Site icon Civil.ge

პრემიერის ინიციატივით გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნა

პრემიერ-მინისტრმა გარემოსდაცვითი ომბუდსმენი წარადგინა, 2 მაისი, 2019, ფოტო: gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივით, გარემოსდაცვითი უფლებების და ინტერესების დაცვის მიზნით, ახალი – გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნა, რომელსაც გარემოს დაცვის ამერიკელი სპეციალისტი დევიდ მორისონი უხელმძღვანელებს. მორისონი საქართველოში 10 წელზე მეტია მუშაობს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბოტანიკურ ბაღში 2 მაისს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და გარემოს დაცვის სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი ინსტიტუტი, რომელიც მეტი ეფექტიანობისთვის, პრემიერს დაქვემდებარებაში იქნება, გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას შეუწყობს ხელს.

„აუცილებელია, ჩვენ გადავდგათ პრინციპული და გაბედული ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო ავამაღლოთ საქართველოში გარემოსდაცვითი სტანდარტები და ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვოთ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა განვითარებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დასძინა, რომ ახალი ინსტიტუტი „იქნება უმნიშვნელოვანესი, რათა დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები“.

პრემიერმა დევიდ მორისონის წარდგენის დროს მის საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი გარემოსდაცვით საზოგადოებაში ცნობილი ადამიანია, რომელიც წლების განმავლობაში კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს ხელმძღვანელობდა.

შეკრებილებს სიტყვით ახლადდანიშნულმა ომბუდსმენმა დევიდ მორისონმაც მიმართა და განაცხადა, რომ მისთვის, როგორც პროფესიით იურისტისთვის, გარემო მისი „კლიენტი“ იქნება და მის ინტერესებს დაიცავს.

პრემიერის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც გარემოსდაცვითი საკითხების განმხილველი სამდივნო ეყოლება. ომბუდსმენი რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. ამასთან, გარემოსდაცვითი ომბუდსმენი მონაწილეობას მიიღებს საჯარო განხილვებში და დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს გაუწევს.

დევიდ მორისონი საქართველოში გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში 2008 წლიდან ჩაერთო. 2008 -2016 წლებში, იგი კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს (CNF) ხელმძღვანელობდა. მორისონი სხვადასხა საერთაოშორისო გარემოსდაცვით პროექტშია ჩართული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)