სამხედრო შეღავათის აღდგენის შესახებ, სახალხო განათლების მინისტრის მიერ წარდგენილი ამა წლის 16 ივლისს მინისტრთა საბჭოში
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 31 ივლისი, N168.
განათლების სამინისტროს სამოქმედო პროგრამაში თვალსაჩინო ადგილი და სერიოზული ყურადღება დათმობილი აქვს მომავალ 1919-1920 სასწავლო წლიდან მთელს რესპუბლიკაში საყოველთაო სწავლის შემოღებას სასკოლო ჰასაკის (7-11) ყველა ბავშვისთვის, ე. ი. ისეთი პირობის შექმნას, როდესაც არც ერთი წრის, არც ერთი სასკოლო ჰასაკის ბავშვი არ რჩება წერა-კითხვის უცოდინარი, არ რჩება სკოლის გარეშე.
შესაძლებელია ერს ბევრი ჰყავდეს უმაღლესი ცოდნით აღჭურვილი პირი, ბლომად მოეპოვებოდეს სხვა და სხვა დარგის სპეციალისტები, მაგრამ მხოლოდ ის ერია მტკიცე და შეურყეველი დამცველი თავის თავისუფლებათა და ის ხალხი შესძლებს საუკეთესო მერმისის შექმნას, რომელსაც განუხორციელებია საყოველთაო სწავლა, ვინაიდან იგი ამაღლებს ხალხის კულტურულ გონებრივ დონეს და ჰქმნის ისეთ ფაქტორს, რომელიც საუკეთესო საწინდარია ერის ყოველმხრივი წარმატებისა და აყვავებისათვის.
რეფორმის პირველსავე წელიწადს (1919-1920) უნდა გაიხსნას ასი ახალი სკოლა, ხოლო უკვე არსებულ სკოლებს განზრახულია მიემატოს ახალი კომპლექტები. ამგვარად ამ შემოდგომითვე საჭირო იქნება სამასი ახალი მასწავლებელი. ცხადია ეს საჭიროება წლითი-წლობით, თანდათან, ვიდრე საყოველთაო სავალდებულო სწავლის შემოღება დასრულდება, რაც სამინისტროს ვარაუდით 1924 წელს მოხდება, უმეტესად გაიზრდება: მეორე სასწავლო წელსაც (1920-1921) და შემდეგ წლებშიაც სამინისტრო თანდათანობით გახსნის კიდეც ახალ სკოლებს, ხოლო არსებულ სასწავლებლებში კომპლექტებს გაამრავლებს და ამრიგად საჭიროება ახალ მასწავლებელთა ყოველ წლიურად იქნება, ვიდრე, როგორც აღვნიშნეთ, რეფორმა არ დასრულდება.
ამ დროს განათლების სამინისტროს არ შეუძლია სრულიად დაიმედებული იყოს, რომ დღევანდელი სახალხო მასწავლებლები კვალავაც დარჩებიან თავიანთ სამოღვაწეო ასპარეზზე. არა აქვს სამინისტროს ამის იმედი იმიტომ, რომ მასწავლებლები, თუმცა ჩვენ მხრივ ყველა ზომა იყო და არის ახლაც მიღებული მათი ნივთიერი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, მაინც სხვა მომსახურეებთან შედარებით ქონებრივად აუწერელ მდგომარეობაში იმყოფებიან და ძალიან ხშირად იძულებულნი არიან ისეთ სამსახურში გადავიდნენ, სადაც დიდი ჯამაგირია და მათი ენერგია და ცოდნა უფრო მეტად ფასდება.
ამ არა სასურველ მოვლენას განათლების სამინისტრო სავსებით უწევს ანგარიშს და ამიტომაც იგი აუცილებლად საჭიროდ რაცხავს დაუყონებლივ მიღებულ იქმნას ისეთი ღონისძიებანი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი შეიქმნება მასწავლებლების სახალხო სკოლასთან შედარებით მჭიდრო დაკავშირება, სასწავლებელთან ერთგვარი მიჯაჭვა და მათი არა თუ სკოლებიდან მასსიური ლტოლვის შემცირება, პირიქით, მათი სკოლისკენ მიზიდვა, დახარბება.
ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებათ განათლების სამინისტროს მიაჩნია განსაზღვრული ვადით აღდგენა იმ უპირატესობისა, რომელიც ძველად სახალხო სკოლათა მასწავლებლებს სამხედრო ბეგარის მოხდის დროს ჰქონდათ: მათ ათავისუფლებდენ სამხედრო სამსახურისგან, თუ ისინი განსაზღვრულ დროის განმავლობაში მასწავლებლობას გასწევდენ.
რაკი მასწავლებელთა სიმცირე განსაკუთრებით მწვავე და საგრძნობი იქნება საყოველთაო სავალდებულო სწავლის რეფორმის დასრულებამდე, ამიტომ, განათლების სამინისტროს აზრით, ეს ძველი შეღავათი სახალხო მასწავლებელთათვის უნდა დაკანონდეს დროებით, დაახლოებით 1924-1925 სასწავლო წლის დასრულებამდე.
მოვახსენებ რა ზემო აღნიშნულს, ვშუამდგომლობ მინისტრთა საბჭოს წინაშე, რათა საქართველოს რესპუბლიკის პირველ დაწყებით სასწავლებლის ყველა მასწავლებელი, რომელიც კი ხუთი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იმსახურებს ამ ტიპის სკოლებში გათავისუფლებული იქნას სამხედრო სამსახურისგან.
განათლების მინისტრის ამხანაგი ნოე ცინცაძე
სამინისტროს კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე