გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა და მის ნაცვლად ამ პოსტზე მისივე მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნა. შესაბამისი ბრძანებები პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 18 აპრილს გამოსცა.
გიორგი ქობულიამ მინისტრის პორტფელი 2018 წლის ივლისში ჩაიბარა. ის მთავრობაში ახალ პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად მოვიდა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვალა. მინისტრად დანიშვნამდე გიორგი ქობულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზის“ მოსკოვის ოფისის უფროსი პარტნიორი იყო.
ქობულიას გადაყენების შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, თუმცა თავად უკვე ყოფილი მინისტრი აღნიშნულს არ ადასტურებდა და ამბობდა, რომ ის მინისტრის პოსტზე რჩებოდა.
რა გახდა ქობულიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა დღეს მედიასთან საუბარში მხოლოდ ის განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღება გიორგი ქობულიასთან, ნათია თურნავასთან და უმრავლესობის ლიდერებთადნ კონსულტაციის შედეგად მოხდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თანამდებობიდან წასვლა იყო თუ არა თავად ქობულიას სურვილი, კახიშვილმა უპასუხა: „როდესაც მე ვსაუბრობ იმაზე, რომ კონსულტაციის შედეგად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსულტაციის შედეგად გადაწყდა. სხვა განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ, მთავრობის სხდომამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გააკეთებს“, – აღნიშნა მან.
ის, რომ რამდენიმე მინისტრთან კითხვები არსებობდა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ 9 აპრილს მიცემულ ინტერვიუშიც აღნიშნა. თუმცა, მაშინ მან კონკრეტული მინისტრების ვინაობა არ დაასახელა.
ვინ არის ნათია თურნავა?
ნათია თურნავას ეკონომიკისა და მდგრადი განვთიარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის სექტემბრიდან ეკავა. მანამდე ის, ხუთი წლის განმავლობაში, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.
უფრო ადრე, 2000-2005 წლებში, თურნავა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა, 2005 წლის მაისიდან-სექტემბრამდე ის პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო. შემდეგ მან კვლავ ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლა. 2006-2013 წლებში კი თურნავა შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ (GIG) დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)