საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 15 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ბუქარესტს სტუმრობდა, სადაც თავის რუმინელ კოლეგას, ვიორიკა დენჩილას შეხვდა და ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რუმინეთი საქართველოს „გამორჩეულ პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა“ და რომ ორ ქვეყანას „განსაკუთრებული ურთიერთობები“ აკავშირებს.
ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის პოლიტიკური დიალოგი „დღეს უმაღლეს დონეზეა“, თუმცა იქვე დასძინა, რომ ორმა ქვეყანამ შავი ზღვის რეგიონში არსებული ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი ბოლომდე უნდა გამოიყენოს.
„შავი ზღვა გვიქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მეტი როლი ვითამაშოთ არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, არამედ სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაში“, – განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება შეუძლებელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს და რუმინეთის პორტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას გაუსვა ხაზი, განსაკუთრებით „იმ ფონზე, როდესაც საქართველოში შენდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს“.
თავის გამოსვლაში რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიორიკა დენჩილამ განაცხადა, რომ საქართველო რუმინეთის „მეგობარი და პარტნიორი“ მომავალშიც იქნება. მან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუმინეთის მთავრობის „მტკიცე მხარდაჭერა“ გამოხატა.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ორივე ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და რომ საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას „არსებითი მნიშვნელობა აქვს მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“. მან ასევე აღნიშნა, რომ რუმინეთის მთავრობა კვლავაც შეუწყობს ხელს ორმხრივ ურთიერთობებს ბიზნესის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)