ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილმა, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს თბილისში მსვლელობა მოაწყო.
საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირის გავლით სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მსვლელობას რამდენიმე რადიკალური კონსერვატული ჯგუფისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათ შორის იყვნენ ქართული მარშის, თავისუფალი საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსის წევრები. მსვლელობაში ასევე მონაწილეობდნენ ჩოხოსნები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის სპორტსმენები.
მსვლელობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირიც მონაწილეობდა, რომელმაც განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც თანამედროვე იდეოლოგია აკანონებს აბორტს და ლგბტ იდეოლოგიას, ოჯახის სიწმინდის დაცვა არის მნიშვნელოვანი. „ჩვენ ეკლესია, ქვეყნის პატრიოტული ძალები უნდა გავერთიანდეთ, რომ ვიზრუნოთ ოჯახის გადარჩენაზე. ეს არის საწინდარი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის“, – განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ პარაკლისი გადაიხდა და აღნიშნა, რომ ოჯახი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ბედნიერი, თუ ის კანონიერია და ქალისა და მამაკაცისგან შედგება.
დღესვე, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ოჯაახის სიწმმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძების დაწყებამდე, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ასეული რადიკალურად განწყობილი ადამიანი შეიკრიბა და რუსთაველის გამზირის გავლით, სამების ეკლესიისკენ გაემართა. მათ შორის იყვნენ სასულიერო პირები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და ბავშვთა უფლბებების დაცვის საზოგადოების წევრები. შეკრებილებს შორის იყო მოსკოვის მიერ დაფინანსებული პრიმაკოვის ცენტრის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძეც.
მსვლელობის ორგანიზატორები განმარტავდნენ, რომ მათ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე დილიდან შეკრება იმიტომ, გადაწყვიტეს, რომ ლგბტქი თემის წარმომადგენლებისთვის 17 მაისის აღნიშვნის ნებისმიერი მცდელობისთვის ხელი შეეშალათ. „მათ უნდათ, რომ თავიანთი ამორალური მხარე მთელ ქვეყანას დაანახონ… ვერ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ ვუყურო როგორ გაივლიან თბილისის ქუჩებში პომადიანი და კალგოტკიანი კაცები“, – განაცხადა მოძღვარმა დავით რუხაძემ.
„17 მაისს, ჩვენ რიგითმა ქართველებმა, ყველამ ვისთვისაც ძვირფასია ოჯახი, ჩვენი სამშობლო, ჩვენი მართლმადიდებლობა, დილიდანვე უნდა დავიკავოთ ის ადგილები, სადაც შესაძლებელია, ასე ვთქვათ, მათი თავშეყრა და რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ფორმებით, ჩვენი იქ დგომით და პრინციპული პოზიციით, არ მივცეთ საშუალება, რომ მათ თავიანთი ბილწი ღონისძიებები გამართონ“, – დაძინა მანვე.
„ოჯახი უნდა იყოს საყრდენი ყველა იმ უზნეობასთან, ცოდვასთან ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ თანამედროვე ცხოვრება, ახალი ერა გვთავაზობს… სოდომ-გომორის ცოდვა ეს არის უმძმესი ცოდვა და თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ამ ცოდვის მიმდევარი იყოს, ეს მისი ნებაა, მისი უფლებაა, კი, ბატონო, იყოს ასეთი, მაგრამ ის, რომ იქადაგებოდეს ხდებოდეს რეკლამირება ამ უმძიმესი ცოდვის, ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა კიდევ ერთმა სასულიერო პირმა დავით ისაკაძემ.
მართლმადიდებლური ეკლესიის კიდევ ერთი წარმომადგენლის დავით ქვლივიძის განცხადებით, შეკრების მიზეზი „არის შიში, რომ ღმერთმა ამის გამო არ დაგვსაჯოს“. „ყველა ასეთი ქმედება, სოდომ-გომორულ ცოდვაზეა ლაპარაკი, ისჯება ღვთისგან. ამის გამო პიროვნებები ნადგურდებიან შინაგანად, ოჯახები და სახელმწიფოები. ამის გამო ინგრეოდა უდიდესი იმპერიები“, – აღნიშნა მან.
„ევროკავშირში ხედავთ რა ხდება? რაც ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დროს მოხდა, ის ხდება… თუ ეს საყოველთაო გახდება, ამას მოყვება ანტიქრისტეს მოსვლა დედამიწაზე და დედამიწის აღსასრული“, – დასძინა მანვე.
აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები საღამოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზაებულ ღონისძიებასაც შეუერთდნენ.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)