აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 1 მაისს მოსმენა გამართა, რომელიც მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის მზარდ აგრესიასთან დაპირისპირების გზებს მიეძღვნა. განხილულ საკითხებს შორის ასევე იყო რუსეთის მიერ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
გამომსვლელებს შორის იყვნენ ვიქტორია ნულანდი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, დანიელ ფრიდი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში და გენერალი ჯეკ კინი – აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე.
საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ელიოტ ენჯელმა საქართველო თავის შესავალ სიტყვაში ახსენა. „მსოფლიოს რუკას თუ შეხედავთ, ბევრ ადგილს ვერ იპოვით, სადაც რუსეთი სიტუაციას არ ურევს. საკუთარ საზღვრებზე, რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის უკანონო ოკუპაციამ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობის მიზნით ათწლეულების მანძილზე გაწეული საქმიანობა შეარყია“, – განაცხადა ენჯელმა.
რუსული ოკუპაციის საკითხი კონგრესმენმა ენ ვაგნერმა კითხვა-პასუხის სესიის დროს დააყენა. მისი თქმით, კრემლი „მცოცავი ანექსიის სტრატეგიას იყენებს, რათა ჩუმად მიიტაცოს სულ უფრო მეტი ქართული სუვერენული ტერიტორია“ და გენერალ კინს მოსაზრება ჰკითხა იმიასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.
კითხვის საპასუხოდ, გენერალმა კინმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის დასახმარებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, მათ შორის, 2018 წელს ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდების გზით. მან ასევე აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ რუსული აგრესიის მე-10 წლისთავზე „რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლება“ გამართა.
„ჩვენ მათ ნამდვილად არ უგულვებელვყობთ და ასევე საჭიროდ მიმაჩნია მოვუწოდოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ისევე ჩაერთონ საქართველოსთან ურთიერთობებში, როგორც ჩვენ უკვე დავიწყეთ“, – დასძინა მან.
საკითხზე ვიქტორია ნულანდმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მომდევნო აშშ-ის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობდა, რათა დახმარებოდა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ლიდერებს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში, ასევე ამ ქვეყნების ნაწილში რუსულ მილიტარიზაციასთან დაპირისპირებაში.
„საკითხი ახლა იმაში მდგომარეობს, ამ ქვეყნების იმ ნაწილის გამოკლებით, რომელიც ოკუპირებულია ან უცხოური გავლენის ქვეშ იმყოფება, აკმაყოფილებს თუ არა ქვეყნის დანარჩენი ნაწილი – იქნება ეს საქართველო, მოლდოვა, თუ უკრაინა – იმ უმაღლეს სტანდარტებს, რომლებსაც ნატოს წევრებისგან ვითხოვთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს თითოეულ მათგანთან მუშაობა, რათა ცხადვყოთ, რომ საქმე ეხება არა ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც მათ დაკარგეს, არამედ იმას, არიან, თუ არა ისინი საკმარისად სუფთა, საკმარისად ძლიერი, საკმარისად დემოკრატიული, რათა ჩვენი ოჯახის წევრები გახდნენ“, – დასძინა მან.
კითხვაზე რეგიონში მოსკოვის ზრახვებთან დაკავშირებით, დენიელ ფრიდმა უპასუხა, რომ „რუსეთი ცდილობს, ხელი შეუშალოს ყველა მის უშუალო მეზობელს – საქართველოს და უკრაინას – წარმატებული, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოები გახდნენ, რომლებიც სულ უფრო უახლოვდებიან ევროპას“. „ისინი აწარმოებენ კონფლიქტებს, ქმნიან პრობლემებს საზღვრებზე, იკავებენ ტერიტორიებს“, – დასძინა მან და „ამ ქვეყნებში რეფორმატორების“ დასახმარებლად აშშ-ს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.
საქართველო დანიელ ფრიდის წერილობით ჩვენებაშიც იყო ნახსენები, რომელიც სხდომას წარედგინა. „რუსეთის მიერ თავისი მეზობლის, საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა 2008 წლის აგვისტოში გაფრთხილება იყო, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სრულად ვერ გაითვალისწინა. აშშ-მა და ნატომ მხოლოდ მას შემდეგ გადახედეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ რისკებს, რაც რუსეთი 2014 წელს უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ტერიტორია დაიკავა“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)