Site icon Civil.ge

თფილისის პროლეტარიატი სომხეთის მუშებისათვის ფულს აგროვებს

თბილისი. ფოტო ბაჰრუზ ჰუსეინზადეს კოლექციიდან.

„ერთობა“, 4 მაისი, 1919, N96

მუშათა წვლილი

თფილისის მუშები ამ ჟამად ფულებს აგროვებენ იმ მიზნით, რომ დახმარება გაუწიონ სომხეთში მცხოვრებ თავიანთ მოძმეთ.

სოციალ-დემოკრატი მუშები და ს.დ. ორგანიზაციები სომხეთის სოც.დემ. ორგანიზაციებს ეხმარებიან. ამის მაგალითი მოგვცა ამას წინად ტრამვაის სოც. დემ. მუშებმა. ახლა მათს მაგალითს მიბაძა თამბაქოს მუშათა პროფკავშირმა.

„თფილისის თამბაქოს მუშათა კავშირის გამგეობის დადგენილების თანახმად, კავშირის ფონდიდან გადადებულ იქნა 5000 მანეთი სომხეთის რესპუბლიკის მუშათა სოციალისტური გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად.

„კავშირის გამგეობა მოუწოდებს სხვა პროფესიონალურ კავშირებსაც, გადასდონ თავიანთ თანხიდან ფული ზემოთ ხსენებულ მიზნისათვის. ვიღებთ რა მხედველობაში იმ მდგომარეობას, რომ მუშათა პრესა და მუშათა კლასი ნივთიერის მხრით დიდ გაჭირვებას განიცდიან, თფილისის პროლეტარიატი კი დაინტერესებულია მუშათა სოციალისტურ პარტიის გამარჯვებაში ყოველგან, განსაკუთრებით კი სომხეთში და ადერბაიჯანში, სადაც ნაციონალისტური და შოვინისტური ელემენტები დაშნაკელებისა და მუსავატების სახით დღემდე განაგრძობენ ექსპლოატაციას, სარგებლობენ შეუგნებელი მასის ნდობით.

„კავშირის გამგეობა ღრმად დარწმუნებულია, რომ პროლეტარების სხვა კავშირებიც, რომლებიც ინტერნაციონალურ თვალსაზრისზე დგანან, მიბაძავენ თფილისის თამბაქოს მუშათა კავშირის მაგალითს, მხარს დაუჭერენ თავიანთ ამხანაგებს, რომლებიც სომხეთში იბრძვიან მუშათა კლასის იდეალებისათვის და მატერიალურ და ზნეობრივ დახმარებას აღმოუჩენენ მას“.

ვუსურვებთ ჩვენს მუშებს დაწყებული საქმის ღირსეულად დაგვირგვინებას.