საქართველო-აზერბაიჯანის კომისია, რომელიც ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხს განიხილავს, 14 მაისს ბაქოში მას შემდეგ შეიკრიბა, რაც თითქმის ერთი თვის წინ, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის მონასტერთან მიმსასვლელი გზა ხუთი დღით ჩაკეტეს, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
შეხვედრაში აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ხალაფ ხალაფოვმა და ლაშა დარსალიამ, ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ორივე ქვეყნის საგარეო უწყებების ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები მომდევნო კვირას განაგრძონ.
„ჩვენი მოლოდინია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია მალე დასრულდეს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
„წლევანდელი აღდგომის დღესასწაულის წინ, ქართველმა მესაზღვრეებმა მოგვმართეს თხოვნით, რომ გაგვემარტივებინა საზღვრის გადაკვეთის პროცესი იმ მომლოცველებისთვის, რომლებსაც კეშიკჩის ისტორიული მონუმენტის მიდამოებში არსებული ადგილების მონახულება სურდათ“, – ვკითხულობთ ამავე განცხადებაში.
„საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით, აზერბაიჯანმა ეს თხოვნა დადებითად განიხილა. შემდეგ ქართულმა მხარემ ამ რეჟიმის მომდევნო კვირას გაგრძელება კიდევ ერთხელ მოითხოვა. აზერბაიჯანული მხარე ამ თხოვნასაც გაგებით შეხვდა“, – განმარტავს აზერბაიჯანის საგარეო უწყება.
შეხვედრის შემდეგ, განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ მხარეებმა საკითხის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ „აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით“.
საქართველოს საგარეო უწყებისავე განაცხადებით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ „მიუღებელია საკითხის ირგვლის ნებისმიერი სახის პროვოკაციები“ და რომ „მხარეები შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობისას იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით“.
საკითხზე კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა. მან რადიო „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნა: „შეუძლებელია გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც გასაყოფი მართლაც არაფერი გვაქვს, იმ საბოლოო დემარკაციამდე ვერ მივიდეთ, რომელიც სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშანია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)