Site icon Civil.ge

სახელმწიფო მეურვეობას იღებს თეატრებზე

მარჯანიშვილის თეატრი - სახალხო სახლი

დრამატული საზოგადოებისა და სახალხო სახლისთვის ათ მილიონიან ფონდიდან დახმარების აღმოჩენის შესახებ წარდგენილი მოხსენება სახალხო განათლების მინისტრის მიერ 29 ივლისს მინისტრთა საბჭოში.

„საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 1 აგვისტო, N169.

           ქართულს თეატრს და ქართველ მსახიობებს ჩვენი ეროვნულ გათვითცნობიერების ისტორიაში, როგორც ერთ ერთს კულტურულ ფაქტორს, თვალსაჩინო ადგილი უჭერიათ.

            რევოლუციამდე ჩვენი თეატრი ერთადერთი დაწესებულება იყო, სადაც გაისმოდა მშობლიური, ქართული ენა, სადაც ყველა ქართველი, განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა, ქართულად ფიქრობდა, ქართულად გრძნობდა ეროვნულ კულტურის, საკუთარ „მე“-ს განმტკიცებისათვის თავის ნებას ამახვილებდა, აკაჟებდა.

            საერთოდ თეატრის და კერძოდ ქართულ თეატრის როლი და მნიშვნელობა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მარტო ეროვნულ ინტერესებისადმი სამსახურით არ განისაზღვრებოდა, მისი მოქმედების და ზეგავლენის ასპარეზი ეროვნულზე გაცილებით ფართო და დიდი იყო: ის უეჭველად ემსახურებოდა ზეეროვნულს, საკაცობრიო საქმეს. ის უამრავი ბოროტება და აურაცხელი უსამართლობა და ძალმომრეობა, რომლის არა ერთი კაზმული სურათი უნახავს ქართულს სცენაზე ჩვენს ხალხს. საუკეთესო პროპაგანდა იყო საკაცობრიო იდეალებისა და ხმალზედ უმეტესად მჭრელის იარაღს წარმოადგენდა ქვეყნად გაბატონებულ უსამართლობის დასათრგუნავად.

            და თუ ჩვენმა ხალხმა ამსაერთო არეულობის დროს შესძლო ნორმალურ ცხოვრების შენარჩუნება, რომელიც მას განვითარების და წარმატების გზას ფართოდ უხსნის, ეს სხვათა შორის იმიტომაც არის, რომ ჩვენი თეატრი მეტადრე  დემოკრატიული და ეროვნული პიესების საშუალებით, თავიდანვე საუკეთესო სკოლა იყო ჩვენი დემოკრატიის პოლიტიკურად გაწაფვისა და კლასიურად შეგნებისა.

            თავის თავად ცხადია, რომ თეატრს ეხლაც და შემდეგშიაც ეს პირვანდელი როლი და მნიშვნელობა არ დაეკარგება; პირიქით უფრო გაეზრდება, გაძლიერდება: ის ყოველთვის ხალხის წინმსველობის ერთ-ერთი, აუცილებლად საჭირო ძლიერი ფაქტორია.

            მაგრამ დღევანდელი ყოფა-მდგომარეობა ჩვენის თეატრისა და უახლოეს მსახურთა მსახიობებისა ისეთია, რომ მისი წინსვლა საღ ნიადაგზე დაყენება გაძნელდება, თუ დროზე სათანადო ზომები არ იქმნა მიღებული. თეატრის წრეებში დღეს მჭიდრო ორგანიზაციის და ძალთა გაერთიანების ენერგია თვალსაჩინოდ არის მოდუნებული; ძველი მსახიობნი, რომელიც მთელი თავისის სიცოცხლის განმავლობაში განუწყვეტლივ და თავდადებულათ ემსახურებოდნენ თავის მელპომენას, დღეს დიდსქონებრივ იწროებაში იმყოფებიან, და დაავადებულნი ფაქტიურად ვეღარ ახერხებენ ძველი ხალისით სცენაზე მოღვაწეობას, ხოლო ახლაგაზრდა მსახიობებს, რაკი მათი წინამორბედნი იშვიათად ამშვენებენ სცენას, აკლიათ ის სკოლა და ხელმძღვანელობა, რომელნიც მათი ნიჭის ფართოდ გაშლისა და სწორი განვითარებისათვის აუცილებელივ საჭიროებას წარმოადგენს.

           დღეს-განსაკუთრებით გაჭირვებულ მდგომარეობაშია დრამატიული თეატრი [დღევანდელი რუსთაველის თეატრი – რესპუბლიკა-100-ის შენიშვნა] და სახალხო სახლი [დღევანდელი მარჯანიშვილის თეატრი – რესპუბლიკა-100-ის შენიშვნა], და თუ საჭიროა საერთო ზრუნვა ჩვენში დრამატიულ ხელოვნების გაჯანსაღებისა და აყვავებისათვის, ასეთი მზრუნველობითი ყურადღება უპირველეს ყოვლისა უნდა მიექცეს ეგრეთ-წოდებულს დრამატულ საზოგადოებას, რომელიც ჩვენში დრამას ხელმძღვანელობს, და სახალხო სახლს.

            დრამას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს: შედარებით ოპერასთან ის უფრო, ასე ვთქვათ, დემოკრატიულია, შესათვისებლად ხალხის ფართო წრეებისათვის უფრო ხელმისაწვდომია და, თუ ოპერა მოითხოვს დამსწრე საზოგადოებისგან წინასწარ ესთეთიურ მომზადებას და მუსიკის ცოდნას, დრამა თავის იდეას უფრო ხელშესახებად, უფრო მარტივად ავრცელებს არა მარტო მცოდნეთა ვიწრო წრეში, არამედ ფართო საზოგადოებაშიაც; დრამის ძლიერი სურათი ან განცდა ერთნაირად აღელვებს მცოდნე ინტელიგენტსაც და ნაკლებ მომზადებულ მუშასაც.

            სადრამო ხელოვნების ერთნაირი დემოკრატიზაციისათვის საუკეთესო შუამავალია ეგრეთ წოდებული სახალხო სახლი. აქ რაკი ფასები ნაკლებია, ვიდრე სხვა თეატრებში, განსაკუთრებით ხალისით დაიარება უფრო ჩვენი ფართო საზოგადოება, ჩვენი დემოკრატიული წრეები, რომელთა სიყვარული და ინტერესი საერთოდ ხელოვნებისადმი და კერძოთ თეატრისადმი გაცილებით დიდია ვიდრე ინტელიგენტურ წრეებში: ჩვენი დემოსი მეტის ხალისიანობით და სიამოვნებით ეტანება ქართულ წარმოდგენებს, ვიდრე ნაწილობრივ გადაგვარებული ჩვენი ინტელიგენცია.

            მაგრამ დრამატული საზოგადოებაც და სახალხო სახლიც, როგორც მოვიხსენიეთ, ქონებრივათ მეტად დიდ უმწეობაში არიან და, თუ მათ დროზე ხელი არ გაემართად, ნივთიერი დახმარება ეხლავე არ აღმოეჩინათ, ისე არა თუ მათი ზრდა განვითარება, არსებობაც კი თუნდ დღევანდელი უფერული სახით ძალიან საეჭვოა და საეგებიოა.

            საჭირო იქნება სისტემიური დახმარება, რომელიც სამინისტროს აზრით დრამატიულ საზოგადოებისათვის თვეში თხუთმეტ ათას მანეთს არ უდნა აღემატებოდეს, ხოლო სახალხო სახლისთვის სამი ათასს მანეთს.

            მოვახსენებ რა ყველა ზემოაღნიშნულს ვუშუამდგომლებ მინისტრთა საბჭოს წინაშე, რათა  დრამატიულ საზოგადოებას მიეცეს 10 მილიონიანი ფონდიდან ყოველთვიურ დახმარებათ თხუთმეტი ათასი მანეთი, ხოლო სახალხო სახლს სამი ათასი მანეთი, სულ ორივეს თვეში თვრამეტი ათასი მანეთი.

განათლების მინისტრის ამხანაგი ნოე ცინცაძე

კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე