Site icon Civil.ge

არასამთავრობოები პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ

12 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” (TI), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს ეხმიანება და პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობოების მიერ 17 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ყურადღება ძირითადად ზუგდიდის საარჩევნო ოლქზეა გამახვილებული, სადაც, უფლებადმცველების განმარტებით, ბოლო კვირის განმავლობაში „პოლიტიკური პროცესები უკიდურესად გამწვავდა“.

ამ კონტექსტში, ისინი ზუგდიდში 14 მაისს ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსისა და მისი თანმხლები პირების ფიზიკური შეურაცხყოფი ფაქტზე, ასევე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე მიუთითებენ, რომელშიც, ქართული ოცნების ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, სავარაუდოდ, ამომრჩეველზე ზეწოლის მექანიზმებზე საუბრობს.

არასამთავრობოები ზუგდიდის საკრებულოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ პროცესებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ აგრესიის, დაპირისპირებისა და სიტუაციის უფრო მეტად გამწვავებისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოს.

„ჩვენი ინფორმაციით, არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესებში ჩასართავად კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერი პარტიების მიერ მობილიზებულია რამდენიმე ათასი ადამიანი, რის გამოც არსებობს მხარეებს შორის ფიზიკური კონფრონტაციის მაღალი რისკი“, – აცხადებენ არასამთავრობოები და სამართალდამცველ ორგანოებს „პოლიტიკური მიუკერძოებლობის დაცვით“, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისა და შესაძლო კანონდარღვევის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

2019 წლის 19 მაისს 14 საარჩევნო ოლქში პარლამენტის, საკრებულოებისა და მუნიციპალიტეტების მერების შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ხუთ ოლქში მუნიციპალიტეტების მერებს, ერთში პარლამენტის, 8-კი – საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)