Site icon Civil.ge

საქართველო საერთაშორისო ლოჯისტიკურ სწავლებას „LOGDEV 2019“ მასპინძლობს

ლევან იზორია LOGDEV 2019-ის გახსნის ცერემონიალზე, 6 მაისი, 2019, ფოტო: mod.gov.ge

სამეთაურო-საშტაბო მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება „LOGDEV 2019“ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დღეს ოფიციალურად დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობას 12 ქვეყნის 130 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, მათ შორის, აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია.

ამავე ინფორმაციით, სწავლების მიზანი ნატოს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატოს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე, ქვედანაყოფების ფორმირების, გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევაა.

6 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სწავლების მიზანია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და „ჩვენ შევძლოთ მრავალეროვნულ გარემოში ოპერირება“.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 წარმომადგენელმა, ლოჯისტიკური განვითარების პროგრამის დირექტორმა სტივენ მეტსონმა განაცხადა, რომ მრავალეროვნული, ურთიერთთავსებადი ლოჯისტიკის გაუმჯობესება „ძალიან მნიშვნელოვანია“ იმის ფონზე, რომ მცირდება ბიუჯეტები და იზრდება საერთაშორისი ვალდებულებები.

„უნდა შევძლოთ ჯარების განთავსება, ოპერაციების შენარჩუნება, გადაადგილება, რათა ეს ოპერაციები სათანადოდ ჩატარდეს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველო „შესანიშნავი პარტნიორია როგორც საერთაშორისო ვალდებულების შესრულების, ისე სწავლებების თვალსაზრისით“.

სწავლებას აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 უძღვება და ის ევროპაში აშშ-ის არმიის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარადაჭერით ტარდება. სწავლება 17 მაისს დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)