საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 15-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს სტუმრობს. დღეს ის თავის ყაზახ კოლეგას, პრემიერ-მინისტრს ასკარ მამინს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მაღალ დონეზე და სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე ისაუბრეს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანი საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაა.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბახტაძემ და მამინმა ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების „მნიშვნელოვან პოტენციალს“ გაუსვეს ხაზი, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში.
ყაზახეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მათი სავაჭრო ბრუნვა „უმოკლეს დროში“ გაორმაგდება და 300 მილიონი აშშ დოლარს მიაღწევს.
„ჩვენი საერთო მიზანი იმ პროექტების განხორციელებაა, რომლებიც სავაჭრო მოცულობას გაზრდის და ქვეყნებს შორის სავაჭრო გაცვლებს ახალ ბიძგს მისცემს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამინმა.
ყახაზეთის მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების ფარგლებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)