არასამთავრობო ორგანიზაციები – – „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI) ზუგდიდში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატზე სანდრა რულოვსზე „თავდასხმას“ ეხმიანებიან და ხელისუფლებას ინციდენტზე „სათანადო“ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები 14 მაისს „ტელეკომპანია ოდიშის“ მიერ გავრცელებულ კადრებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიას გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში გადაცემა „ლუსტრაციისთვის“ უნდა ჩაეწერა, რა დროსაც ადგილზე რამდენიმე ადამიანი მივიდა, რომელთაც სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს სიტყიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებს და ოპერატორს კი ფიზიკურადაც შეეხნენ. ოდიშის ცნობით, პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა.
„მიგვაჩნია, რომ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი არის პოლიტიკურად მოტივირებული აგრესიის მორიგი გამოვლინება, რომელიც, ერთი მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე, მეორე მხრივ კი, მიუთითებს არასტაბილურობის საშიშროებაზე და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა მიმართ შეუწყნარებლობის გაღვივებაზე“, – ნათქვამია GDI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის ხელის შეშლაზე მიუთითებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“ და აცხადებს, რომ ზუგდიდის ინციდენტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, მსგავს ინციდენტებს ქვეყნისთვის, შესაძლოა, დამღუპველი შედეგები მოჰყვეს და ქვეყნის რეპუტაციას „გამოუსწორებელი ზიანი“ მიადგეს.
დღესვე, ზუგდიდის ინციდენტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“ გამოეხმაურა და პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და აქტივისტებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის რაიმე ფორმის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. „არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით“, – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.
ზუგდიდის ინციდენტზე კომენტარი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკეთა და განმარტა, რომ ყველა მსგავსი შემთხვევა დეტალურად იქნება გამოძიებული, მიუხედავად იმისა, თუ „რომელი მხარე იქნება დამნაშავედ წარმოდგენილი“.
„არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით და პროვკაციებით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პოლიცია არასდროს იგვიანებს. „ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად გავერკვევი და წერილობით მოგახსენებთ, დააგვიანა თუ არა“, – აღნიშნა მანვე.
ზუგდიდის ინციდენტთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
დღესვე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ ქართული ოცნების წევრი და ზუგდიდის საკრებულო დეპუტატი გია დანელია ქართული ოცნების ხელმძღვანელობის მხრიდან მიღებულ დავალებებზე საუბრობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ზუგდიდის რიგგარეშე არჩევნების მოგება „ნებისმიერ ფასად“.
ფარულ ჩანაწერთან და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ისჯება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)