კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი, რომელიც 16-18 აპრილს საქართველოს სტუმრობს, დღეს მის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და მასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელა.
შეხვედრის შემდეგ, ავლაბრის ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციაში ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 27 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების მანძილზე, ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში, რითაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში „ახალი ეტაპი“ იწყება.
ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტის „ისტორიული“ უწოდა და განაცხადა, რომ მასთან შეხვედრა დიპლომატიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას მიეძღვნა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ორ ქვეყანას „ზრდის დიდი პოტენციალი“ აქვს, არა მხოლოდ ტურიზმში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც, მათ შორის, ტექნოლოგიების დარგში.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, პრეზიდენტებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფება, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პერსპექტივებიც განიხილეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)