ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით, 2019 წლის 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ.
პირველადი მონაცემების მიხედვით, რომელიც ბრიფინგზე ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ წარმოადგინა, მერების რიგგარეშე არჩევნებს ქართული ოცნება ყველა საარჩევნო ოლქში იგებს. პირველი ორ ლიდერ კანდიდატებს შორის პროცენტული მაჩვენებლები კი ასე გადანაწილდა:
- ზუგდიდი – გიორგი შენგელია – ქართული ოცნება – 54.45 %, სანდრა-ელისაბედ რულოვსი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია – 42.75%;
- მარნეული – ზაურ დარგალი – ქართული ოცნება – 79.8%, აგილ მუსტაფაევი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია – 11.06%;
- ზესფაფონი – გიორგი გოგლიჩიძე – ქართული ოცნება – 50.57%, ბაქარ ხიჯაკაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია – 34.29%;
- ჭიათურა – გივი მოდებაძე – ქართული ოცნება – 64.37%, ზურაბ კუპატაძე – დამოუკიდებელი კანდიდატი – 18.1%;
- ხულო – ვახტანგ ბერიძე – ქართული ოცნება – 70.91%, ირაკლი ჯორბენაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია – 23.74%.
თამარ ჟვანიას განცხადებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში. მეორე ტურის ალბათობა იკვეთება, სადაც ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ევროპული-საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატები – ვლადიმერ კახაძე და შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან. წინასწარი შედეგების მიხედვით, პირველმა მათგანმა ხმების – 41.28%, მეორე კი – 36.72% მიიღო. არჩევნების მეორე ტური უნდა დაინიშნოს არაუგვიანეს 13 ივნისისა.
რაც შეეხება საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებს, ცესკო-ს ჯერ ოფიციალური წინასწარი პირველადი შედეგები არ გამოუქვეყნებია. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე ატვირთული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ყველა საარჩევნო ოლქს ქართული ოცნების კანდიდატები იგებენ.
საარჩევნო უბნები ზუსტად 8 საათზე დაიხურა. ამ მომენტისთვის ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)