Site icon Civil.ge

დამოუკიდებლობის ერთი წელიწადი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრები მოქალაქეებს ულოცავენ დამოუკიდებლობის დღეს. 1919 წლის 26 მაისი. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წელი, 26 მაისი, N 144.

            26 მაისი – საქართველოს მტრებისთვის და ორგულთათვის გულის მომკვლელი დღეა. ყველა მტერს შავათ ახსოვს ეს დღე. ყველა მათთვის იგი არა სასიამოვნო მოგონებათ გადაიქცა. თავს დაგვჩხაოდნენ და გაჰკიოდენ ჩვენს ვითომდა ღალატზე, ჩვენს უსუსურობაზე. გვემუქრებოდნენ და გვიქადოდენ დაღუპვას. წინასწარმეტყველებდნენ, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას და თავისუფლებას ჩვენ ვერ შევსძლებთ, ქვეყანას ჩვენ ვერ გავუძღვებით და სხვის თვალში შემყურეთ და მოლაქუცეთ გადავიქცეოდით. გაიძახოდნენ ამას ჩვენი მტრები, კვერს უკრავდნენ და უდასტურებდნენ ამას ჩვენი ორგულნი. მაგრამ შესცდა ყველა. გაუცრუვდა იმედი ყველას.

            და მზიანმა საქართველომ ყველას დაანახა თავისი ნიჭი, თავისი უნარი:

            ნიჭი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა, უნარი ბრძოლისა.

            გასული ეს ერთი წელიწადი საუკუნეს უდრის თავის შინაარსით და სიმწვავით; ელვისებური თავბრუდამხვევი სისწრაფით ერთი მოვლენა მეორეს სცვლიდა და ითხოვდა შესაფერის პასუხს: გასალკლდევებული ნებით, გაკაჟებული ენერგიით საქართველო ყველას პასუხს აძლევდა: მტკიცეთ იდგა იგი თავისუფლების პოსტზე და იგერიებდა გარედან და შიგნიდან მოსულ მტერს: ბრძოლა თავდაცვისათვის, ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისათვის – ეს დიადი ბრძოლა იყო და ამ ბრძოლით ხასიათდება გასული წელიწადი. 26 მაისიდან 26 მაისამდე არ შეჩერებულა ქართველი ხალხის ხელი, არ შეწყვეტილა მძიმე ბრძოლა, და თამამათ შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ამ ბრძოლიდან საქართველო გამარჯვებული გამოდიოდა და გამარჯვებას აგვირგვინებდა მომხიბლელი იდეალი: სამშობლოს თავისუფლება, თავისუფლების დაცვა, რევოლუციის განმტკიცება. უჩვეულო სასტიკ პირობებში სწარმოებდა ეს ბრძოლა. იარაღით ხელში გვიხდებოდა მტერთან გამკლავება, სისხლით ირწყვებოდა თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს დაუდგრომელი სახელმწიფოებრივი მუშაობით მტკიცდებოდა და მკვიდრდებოდა იგი, ერთი წამითაც არ შეწყვეტილა სახელმწიფოებრივი მუშაობა. და თუ ყურადღებას მივაქცევთ იმ საშინელ პირობებს, რომელშიც საქართველოს უხდებოდა ამ მუშაობის გაწევა, ნათელი გახდებოდა ამ მუშაობის გაწევა, ნათელი გახდება იმ უნარის სიდიადე, რომელიც საქართველოს ხალხმა გამოიჩინა. ანგრეული – დაშლილი, გაპარტახებული ცხოვრება, ომის მიერ გამწვავებული, განადგურებული მდგომარეობა – და ამ დროს სახელმწიფოს შენება, სახელმწიფოებრივი მუშაობა,  – პირდაპირ წარმოუდგენელი ნიჭი და ენერგია ჰქონდა საქართველოს, რომ ასეთ ჯოჯოხეთურ პირობებში მართლა თავი არ მოეკლა და თავისუფლება არ დაეკარგა.

            მაგრამ დღეს ერთი წელიწადი უკვე შესრულდა და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს რესპუბლიკა კვლავ მტკიცეთ სდგას თავისუფლების სადარაჯოზე და კვლავ ფრიალებს თავისუფლების კვარცხლბეკზე თავისუფლების დროშა. და ამიტომ გვმართებს ზეიმი: გადახედეთ ყოფილ რუსეთის ერებს, შეადარეთ მათი მდგომარეობა ჩვენსას და თქვენთვის ნათელი იქნება, თუ რამდენათ გაიმარჯვა საქართველოს დემოკრატიამ. საქართველო ოაზისიაო, სთქვეს – და ეს მღაღადებელი ფაქტია. ამიტომ დღეს, ამ ბრწყინვალე დღეს გვმართებს ზეიმი. ეს ზეიმი გამარჯვების სიმბოლოა, ეს ზეიმი ჩვენი ქვეყნის ძლევა-მოსილების ნიშანია.

            ქართველმა ხალხმა თამამათ შესძლო ანარქიის მოწყვეტა და მოშორება, ქართველმა ხალხმა შესძლო გამორშემორტყმულ მტრების შეჩერება, ქართველმა ხალხმა შესძლო კანონმდებლობითი მუშაობა.

            და ყველაფერი ეს მიმართულია დემოკრატიზმის განმტკიცებისაკენ, რადგან დემოკრატიზმია ის ერთად ერთი გზა, რომელზეც ბრწყინვალე მომავლისკენ მიმავალმა უნდა გაიაროს და საითკენაც საქართველო ისწრაფვის.