Site icon Civil.ge

საბურთალოელები ტრამვაის, დენს, ტროტუარებს, დაწყებით სკოლას და წყალსადენს მოითხოვენ

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 22 ივლისი , N160.

საბურთალოს მცხოვრებლებმა ტფილისის ქალაქის გამგეობას წარუდგინეს განცხადება, რომელშიაც ჩანს, რომ ქალაქის თვითმმართველობა ნაკლებად იჩენს მზრუნველობას საბურთალოს მცხოვრებისადმი და შუამდგომლობენ: ოლღას ქუჩიდან ტრამვაი გაგრძელებულ იქნეს რესტორან „დარიალამდე“, გაიყვანონ ელექტრონის განათება, მთავარი ქუჩის ორივე მხარეს სახლის პატრონების ხარჯზე გააკეთონ ტროტუარი, ააგონ წყალსადენი, მოაწყონ პირველ დაწყებითი სკოლა, ყურადღება მიაქციონ საბურთალოს ანტისანიტარულ მდგომარეობას და მოაწესრიგონ საბურთალოეთათვის ხორცის მიწოდების საქმე, რადგან მთელ უბანში ერთი საყასბოც კი არ არის. ქალაქის გამგეობამ განიხილა რა ეს შუამდგომლობა გამგეობის წევრს ი. ბესეიძეს მიანდო საბურთალოში ტრამვაის, ან ვიწრო ლიანდაგიანი რკინის გზის გაყვანის, განათების, წყალსადენის აგების და ტროტუარების მოწყობის მოგების პროექტი და ხარჯთაღრიცხვის შედგენა, ხოლო გამგეობის წევრ გიორგი კონიაშვილს დაევალა საბურთალოში პირველ დაწყებითი სკოლის გახსნის საკითხის გარკვევა.