Site icon Civil.ge

ოსეთის ეროვნული საბჭო საქართველოს მთავრობას „ეურჩება“

4 ქართველი და 9 ოსი მამაკაცი ერთად. ფოტო გადაღებულია ოზურგეთში დიმიტრი ერმაკოვის მიერ. დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

„ერთობა“, 1919 წლის 9 აპრილი, N79

ოსეთის ეროვნული საბჭო

ეროვნული საბჭოები რუსეთის დიდი რევოლიუციის დროს წარმოიშვა. ჩვენში ეს საბჭოები განსაკუთრებით იმ დროს გაჩნდნენ, როცა საერთო რევოლიუციონური ფრონტი შესუსტდა. ეს მოხდა ბალშევიკურ გადატრიალების შემდეგ.

არც ერთს ეროვნულ საბჭოს არ მიუთვისებია სახელმწიფოებრივი საქმეები, თუმცა ამის საშუალება თითოეულ მათგანს ჰქონდა: იმ დროს ამიერ-კავკასიაში არ არსებობდა უდავო ავტორიტეტით შემოსილი, ყველასგან ცნობილი მთავრობა.

დღეს სულ სხვა მდგომარეობაა ჩვენში. 26 მაისის აქტით საქართველო გამოცხადებულ იქნა სრულუფლებიან, დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკათ, რომლის მოწყობის საქმეს მეთაურობდა პარლამენტი და მის წინაშე პასუხისმგებელი მთავრობა. და თუ ვისმეს თვალში სრულუფლებიანი ორგანო არ იყო ეს პარლამენტი, დღეს ჩვენ გვაქვს საყოველთაო ხმის მიცემით არჩეული დამფუძნებელი კრება, რომლის ძლევამოსილება და კანონიერება ყოველ ეჭვს გარეშეა.

ასეთს პირობებში ეროვნულ საბჭოების არსებობა დასაშვებია მხოლოდ კანონის მიერ დებადართულ საზღვრებში და ამ საბჭოებს შეუძლია მხოლოდ კულტურულ-განმანათლებელ საქმეების კეთება. რაც შეეხება უფრო ფართე უფლებებს – ეს კანონით უნდა იყოს მინიჭებული. ასეთი კანონი დებულება პარლამენტის მიერ მიეცა, როგორც ვიცით, აფხაზეთს, რომელმაც აღნიშულ დებულების თანახმად აირჩია თავისი ეროვნული საბჭო.

როგორ იქცევა სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო?

ჩვენ გვაქვს საკმაო ცნობები იმისი, რომ ეს საბჭო რაღაც გაუგებარ ოპოზიციას აწარმოებს ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ და ეს ოპოზიცია ხშირათ ურჩობამდე მიდის. ამ საბჭოს გავლენით ოსების რამდენიმე სოფელმა მონაწილეობა არ მიიღო არც გორის სამაზრო ერობის და არც დამფუძნებელ კრების არჩევნებში. და მისი გავლენა რომ ძლიერი ყოფილიყო, ეჭვი არ არის, მთელი ოსეთი ჩამოშორებული გვეყოლებოდა.

სამწუხაროთ, ის ხალხი, რომელიც ოსეთის ეროვ. საბჭ. თავმოყრილი და ოსეთის ხალხის წინაღმძღოლობას ჩემულობს, ანგარიშს არ უწევს იმ გარემოებას. რომ საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და არც ერთი ერის უფლებების შეზღუდვას არ ცდილობს. და ჩვენ არ გვესმის, რამ შეუშალა ხელი ოსეთის ეროვნულ საბჭოს მონაწილეობა მიიღოს ერობის და დამფუძნებელ კრების არჩევნებში და იქ თავის წარმომადგენლების პირით წამოეყენებიოს ესა თუ ის მოთხოვნილებები?

ამის ნაცვლათ ოსეთის ერონულ საბჭოს 31 მარტის სხდომაზე დაუდგენია მოახდინოს სამხრეთ ოსეთის ახალ ეროვნულ საბჭოს არჩევნები, რისთვისაც იწვევს ყველა პარტიებს 12 აპრილამდე წარადგინონ სადეპუტატო კანდიდატთა სიები. საბჭო უნდა გაიხსნას არაუგვიანეს პირველი თიბათვისა. რა საქმე ექნება გასაკეთებელი ამ ახალ საბჭოს, ამაზე დადგენილება არა ამბობს.

ამის გამო ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი დემოკრატიის საყურადღებოთ არ განვაცხადოთ, რომ საჭიროა დიდი სიფრთხილე,  რომ რაიმე არა სასურველი ნაბიჯი არ იქნას გადადგმული. თითონ ის ფაქტი, რომ არსებული ეროვნული საბჭო ახალ არჩევნების დღეს აცხადებს მთავრობისა [და] დამფუძნებელ კრების დაუკითხავათ თავის თავათ მრავალმეტყველია. განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა აწევთ ხალხის წინაშე ოს მუშებს და ოს სოციალდემოკრატებს: ეს უკანასკნელები, როგორც ვიცით, გამოვიდნენ ეროვნულ საბჭოდან, როცა მისი უკანონო გზით სიარული გაითვალისწინეს და ამგვარათ საბჭოს უკანტროლო მოქმედების საშუალება გაუადვილეს. საჭიეოა ეს გზა უკუაგდონ ოსმა სოციალდემოკრატებმა. მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ ამ არჩევნებში უკეთუ მოხდება და აუხსნან ხალხს ის საშინელი შედეგები, რომლის გამოწვევა შეუძლია უპასუხისმგებლო ავანტიურისტების მოქმედებას.