ქალაქ თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა ქართული ოცნების უმრავლესობა დატოვეს. აღნიშნულის შესახებ მათ საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საზოგადოება „ფასეულობების გადახედვის უხეშ მცდელობას“ ადევნებს თვალს და მისთვის „კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა“.
„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა, მურუსიძე, ჩინჩალაძე, ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება, პრინციპული და ღირსეული ადამიანების მრავალწლიანი უთანასწორო ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება, მათი დაკნინების და ნაცებად სახელდების მცდელობა“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, „სააკაშვილ-ადეიშვილების ჯალათების უხეში „გაპრავება“ კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებთან და იმ დაპირებებთან, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაიცა“. შაქარიშვილის განმარტებით, სწორედ ამიტომ, ის ქართული ოცნების უმრავლესობას ტოვებს და 13 აპრილს ფილარმონიაში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ მიერ დაგეგმილ შეკრებას უერთდება.
ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ისე სვამს საკითხს, რომ თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი და ყველა დანარჩენი, ვინც სანდრო გირგვლიანის უფლებებს იცავდა, არის „ნაცების წისქვილზე წყლის დამსხმელი“, მისთვის მიუღებელია.
„სწორედ სანდრო გირგვლიანის თემით, 7 ნოემბრის თემით მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და ამ ისტორიის წაშლა მიმდინარეობს. მიმდინარეობს, რომ თითქოს ისტორია დაიწყო 2012 წლიდან“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისივე თქმით, იყო მოლოდინი, რომ, შესაძლოა, ხელისუფლებას კიდევ ჰქონდა რაიმე რესურსი, გაკეთდებოდა სწორი ანალიზი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. „ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება და 13-ში ორ საათზე ფილარმონიაში აუცილებლად ვუერთდებით „დაიცავი საქართველოს“ ღონისძიებას“, – განმარტა ჯიშკარიანმა.
ქართულ ოცნებას თბილსის საკრებულოში სულ 37 დეპუტატი დარჩა, მათგან 15 პროპორციული სიით, 22 მაჟოროტარული წესით არჩეული. კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2018 წლის თებერვალში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)