Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილის განცხადება „არაკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივია“

სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, 11 იანვარი, 2019, ფოტო: კადრი ტელეკომპანია პირველის ვიდეოდან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 19 მაისს გაკეთებული განცხადება დაგმო, სადაც მან ოპოზიციის აქტივისტებს მოუწოდა: „ბოლომდე უნდა ვიყოთ შეტევაზე“ შუალედური არჩევნების დროს.

სააკაშვილმა, რომლის მეუღლეც, სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატია, დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ქართული ოცნების შეზღუდვებისგან გათავისუფლდნენ.

„ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ნაციონალებს უნდათ არეულობა… ივანიშვილის შნირები ცდილობენ დაგაკომპლექსონ, რომ არ გადახვიდეთ შეტევაზე, გული გისკდებოდეთ, რომ „პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ“… ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე“, – აღნიშნა მან.

„ნურავის შეგეშინდებათ… ჩვენ უნდა მივაწვეთ ბოლომდე. გადმოვლენ ცემაზე, ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ ცოტა არ მოეჩვენებათ… თუ ხელი წაუცდათ რამეზე, ამას ისეთი გაგრძელება მოჰყვება, ეს აღარ არის გასული წლის ნოემბერი, ნამდვილად არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას და გვერდიდან ყურებას და მარტო საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას“, – დასძინა მან.

კენჭისყრის დასრულებამდე ორი საათით ადრე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა: „ამგვარი ღია არაკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება წინა პრეზიდენტისგან მაიძულებს, რომ ჩემი აღშფოთება და უკმაყოფილება გამოვხატო“.

„ჩემი არაპარტიული სტატუსის გამო, აქამდე თავს ვიკავებდი რაიმე კომენტარისგან, ან საარჩევნო პროცესში რაიმე ჩარევისგან. იგივე მოეთხოვება ნებისმიერ ყოფილ პრეზიდენტს, იქნება ის მოქმედი, თუ არა, იქნება ის ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„უწესრიგობისა და არეულობისკენ მოწოდება სახელმწიფოს მიმართ დანაშაულია, დანაშაული, როდესაც შენი ტერიტორია ოკუპირებულია“, – დასძინა მან.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 2004-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტი იყო, ქვეყანა მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მალევე დატოვა. ის რიგი ბრალდებებით იძებნება, თუმცა თავად სააკაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს. ექს-პრეზიდენტი აქტიურადაა ჩართული ქართულ პოლიტიკაში და Facebook-ისა და „რუსთავი 2“-ზე ჩართვების მეშვეობით, ოპოზიციური კანდიდატების მხარდამჭერ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)