც განაახლა კონტრაქტები.

ვაშინგტონში მდებარე კომპანიასთან Chartwell Strategy Group დადებული კონტრაქტის თანახმად, კონგრესსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ინტერესების ლობირების მიზნით, საქართველოს ხელისუფლება მას 2019 წელს საერთო ჯამში 780 000 აშშ დოლარს გადაუხდის (65 000 აშშ დოლარს თვეში).

კონტრაქტის მიხედვით, კომპანია საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას დაეხმარება და აშშ-ის მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში მოზიდვასა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ზრდის საჭიროებაზე ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლების ყურადღებას მიაპყრობს.

მეორე კონტრაქტს საქართველოს მთავრობამ ვირჯინიაში მდებარე კომპანიასთან StrateVarious LLC მოაწერა ხელი.

კონტრაქტის თანახმად, StrateVarious მუდმივად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკურ გარემოს, რათა აცნობოს კლიენტს აშშ-ის ინტერესებსა და პოლიტიკაში საქართველოს მიზნების გათვალისწინების როგორც შესაძლებლობების, ისე დაბრკოლებების შესახებ.

StrateVarious ასევე მოამზადებს გზავნილებს საქართველოს ხელმძღვანელობისთვის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის და აშშ-ში საქართველოს ელჩის საჯარო გამოსვლებს.

ლობისტური კომპანია იმ თემებს განსაზღვრავს, რომელთაც ყველაზე ძლიერი რეზონანსი აქვს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და „შეისწავლის, თუ როგორ შეიძლება ამ თემების ეფექტიანად ფორმულირება და მიწოდება სხვადასხვა მომხმარებლებისთვის“, როგორიცაა „პოლიტიკური ელიტა, კონგრესი, მედია, ანალიტიკური ინსტიტუტები, ბიზნესორგანიზაციები და უცხოური მთავრობები“.

საქართველოს მთავრობა StrateVarious-ს თვეში 15 000 აშშ დოლარს გადაუხდის (180 000 აშშ დოლარი წელიწადში).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)