დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. ამის შესახებ ინფორმაცია მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონ ონიანმა დღეს გაავრცელა და განმარტა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 21 აპრილს ჩაკეტეს.
არქიმანდრიტის განცხადებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა გადაწყვეტილება დავით გარეჯში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის 20 აპრილის ვიზიტის შემდეგ მიიღეს და უკვე მეოთხე დღეა, რაც მომლოცველებსა და ტურისტებს მონასტრის მონახულების საშუალება არ ეძლევათ.
მისივე თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მონასტრისკენ მიმავალი გზის დაკეტვა იმით ახსნეს, რომ მათ სალომე ზურაბიშვილის მონასტერში ასვლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და მათი გაღიზიანებაც სწორედ ამან განაპირობა. თუმცა, არქიმანდრიტი განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს თან აზერბაიჯანული მხარის სამი წარმომადგენელიც ახლდა და ეს მხოლოდ საბაბი იყო.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყების წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, „აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა“. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა აზერბაიჯანელ კოლეგებს უკვე მიმართეს და საკითხის გადაწყვეტაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, რომ თავი შევიკავოთ რაიმე ემოციური ქმედებებისგან ან განცხადებებისგან“, – აღნიშნა კონსტანტინიდისმა და იქვე დასძინა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის 2/3 შეთანხმებულია, დარჩენილი 1/3-ზე კი მუშაობა გრძელდება.
მისივე თქმით, საზღვრის დემარკაციის კუთხით სამუშაოები დროებით იმის გათვალისწინებით შეჩერდა, რომ ქართული და აზერბაიჯანული მხარეების მხრიდან შესაბამისი კომისიების განახლება უნდა მოხდეს და „როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“.
დღესვე, დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით განმარტება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ამ დროისთვის სიტუაცია მოგვარებულია“ და მისი ინფორმაციით, „აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას ეს პუნქტები, რომელიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი“.
„ჩვენ მომავალში აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის [პროცესი] რაც დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან იყოს უფრო ინტენსიურად წარმართული“, – ხაზი გაუსვა მინისტრმა.
საკითხს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. დღეს ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ „სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება, განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს“.
მისივე შეფასებით, აღნიშნული ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„აუცილებელია საქართველოსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ კომისიამ განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყნას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს“, – აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
პრეზიდენტი საზღვრის დემარკაციაზე
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციის მნიშვნელობაზე პირველად ყურადღება აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს გაამახვილა. პრეზიდენტმა მაშინ აღნიშნა, რომ ლოგიკური იქნებოდა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, ეს საკითხი საბოლოოდ დაიხუროს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯს 20 აპრილს სტუმრობდა. მან უდაბნოს მონასტერიც მოინახულა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ აუცილებელია, ძეგლის აღდგენა „ძალიან სწრაფად დაიწყოს“. „აუცილებელი არის, რომ ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს“, – განმარტა პრეზიდენტმა.
ჩვენი არქივიდან:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)