„საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 4 ივნისი, N120.
ბევრი მოვალეობანი აწევს დღეს ვალად ჩვენს დემოკრატიას.
ერთი ამათგანია თავისუფლებისთვის ბრძოლაში გმირულად დახოცილ და ფრონტზე მყოფ ამხანაგ გვარდიელების ცოლ-შვილის პატრონობა, დახმარება.
გვარდიელები ათასგვარ გაჭირვებას განიცდიან ფრონტზე, სახლში კი მათი ცოლ-შვილი გაჭირვებაში არიან.
მართალია ჩვენმა პარლამენტმა დიდი ხანია რაც დაადგინა, რომ ომში დახოცილ მეომართა ოჯახები სახელმწიფომ უზრუნველყოსო, მაგრამ, სამწუხაროთ, ეს კანონ-პროექტი ჯერ კიდევ ვერ გატარდა ცხოვრებაში…
გაითვალისწინა რა ეს თბილისის პირველი რაიონის სოციალ-დემოკრატიულმა კოლექტივმა აირჩია ეგრედ წოდებული დამხმარე კომისია. ამ კომისიას შეუერთდა პირველი რაიონის გვარდიის შტაბის კომისიაც. და ამ შეერთებულმა კომისიამ, რომელშიაც ჯერ-ჯერობით შედიან: კ. მაჭარაძე, პ. ხურცილავა, გ. ნინუა, ფ. ახობაძე, ი. მამაცაშვილი და ს. დოლიძე – უნდა ყოველივე ზომები მიიღოს და დახოცილ თუ ამ ჟამად ფრონტზე მყოფ ამხანაგების ცოლ-შვილს დახმარება აღმოუჩინოს.
კომისია იმედოვნებს, რომ მასზე დავალებულ ამ უსაჭიროესს და აუცილებელ სამუშაო განზრახვებს დიდის თანაგრძნობით შეხვდება მთელი საზოგადოება და ხელს შეუწყობს ამ კეთილ საქმის განხორციელებაში.
ყველა ჩვენთაგანი, ფიქრობს კომისია, ვალდებულებათ უნდა ვრაცხავდეთ ჩვენს თავს მივიღოთ მონაწილეობა თავისუფლების დაცვის ბრძოლაში.
ხოლო ვისაც არ შეგვწევს უნარი და ძალ-ღონე ფრონტზე ბრძოლისთვის – ერთი დაგვრჩენია – ზნეობრივი მოვალეობა, ზურგი გავუმაგროთ ჩვენ თავდადებულ მებრძოლ ძმებს და დავარწმუნოთ, რომ ჩვენც რითაც კი შეგვიძლია ვეხმარებით და სულით და გულით მათთან ვართ.
ეს დახმარება, ეს მათთან ყოფნა განხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ მათ ცოლ-შვილს არ დავივიწყებთ და ამ მებრძოლ ამხანაგებთანაც კავშირს გავაბამთ. ჩვენი მუშაობა ჯერ-ჯერობით განისაზღვრება პირველი რაიონით, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სხვა რაიონიც ჩვენსავით მოჰკიდებენ ამ საქმეს ხელს და ამასობაში ალბათ ჩვენი მთავრობაც შესძლებს განახორციელოს ერთი უსაჭიროესი და პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონ-პროექტი დახოცილ მეომართა ცოლ-შვილის დასახმარებლათ.
დღეს-დღეისობით – კი კომისია იწყებს ფულის მოგროვებას და პირველ ყოვლისა უნდა მიაწოდოს ნივთიერი დახმარება ისეთ ქვრივ-ობლებს, რომელნიც უკიდურესს ნივთიერ მდგომაროებაში არიან. ამ მიზნით ამ მოკლე ხანში გაიმართება დიდი სეირნობა-წარმოდგენა-კონცერტები მუშტაიდის დემოკრატიულ კლუბში, ნაძალადევის თეატრში და სხვაგანაც…
მიიღება შემოწირულობა ფულად თუ ნივთებით პირველი რაიონის კოლექტივის ბინაზე…
კომისია სთხოვს როგორც დახოცილ, აგრეტვე ფრონტზე მყოფ ამხანაგ გვარდიელების ცოლ-შვილთ მოგვაწოდონ თავიანთი მისამართი და ნივთიერი მდგომარეობის ამბავი – პირველი რაიონის კოლექტივის ბინაზე – ნაძალადევის თეატრში.
პირველი რაიონის დამხმარე კომისიის კრებაა ყოველ კვირას დილით რვა საათზე ნაძალადევის თეატრში.
დამხმარე კომისია
ვთხოვთ ყველა გაზეთებს ეს წერილი გადაბეჭდონ.