თბილისში აკრედიტებულმა უცხოელმა დიპლომატებმა 17 მაისს ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი საქართველოში არსებულ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტ+) საზოგადოებას მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
დიპლომატების განცხადებით, ისინი მიესალმებიან საქართველოს სამართლებრივ ვალდებულებებს, რომ პატივი სცეს უმცირესობებს მიკუთვნებული პირების უფლებებს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გარკვეული პროგრესია მიღწეული, თუმცა მათივე თქმით, ლგბტ+ თემის ყოველდღიური რეალობა, ხშირად სამართლებივი გარანტიებისაგან შორსაა.
- ერთობლივი განცხადება საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორის, ევროკავშირის, ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვენიის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ გავრცელდა.
„ლგბტ+ ადამიანები საქართველოში ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხდებიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. ამით ირღვევა არა მარტო მათი ფუნდამენტური უფლებები, არამედ ხდება თემის წევრების საზოგადოებიდან გარიყვა და მათი მოწყვლადობის გაზრდა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, „მსგავსი დასკვნები მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის ტრადიციებს“.
„კულტურული, რელიგიური თუ მორალური შეხედულებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ უმრავლესობა იზიარებს – ვერასდროს იქნება ადამიანის უფლებების შელახვის გამართლება“, – აღნიშნეს დიპლომატებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს „განახორციელონ მტკიცე ქმედებანი, რათა კანონით გარანტირებული თანასწორობა იქცეს რეალობად და თითოეული ადამიანს საქართველოში, მათ შორის, ლგბტ+ ადამიანებს – საკუთარი უფლებების სრულფასოვანი განხორციელება შეეძლოთ“.
ადგილობრივი არასამთავრობოების განცხადებები
ჰომოფობიის წინნააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განცხადებები ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაავრცელეს.
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადებით, ლგბტქი პირები საქართველოში რიგი პრობლემების წინაშე დგანან, თუმცა ხელისუფლების პასუხი არასათანადო და ფრაგმენტულია.
„ხელისუფლებას არ გააჩნია სისტემური ხედვა, რითაც უზრუნველყოფდა ლგბტქი ადამიანების ინკლუზიას, თანასოწორობის დაცვას, ძალადობის პრევენციას, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ანალოგიური გზავნილი გააჟღერა „კოალიციამ თანასწორობისთვის“. ორგანიზაციის განმარტებით, ლგბტქი პირებს საქართველოში ფუნდამენტური უფლებები ჩამორთმეული აქვთ.
„წლების განმავლობაში 17 მაისის პერიოდში იზრდება ჰომო/ტრანსფობიური თავდასხმებიც ლგბტქი თემის წინააღმდეგ, რომელიც წელსაც წარმოშობს ძალადობის ესკალაციისა და თავდასხმის სერიოზულ რისკებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციაში ასევე აღნიშნავენ, რომ „სახელმწიფო ხშირად არ აღიარებს ლგბტქი ადამიანების მიმართ ძალადობისა და უფლებების სისტემური დარღვევის პრაქტიკას, რაც არსებული ჰომოფობიური პოლიტიკური და სოციალური გარემოს გარდაქმნას ართულებს“.
კოალიციისვე განცხადებით, ბოლო წლებში, გარკვეული მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმები დაინერგა, მაგრამ „სახელმწიფოს პოლიტიკა არ პასუხობს ჰომო/ტრანსფობიის სისტემურ მიზეზებს და განათლების, სოციალური დაცვის, თანასწორობის, ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებული გამოწვევები კვლავ უცვლელი რჩება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)