Site icon Civil.ge

თბილისი აფხაზეთში სამხედრო წვრთნების დაწყებას გმობს

ქართული მხარე გმობს აფხაზეთში რუსი და აფხაზი სამხედროების ერთობლივი წვრთნების დაწყებას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული მხარე შეშფოთებულია რუსეთის მხრიდან „მზარდი მილიტარიზაციით“, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული წვრთნებია.

კობახიძე საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და განმარტავს, რომ „გაგრძელდება კონსულტაციები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ პრობლემები, რაც დაკავშირებულია მილიტარიზაციასთან“.

აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებს რუსეთის მხრიდან „ძალის დემონსტრირების პოლიტიკად“ და „კუნთების თამაშად“ აფასებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.

მისი განმარტებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული წვრთნები იმის მანიშნებელია, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი „სამხედრო პოლიგონად“ არის ქცეული.

ამასთან, ციხელაშვილის შეფასებით, „ეს არის რუსეთის პოლიტიკა საქართველოს ნებისმიერ წინსვლაზე, ნაბიჯზე, რომელიც უკავშირდება მისი უსაფრთხოების განმტკიცებას, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, ნატოსთან დაახლოებას, [რომელიც] არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთში ერთობლივი წვრთნები 23 აპრილს დაიწყო და ის ერთ კვირას გაგრძელდება. წვრთნებში მონაწილეობას 3 000 სამხედრო და 400 ერთეული ტექნიკა იღებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო სწავლების პრაქტიკული ქმედებების ეტაპზე მონაწილეობას სამხედრო საჰაერო ძალების მე-4 არმიის შემადგენლობა და შავი ზღვის ფლოტის გემებიც მიიღებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)