აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ 19 აპრილს გამართულ სხდომაზე თანამდებობიდან გადააყენა. დირექტორის გადაყენებას, ფარული კენჭისყრით მხარი საბჭოს 5 წევრიდან 4-მა დაუჭირა, ერთი კი – წინააღმდეგი წავიდა. აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე ნათია ზოიძე შეასრულებს. ახალი დირექტორის შესარჩევად მაუწყებელმა კონკურსი 10 დღეში უნდა გამოაცხადოს.
რა ხდებოდა საბჭოს სხდომაზე?
გადაწყვეტილების მიღებამდე მრჩეველთა საბჭოს საჯარო სხდომა გაიმართა, რომელიც დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა. სხდომაზე, რომელსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, უკვე ყოფილი დირექტორის გაწეული საქმიანობის შესახებ მოხსენებას მოუსმინეს. საკუთარ პრეტენზიებზე მრჩეველთა საბჭოს იმ წევრებმაც ისაუბრეს, რომლებმაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს.
გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე მას პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობას, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას, ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით არსებულ ხარვეზებს და არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე რეიტინგული გადაცემების დახურვას და მაუწყებლის „განახევრებულ“ რეიტინგს ედავებოდნენ.
მათი განმარტებით, აღნიშნული პრობლემები წლების განმავლობაში გროვდებოდა და ეს საბჭოს თითოეული წევრისთვის კარგად იყო ცნობილი და მათ შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. მათივე შეფასებით, „ის აჟიოტაჟი, თითქოს აქ რაღაც ტიპის შეტევაა სიტყვის თავისუფლებაზე არის სრულიად ზედმეტი და სარედაქციო პოლიტიკას და სიტყვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“.
სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ბეჟან გობაძემ პროცესს „მართული“ უწოდა და განაცხადა, რომ მაუწყებელში პრობლემების არსებობის შემთხვევაში, ჯერ დირექტორისთვის უნდა ეცნობებინათ და მისი იმპიჩმენტის საკითხი მხოლოდ საკითხის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში უნდა დაეყენებინათ.
ნათია კაპანაძემ მის მიმართ წაყენებულ პრეტენზიების საპასუხოდ განმარტა, რომ მას აქვს დოკუმენტები, რომლითაც შეუძლია, რომ პრეტენზიებს „დეტალებში მიჰყვეს“. მისივე თქმით, მაუწყებლის განვითარება არის პროცესი და “შეუძლებელია ერთ დღეში დავიწყოთ პროგრამული პრიორიტეტების შესრულება”. მისივე განმარტებით, დოკუმენტები, რომელიც პრიორიტეტების, ასევე ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს ეხება, ხელმისაწვდომია და ის მზად არის, რომ საკითხი ყველა დაინტერესებულ მხარესთან განიხილოს.
„მე ვმუშაობდი და ვმუშაობ კანონის მოთხოვნებიდან და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ.
სხდომის შემდგომი შეფასებები
აჭარის მაუწყებლის უკვე ყოფილმა დირექტორმა კომენტარი სხდომის დასრულების შემდეგაც გააკეთა და განაცხადა, რომ „პროცესი არ იყო შემთხვევით“ და ის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
„რა თქმა უნდა, პროცესი არ იყო შემთხვევით, თუმცა შედეგიდან გამომდინარე ხვდებით, რომ სარედაქციო პოლიტიკა, ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს“, – აღნიშნა მან.
მედიასთან კომენტარი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ რუსუდან იმედაიშვილმაც გააკეთა და განმარტა, რომ მაუწყებელში „პრობლემები არსებობდა“ და მისი დროული მოგვარება იყო საჭირო.
თანამშრომლების პრეტენზიები კაპანაძის მიმართ
18 აპრილს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ნათია კაპანაძე ტელევიზიას „ხარვეზებით მართავს“ და ის „ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას“ იღებს.
ბრიფინგზე თანამშრომლებმა საზოგადოებას იმ წერილის შინაარსიც გააცნეს, რომლითაც მათ 17 აპრილს მრჩეველთა საბჭოს ნათია კაპანაძის წინააღმდეგ მიმართეს, რომელშიც უკვე ყოფილი დირექტორის მიმართ თანამშრომლების მხრიდან არსებულ პრეტენზიებზე იყო საუბარი. წერილს ხელი აჭარის მაუწყებლის 103 თანამშრომელმა მოაწერა. ხელმომწერები აჭარის მაუწყებლის მიერ 12 აპრილს გამოქვეყნებულ წერილსაც გაემიჯნნენ, სადაც ნათქვამი იყო, რომ მაუწყებლის დირექტორის უნდობლობის საკითხი საფრთხეს სიტყვის თავისუფლებას უქმნიდა.
ბრიფინგს ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი თანამშრომლების ნაწილიც ესწრებოდა, რომელთა განცხადებითაც, დირექტორის მხრიდან მათი განთავისუფლება „უკანონოდ“ მოხდა. 103 თანამშრომლის განწყობა არ გაიზიარა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების ნაწილმა.
19 აპრილს აჭარის ტელევიზიის 13 ოპერატორი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა. ოპერატორების განცხადებით, მათი მოთხოვნის შესახებ ტელევიზიის დირექტორი და საბჭოს წევრები ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია, რის გამოც მათ საპროტესტო აქციის გამართვა გადაწყვიტეს.
ამბის პრეისტორია
ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, პარტია ქართული ოცნების კვოტით არჩეულმა გიგა ჩხარტიშვილმა და ნაციონალური მოძრაობის კვოტით არჩეულმა ირაკლი დარცმელიძემ 10 აპრილს დააყენეს და მრჩეველთა საბჭოს შესაბამისი წერილით მიმართეს.
იმპიჩმენტის საკითხს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და ეს პროცესი „მკვეთრად უარყოფითად“ შეაფასეს. თემას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ისინი აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებოდნენ.
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად მრჩეველთა საბჭომ სამი წლის ვადით 2016 წლის ოქტომბერში აირჩია. მას უფლებამოსილება რამდენიმე თვეში ეწურებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)