Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრმა PACE-ს სხდომაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა

მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელაზე სიტყვით გამოვიდა, 10 აპრილი, 2019, ფოტო: gov.ge

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 აპრილს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლის შემდეგ, მან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

თავის შესავალ სიტყვაში ბახტაძემ ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლის მანძილზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა, მათ შორის, სასამართლო რეფორმის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებში.

პრემიერ-მინისტრმა ასამბლეას და ევროპის საბჭოს სხვა ორგანიზაციებს ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნის საქმეში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ერთად შევძელით, შეგვექმნა სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან“, – განაცხადა მან.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი სამუშაოა შესასრულებელი.

ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთთან ურთიერთობები

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევა მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი რეგიონი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი – „ჰუმანიტარული კატასტროფის“ წინაშე დგანან.

„ყოველდღე განვიცდით მავთულხლართების, ოკუპირებული ტერიტორიების დეპოპულაციის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ზოგადი მდგომარეობის პრობლემას, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა, ამ ტერმინის ყველა განზომილებით“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 300 000 ქართველი საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება, ხოლო ისინი, ვინც ორ რეგიონში რჩებიან, ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან.

ბახტაძემ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის, ასევე აფხაზეთში 29 წლის საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება.

მან რუსეთის ფედერაცია იმაში დაადანაშაულა, რომ ის ცდილობს ძირი გამოუთხაროს თბილისის ძალისხმევას, რომ ორი რეგიონის მოსახლეობებთან კონტაქტები დაამყაროს და გაიმეორა, რომ მოსკოვი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგული დარჩება. „დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა ვუთხრა ჩვენს ოს და აფხაზ მოქალაქეებს – ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა! ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება – თქვენთან ერთად მოიაზრება – მშვიდობითა და კეთილდღეობით გაერთიანებულ საქართველოში“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საბიუჯეტო კრიზისზეც გააკეთა კომენტარი, რაც რუსეთის მიერ თითქმის ორი წელი საწევროს გადაუხდელობას მოჰყვა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში ნებაყოფლობითი შენატანი 500 000 ევროს ოდენობით.

„საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით – ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა“, – დასძინა ბახტაძემ.

კითხვა-პასუხის სესია

დეპუტატებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რიგი შეკითხვები დაუსვეს და მათი უმეტესობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა.

პოლონელი დეპუტატის ალექსანდრე პოცეის კითხვაზე, რომელიც OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილ დარღვევებს ეხებოდა, პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ხარვეზი არჩევნების დროს „ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“ იყო და რომ ხელისუფლება ახლა OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს.

რუმინელი დეპუტატის იულიან ბულაის კითხვაზე, რომელიც ვალების ჩამოწერას ეხებოდა, ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეს იდეა არჩევნებამდე არსებობდა და 2018 წლის დასაწყისში გაჟღერდა, როდესაც ის ფინანსთა მინისტრი იყო.

„ეს ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა და მან ჩვენ ეკონომიკას სისტემური რისკი შეუქმნა… გარწმუნებთ, რომ ამ პროექტს არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შვედმა დეპუტატმა ბორიანა აბერგმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით დასვა კითხვა. ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. „მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ია კერზაიას ოჯახს, მაგრამ ამავე დროს, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს“, – განაცხადა მან.

ავსტრიელი დეპუტატის სტეფან შენახის კითხვაზე, რომელიც 2017 წლის მაისში საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის გატაცებას ეხებოდა, ბახტაძემ უპასუხა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რომ ის საკუთარ შეფასებას პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

დეპუტატმა სლოვენიიდან, ვიოლეტა ტომიჩმა ბახტაძეს მთავრობის მიერ ლგბტ თემის უფლებების დაცვის, ასევე იმ საფრთხეების შესახებ ჰკითხა, რომელთაც ამ ადამიანებს ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტები უქმნიან.

პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის გადაწყვეტილება ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით „დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო“. რაც შეეხება ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი ჯგუფები მარგინალიზებულნი არიან და რომ მათი პოვნა „ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი“.

ბახტაძეს „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ ზეწოლის შესახებ გაჟღერებული ბრალდებების შესახებ, ასევე მმართველი პარტიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმების შესახებაც ჰკითხეს, თუმცა პრემიერ-მინისტრმა პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს და მთავრობის მოტივაციაა, რომ „მასთან ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლოს“.

10 აპრილს პრემიერ-მინისტრი PACE-ის პრეზიდენტს ლილიენ მორი პასკიეს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდსაც შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)