საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13-14 აპრილს, სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდა, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობას და მეწარმეებს შეხვდა. 14 აპრილს, მან ახალქალაქში დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაენა „მთავარი კარია სახელმწიფოს გაძლიერების, კულტურის, ურთიერთობებისა და პატივისცემის“.
პრეზიდენტმა რეგიონში სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ „ქართული ენის ცოდნით შეიარაღებულ მოქალაქეებს შეუძლიათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის ცხოვრებაში და მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში“. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა ადგილობრივებს ქართული ენის შესწავლისკენ მოუწოდა.
„დიდი სურვილი მაქვს, რომ თქვენ და თქვენი შვილები გახდეთ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები, ამიტომ არის, რომ მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისათვის, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი ყოფილიყო ყველასათვის… დღეს, უკვე ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს, აღადგინოს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, თქვენც გადადგან ერთი ნაბიჯი, ისწავლოთ სახელმწიფო ენა, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ გინდათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა“, – მიმართა მან ადგილობრივებს.
პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო არაფერს დაიშურებს იმისთვის, რომ ქართული ენა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ამ კონტექსტში მან ყურადღება რეგიონში ქართულენოვანი ბაგა-ბაღების არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მე დღეს, ახალქალაქიდან ხმამაღლა უნდა ვთქვა – აუცილებელია, რომ უახლოეს მომავალში ახალქალაქში გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)