სალომე სალაძე ავსტრიის დედაქალაქ ვენიდან მოგვითხრობს პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც იბიცაზე გადაღებული ვიდეოს გასაჯაროებას მოჰყვა.
გერმანული გამოცემების მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეო ჩანაწერმა ავსტრიის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის (FPÖ) ლიდერს საბედისწერო დარტყმა მიაყენა და მმართველ კოალიციაში მისი უფროსი პარტნიორი, კანცლერი სებასტიან ქურცი (Sebastian Kurz) აიძულა, ვადამდელი არჩევნები დაენიშნა.
ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა – ევროპის ქვეყნის მმართველი კოალიცია რუსული ფულის მავნე გავლენაზე მინიშნების გამო დაირღვა. 26 მაისს, ავსტრიელები ევროპარლამენტის მნიშნელოვან არჩევნებში 18 წარმომადგენელს აირჩევენ. სავარაუდოა, რომ შექმნილი კრიზისის გამო სებასტიან კურცის სამთავრობო კოალიციაში შემავალი ორივე პარტიის კანდიდატებს რეიტინგი შეუმცირდებათ.
საბედისწერო ჩანაწერი
გასულ პარასკევს, 17 მაისს, გერმანულმა გამოცემებმა „შპიგელმა“ (Spiegel) და „ზიუდდოიჩე ცაითუნგმა“ (Süddeutsche Zeitung), 2017 წლით დათარიღებული, იბიცაზე გადაღებული რამდენიმესაათიანი ფარული ვიდეო-მასალის ნაწილი გამოაქვეყნეს, რომელმაც ავსტრიაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.
ვიდეოში გვარიანად შეზარხოშებული თავისუფლების პარტიის (FPÖ) ხელმძღვნელი, ჰაინც-კრისტიან შტრახე (Heinz-Christian Strache) და ამავე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი, იოჰან გუდენუსი (Johann Gudenus) ახალგაზრდა ქალს ესაუბრებიან, რომელიც თავს გავლენიანი რუსი ოლიგარქის ნათესავად და წარმომადგენლად ასაღებს.
“ოლიგარქის ნათესავი” მათ 2017 წლის ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში „რუსული შავი ფულით“, 250 000 ევროთი, დაფინანსებას ჰპირდება. საუბრის დროს აწ უკვე ყოფილი ვიცე-კანცლერი რუსი ოლიგარქის სახელით მოლაპარაკე ახალგაზრდა ქალს უდასტურებს მზადყოფნას თანამშრომლობაზე და თავად სთავაზობს რუსული მხარის წარმომადგენლებს ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ფართო ცირკულაციის მქონე გაზეთის, “კრონეს” (Kronen Zeitung) ყიდვას, არჩევნებში შტრახეს პარტიის გამარჯვებისათვის ხელშესაწყობად. დახმარების სანაცვლოდ „თავისუფლების პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარე მათ სარგებელს ჰპირდებოდა, კერძოდ ავსტრიაში რუსული კომპანიების/კონცერნის დაარსებას, რომელსაც სახელმწიფო შეკვეთებს მიიღებდა და უშუალოდ შტრახეს მხარდაჭერით ისარგებლებდა. ვიდეოში მკაფიოდ ისმის ბრალდებები აწ უკვე კანცლერ სებასტიან კურცის წინააღმდეგ, კერძოდ, შტრახე ამბობს, რომ კურცი ნარკოდამოკიდებულია.
საზოგადოების გამოხმაურება
ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე, სოციალურ ქსელებში დაიწყო საპროტესტო აქციის დაანონსება და მეორე დღეს, 18 მაისს, 13:00 საათზე 5000-მდე ადამიანი შეიკრიბა სახელმწიფო კანცელარიასთან. მომიტინგეები მოითხოვდნენ მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს. რამდენიმე წუთში კი ვიცე-კანცლერმა გადადგომის შესახებ განუცხადა პრესას, რასაც დემონსტრანტები ოვაციებით შეხვდნენ, თუმცა, მისი გადადგომის შემდეგ მანიფესტაციაზე მყოფი ხალხი არ დაიშალა და მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომასაც, მანამ, სანამ სებასტიან ქურცმა, ავსტრიის დროით 19:45 საათზე ვადამდელი არჩევნები არ გამოაცხადა.
დემონსტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ნებით წავიდა პოსტიდან ვიცე-კანცლერ ჰაინც-კრისტიან შტრახე (Heinz-Christian Strache), ვიდეოს გამოქვეყნებიდან ზუსტად 24 საათში თანამდებობა ვიცე-კანცლერთან ერთად დატოვა ვიდეოზე აღბეჭდილმა მეორე პოლიტიკოსმა – ამავე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა, იოჰან გუდენუსმა (Johann Gudenus).
ჰაინც–კრისტიან შტრახეს განცხადება
ჰაინც-კრისტიან შტრახე ამბობს, ბოლო წლებია “გარკვეული ძალები” ცდილობენ ჩემი პოლიტიკური რეპუტაციის შელახვასო. მისი თქმით ეს “ხელოვნურად შექმნილი სიტუაცია” სწორედ დისკრედიტაციის მცდელობა იყო, როცა კონკრეტულმა პირებმა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დახმარებით (ქვეყანა მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა სავარაუდოდ, გერმანიას გულისხმობდა) მოახერხეს მისი ნდობის მოპოვება და მათი საუბარი უკანონოდ ჩაიწერეს. ვიცე-კანცლერის თქმით, საუბრის ნაწილები კონტექსტიდან განგებაა ამოგლეჯილი.
შტრახემ თავი იმით გაიმართლა, იმ საბედისწერო საღამოს საკმაოდ ბევრი დავლიე და “თინეიჯერივით ვიქცეოდი”, თქვა აღნიშნული საუბარი ჩემგან „სისულელე, შეცდომა და უპასუხისმგებლობა“ იყოო. იქვე აღნიშნა, კანონი არ დამირღვევია და არანაირი დაფინანსება არც ამ ადამიანისაგან და არც სხვებისგან არ მიმიღიაო. თანაც იქვე ბოდიში მოუხადა კანცლერს, სებასტიან ქურცს, მის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის და საკუთარ მეუღლესაც, რომელსაც პატიება სთხოვა.
კრიტიკა გერმანიიდან
ავსტრიის თავისუფლების პარტიისა (FPÖ) და სახალხო პარტიისაგან (ÖVP) შედგენილი კოალიცია ქვეყანას 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მართავს. ამ კოალიციის მიმართ დღესვე გაისმა კრიტიკა გერმანიის მთავრობისგან. ასევე, მთელი დღის განმავლობაში თვალსაჩინო იყო გერმანიის მიერ რუსეთის კვალზე მითითებაც. მათი განცხადებით, რთულია ამ ეტაპზე ავსტრიასთან თანამშრომლობაზე საუბარი, რადგანაც სავსებით შესაძლებელია, ავსტრია გერმანიისგან მიღებულ საიდუმლო მასალებსა და ინფორმაციას რუსეთს აწვდიდეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასს (Heiko Maas) ავსტრიის რესპუბლიკის კანცლერისადმი კრიტიკა არ დაუშურებია და მას ულტრამემარჯვენე, ავსტრიის თავისუფლების პარტიასთან ერთად კოალიციის შეკვრა დაუწუნა. მაასმა ბრძანა “მემარჯვენე პოპულისტები ყველაზე დიდი მტრები არიან თავისუფლებისა, მათთან ერთად სახელმწიფოებრივ საქმეებზე მუშაობა უპასუხისმგებლობააო“.
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ანეგრეტ კარენბაუერმა (Annegret Karrenbauer) განაცხადა, რომ ამ ვიდეომ ერთი რამ აჩვენა – „მემარჯვენე პოპულისტები ევროპაში, მნიშვნელობა არ აქვს რომელ ქვეყანაში, მზად არიან ქვეყნის ინტერესები საკუთარი ინტერესების გამო გაჰყიდონ“-ო.
ავსტრიის კანცლერის პრესკონფერენცია
18 მაისს, დღის მიწურულს, ავსტრიის კანცლერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოქმედების რამდენიმე ვარიანტი მქონდა და ბოლოს ასე გადავწყვიტეო:
ამ სკანდალის შემდეგ, მზად არა ვარ შტრახეს გარეშე დარჩენილ პარტიასთან ერთად ქვეყანა ვმართოო.
წარსულ არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ სოციალ-დემოკრატებთან (SPÖ) პოლიტიკურ კოალიციას ვერ შევქმნი, რადგანაც მათი პოლიტიკური იდეოლოგიები ერთმანეთს არ ეხამებაო.
ავსტრიაში არსებულ სხვა პატარა პარტიებს (მაგ. მწვანეები (Die Grünen), ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი (NEOS)) არა აქვთ ავსტრიის სახალხო პარტიასთან ერთად ახალი სამთავრობიო კოალიციის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ძალა.
ამიტომაც, ქურცმა ავსტრიის პრეზიდენტს მიმართა ვადამდელი არჩევნების გამართვის თხოვნით, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში ჩატარდება.