საერთო სასამართლოების შესახებ უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა 1 მაისის პლენარულ სხდომაზე, 87 ხმით 33-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო.
რედაქციული განხილვა ოპოზიციის კრიტიკის ფონზე წარიმართა. ისინი მმართველ გუნდს რეგლამენტის 116-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას სთავაზობდნენ. ოპოზიციის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებით, კანონმდებლებს საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მხრიდან გამოთქმული რეკომენდაციების შესახებ არსობრივი მსჯელობის შესაძლებლობა მიეცემოდათ.
ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის შეთავაზება არ გაითვალისწინა და კანონპროექტს კენჭი მაინც უყარა. კანონპროექტის წარმდგენის ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია იმ „ღია“ და „გამჭვირვალე“ პროცესის „დისკრედიტაციას“ ცდილობდა, რომელიც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის ყველა პრინციპული რეკომენდაცია გაითვალისწინა.
„ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც პარლამენტის წევრები პოლიტიკური განცხადებებით ზეწოლას და ზემოქმედებას ახდენთ სასამართლო სისტემაზე… ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის აქტიური წევრები არიან ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები“, – განაცხადა მან.
- უზენაესი სასამართლოს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)