13 არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(EMC), „ღია საზოგადოების ფონდის“ და „თეთრი ხმაურის მოძრაობაის“ განცხადებით, ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხზე „თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას თავს არიდებს“.
არასამთავრობოების მიერ ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესის გაჭიანურების შესახებ 14 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული წლის მაისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა ხელისუფლებას საკითხის „რაციონალური და სამართლიანი გადაწყვეტისთვის“ არცერთი სამუშაო ფორმატი არ გამოუყენებია.
„პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების გაურკვეველი ვადით გადადების ფონზე, უპასუხოდ რჩება ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ელოდება“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
განცხადებაში არასამთავრობოებს ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ 2018 წლის პირთა სტატისტიკური მონაცემებიც მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლებრივი დევნა 3 650 პირის მიმართ დაიწყო, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 2 825 პირის მიმართ გამოიტანა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 633 ადამიანს შეეფარდა, პირობითი მსჯავრის ქვეშ კი – 5 000-მდე ადამიანი იმყოფება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება ამნისტიის ან/და შეწყალების ერთჯერადი მექანიზმების გამოყენების თაობაზე, რომელიც „უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული“.
ამ მიზნით, უფლებადამცველები პარლამენტს, პრეზიდენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავენ და შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით, სამუშაო ჯგუფი შექმნას სთავაზობენ, რათა „გატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად“.
მაშინ გახარიას უწყებამ ნარკოპოლიტიკის რეფორმის დაჩქარების პირობაც დადო. თუმცა, ამ მიმართულებით ძირეული ცვლილება ამ დრომდე არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სანქციები არაკონსტიტუციურად ცნო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)