„საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 21 აგვისტო, N185.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა საგანგებო რაზმმა სტამბა „ეკონომია“-ში დიდი ვანქ. ქ. N3, რომელიც ეკუთვნის ავაკ მუგდუსის ძე აკოპოვს, აღმოაჩნდა ბოლშევიკური ბროშურები, პროკლამაციები და მოწოდებები ქართულ და რუსულ ენაზე დაახლოებით 5 ფუთი. აღმოჩენილს კონფისკაცია გაუკეთეს და აკოპოვი კი დააპატიმრეს თფილისის მეორე საგუბერნიო ციხეში.
ამავე რაზმის უფროსმა მექი კედიამ დაიჭირა ბორჩალოს მაზრაში და ტფილისის საგუბერნიო ციხეში მოათავსა პანაიტ გიორგის ძე აკრიტოსი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებულ წყობილების წინააღმდეგ აგიტაციას ეწეოდა ბერძენ მცხოვრებთა შორის.
მანვე დააპატიმრა და თფილისის მეორე საგუბერნიო ციხეში მოათავსა: 1. ბენიამინ იონის ძე შაპირო, 2. ევგენი კარლის ძე დიპონენი, 3. ფრანც მარტინის ძე პრადინი, 4. პავლე მაქსიმეს ძე პრიახინი, რომლებიც აგიტაციას ეწეოდნენ მცხოვრებთა შორის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებულ წყობილების წინააღმდეგ.