Site icon Civil.ge

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი თანამდებობიდან გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს

გიორგი ქობულია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, 5 მაისი, 2019, ფოტო: ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ვიდეოდან

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პოსტიდან მისი გათავისუფლების დეტალებზე 5 მაისს ისაუბრა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „Forbes კვირა“-სთან ინტერვიუში ქობულიამ განაცხადა: „რეალური მიზეზი ჩემი წასვლის იყო სწორედ ის, რომ იმ ხედვებში, იმ პრინციპებში, რომლებზეც მე მეგონა, რომ ჩვენ შევთანხმდით დასაწყისში, მერე აღმოვაჩინე, რომ ამაში ჩვენ თანხვედრა არ გვქონდა“.

ქობულიამ დაადასტურა, რომ სანამ მის თანამდებობიდან გათავისუფლებას გადაწყვეტდნენ, ქართული ოცნების ლიდერები მისგან გადადგომას ითხოვდნენ. „იყო თხოვნა, რომ მე წავსულიყავი თანამდებობიდან, მე ეს არ გავაკეთე, იმიტომ, რომ ბოლო მომენტამდე ვინარჩუნებდი იმის იმედს, რომ იმ ხედვებს, რომელიც მე მიმაჩნდა სწორად, მივიტანდი მმართველ გუნდამდე და ამ ხედვებში დავარწმუნებდი მათ“.

კითხვაზე, ვის ესაუბრებოდა ამ საკითხზე, ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა: „პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პარტიის ლიდერთანაც [ბიძინა ივანიშვილთან] გავიარეთ ეს საკმაოდ დეტალურად“.

ქობულიამ იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობდა „კონფლიქტსა“ და „დავაში“ ქართული ოცნების ლიდერებთან, დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ „იყო მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც მე მიმაჩნდა უფრო პოლიტიკურად დატვირთული, ვიდრე შედეგზე ორიენტირებული, მე ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმებოდი და არ ვიღებდი ასეთ გადაწყვეტილებებს“.

„იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამავე დროს პოლიტიკურადაც დამაზიანებელი იყო ჩვენთვის [მმართველი გუნდისთვის] და ასეთი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მიუღებელი იყო ჩემთვის… როგორც იტყვიან, საკუთარ ფეხში ვისროდით… იყო რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც მე მიმაჩნდა სწორად და მართებულად, რომელთა მიღებაც მე მიჭირდა იმიტომ, რომ მე არ მქონდა საკმარისი მხარდაჭერა“, – აღნიშნა ქობულიამ.

ყოფილმა მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მისი განვითარების ტემპი დამაკმაყოფილებელია. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ მშპ-ის 4-5%-იანი ზრდა „ინერციულია“, რომელიც „ძალიან დაბალი საწყისი დონით“ და „ძალიან ლიბერალური კანონმდებლობით“ არის განპირობებული.

„საქართველოს ეკონომიკაში არის ბევრად უფრო დიდი პოტენციალი. იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ პოტენციალს, ჩვენი ძალისხმევის მობილიზაციას განვახორციელებთ, შეგვიძლია 7-დან 9%-მდე, ანუ პრაქტიკულად გავაორმაგოთ ეკონომიკური ზრდა“, – დასძინა მან.

ამისთვის, ყოფილი ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყანამ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა უნდა გაზარდოს, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების ხარისხისა და ტემპის თვალსაზრისით. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ინვესტორების მხარდაჭერის მექანიზმები უნდა გააუმჯობესოს და იმ სექტორებზე გაამახვილოს ყურადღება, სადაც საქართველო კონკურენტული უპირატესობით სარგებლობს. მათ შორისაა მინერალური რესურსები და ენერგოგენერაცია.

გიორგი ქობულია ერთ-ერთი იყო იმ სამ მინისტრს შორის, რომლებიც ახალი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მთავრობაში 2018 წლის ივლისში დაინიშნენ. ქობულია თანამდებობიდან 18 აპრილს გაათავისუფლეს. ის ამ პოსტზე მისმა მოადგილემ, ნათია თურნავამ შეცვალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)