ივანე გომართელი (1875-1938), სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი.
გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 20 მაისი, N109.
არიან ისეთი ბრწყინვალე დღეები, რომლებიც განსაკუთრებულის ასოებით უნდა აღინიშნონ დემოკრატიის ისტორიაში, განსაკუთრებულის სიმტკიცით უნდა აღიბეჭდონ დემოკრატიის მეხსიერებაში; განსაკუთრებული ზეიმითაც უნდა უხდებოდეს დემოკრატია მათს მოტრიალებას.
ერთი ასეთი დღეა ჩვენი დემოკრატიისათვის 26 მაისი.
ეს დღე სრულიათ, უცილოთ, უდაოთ ეკუთვნის ჩვენს დემოკრატიას, ეს დღე არის დღე ჩვენი სოციალ-დემოკრატიის გამარჯვებისა, საუკეთესო გამართლება მისი მიმართულებისა და ხაზისა ამ რევოლუციის მსვლელობაში.
ამ დღეს ჩვენმა სოციალ-დემოკრატიამ საქართველო გამოაცხადა დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკათ.
საქართველოში არ ყოფილა სხვა ძალა გარდა სოციალ-დემოკრატიისა, რომელსაც ამ ისტორიული აქტის ზიდვა შეძლებოდა. ეს ერთათ ერთი ძალა სოციალ-დემოკრატია იყო.
ეს უდიდესი აქტი უპირველესათ და უწინარეს ყოვლისა იყო რევოლუციონული; ასეთი ნაბიჯის გადადგმას მოითხოვდა ინტერესი რევოლუციისა. ამავე დროს ეს აქტი გახდა ეროვნული, – ინტერესი რევოლუციისა და ერისა ერთმანეთს შეხვდენ, შეუთანხმდენ და შეუკავშირდენ.
საქართველო გადიქცა იმ ქვეყანათ, რომელიც ენდო და გაჰყვა ჩვენს პარტიას. და ამიტომაც ოცდა ექვსი მაისი არის გამარჯვება რევოლუციის, გამარჯვება ჩვენი დემოკრატიის და გამარჯვება საქართველოს დემოკრატიის.
რაში გამოიხატა რევოლუციის გამარჯვება?
საქართველო წარმოადგენს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელსაც მტკიცე საფუძველს უშენებს დემოკრატიულათ მოწვეული დამფუძნებელი კრება.
რაში გამოიხატა ჩვენი პარტიის გამარჯვება?
რევოლუციის სწორმა შეგნებამ და სისწორით აღებულმა მიმართულებამ ის მიიყვანა რევოლუციის ლოღიკურ დასკვნამდე – ეს არის დემოკრატიული რესპუბლიკა თავისი დამფუძნებელი კრებით.
რაში გამოიხატა ჩვენი დემოკრატიის გამარჯვება?
გზაჯვარედინზე მას მერყეობა არ გამოუჩენია, ის ენდო თავის ძველ ბელადებს, გაჰყვა მათ, არ აჰყვა გრძნობათა თამაშს და თავისი მარჯვენათი, თავისი სისხლით დაამყარა ჩვენში დემოკრატიული რესპუბლიკა.
26 მაისი არის ბრწყინვალე გამარჯვება ჩვენი პროლეტარიატისა. მან მთელ ქვეყანას დაანახვა სრული სიმწიფე თავისი კლასობრივი, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური შეგნებისა და გათვიცნობიერებისა.
ის მტკიცეთ ამოუდგა თავის პარტიას გვერდში, დაადასტურა მისი შეხედულება, მიიღო მისი გეგმა, გამოუცხადა მას სრული ნდობა და ამით გზა გაუკაფა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.
რევოლუციის ინტერესმა მოითხოვა ჩვენში ქართველობის ეროვნულათ განთავისუფლება.
დღეს რევოლუცია ჩვენში გამარჯვებულია.
მართალია, ჩვენი რესპუბლიკის პირველ დღეებს თანა სდევდა ბევრი ნაკლი, მაგრამ ეს ნაკლი გაჰქრება, დემოკრატიული რესპუბლიკა კი დარჩება.
დღეს ქართველი ხალხი თავისუფალია და დამოუკიდებელი.
ჩვენ ვიყავით წინეთაც თავისუფალი, მაგრამ ეს თავისუფლება არაჩვეულებრივია, იშვიათი; ქართველი ერის ისტორიას მსგავსი რამ არ ახსოვს: რევოლუცია, თავისუფლება და დემოკრატია დღეს გაერთიანდნენ, შედუღდნენ.
საუკუნეთა უკან ჩვენ გვქონდა კულტურა, საქართველოში ყვაოდა ხელოვნება. მაგრამ ის საუკუნე, რომელსაც ახლა სჭედავს სისხლითა და მახვილით ჩვენი დემოკრატია რევოლუციის ქარიშხალში, ჩრდილავს გასულ საუკუნეებს. ოცდა ექვსი მაისი შესავალია ახალი ოქროს საუკუნისა.
საქართველოს ჰქონდა ბევრი შავი დღე.
და ყველა ესენი რომ შეაერთოთ, ოცდა ექვსი მაისის დღის ბრწყინვალებას მაინც ვერ დაჰფარავენ.
რა ვუყოთ, რომ დღევანდელი დღის ბრწყინვალებას სხვადასხვა ზომის შავი ლაქა აბნელებს.
ვინც შორს იხედება, მომავალში, მან იცის სიმოკლე შავი ლაქებისა, 26 მაისი წინ გვიშლის ისეთს შესაძლებლობას ისეთს მომავალს, რომლის მსგავსიც ქართველერს არასდროს არა ჰქონია.
ჩენ ბევრი ვიტანჯეთ, ბევრი ვიბრძოლეთ.
ჩვენ ბევრი ცრემლი, ბევრი სისხლი ვღვარეთ.
სამაგიეროთ ჩვენ ვისწავლეთ, ჩვენ შევიყვარეთ ძმობა, ერთობა და სოლიდარობა.
საქართველო სამშობლოა ბევრი ერისა.
ეს დღეც დღესასწაულია არა მარტო ქართველებისა, არამედ – საქართველოს ყოველი ერისა, საქართველოს მთელი დემოკრატიისა.
დემოკრატიის მტრები უკანასკნელ ღონეს იკრებენ ჩვენს დასაღუპავათ. გესლიანის ენით და ბინძური ხელით შურსა და მტრობას სთესავენ.
მაგრამ მზე ჩვენი მომავლისა მეტათ ცხოველია, მეტათ ბრწყინვალეა, რომ ბნელეთის მსახურთ მისი ჩაქრობა შესძლონ:
საქართველოს რესპუბლიკის ხალხთა შორის ძმობა, ერთობა და სოლიდარობა გახურებული რკინით იჭედება, დემოკრატიის სისხლით ისალტება.
ვაშა შეერთებული, სოლიდარული დემოკრატიის თავისუფალ, დამოუკიდებელ სამშობლოს!
იყო საქართველო წინეთაც სამშობლო, მაგრამ ეს სახელი არასდროს არ ყოფილა იმდენათ წმინდა, იმდენათ საყვარელი, როგორც დღეს
ამ სამშობლოში ხალხი მონობის ბორკილებს, ბატონყმობის უღელს ატარებდა.
აქ იყო სამშობლო ბატონობის. აქ ბრძანებლობდენ ბატონები.
აქ სახელმწიფოს ჰმართავდნენ და აშენებდნენ ბატონები.
დღევანდელი საქართველო დემოკრატიის სამშობლოა.
ეს აღიარა ოცდა ექვსმა მაისმა, 26 მაისი დემოკრატიის ნებაა, დემოკრატიის დავაჟკაცება, მისი ძლევამოსილება.
ამ დღეს დემოკრატიამ გამოაცხადა: ამიერიდან მე ვარ ქვეყნის პატრონი, მე ვმართავ სახელმწიფოს!
ოცდა ექვსი მაისიდან დემოკრატია აშენებს ახალ სახელმწიფოს, დემოკრატიულ რესპუბლიკას.
დემოკრატიის ჯარი და გვარდია შეუსვენებლათ, აღფრთოვანებითა და გატაცებით იბრძვიან ყველა ფრონტზე და ჰმუსრავენ, ანადგურებენ ახალი რესპუბლიკის მტრებს.
იშვიათი სურათია კაცობრიობის ისტორიაში:
პატარა ქვეყანა, პატარა დემოკრატია ელვისებური სისწრაფით ევლინება ერთი ფრონტიდან მეორეს, მესამეს, ერთსა და იმავე დროს იბრძვის რამდენიმე სხვადასხვა ფრონტზე. ფრონტს ფრონტი ემატება, მაგრამ ეს მას არ აფრთხობს, ეს მას არ უტეხს გულს. პირიქით, მას ძალა ემატება და ხალისი ბრძოლისა, წყურვილი გამარჯვებისა უცხოველდება.
იმიტომ, რომ მას სწამს სიმართლე თავისის საქმისა, სიდიადე თავისი მიზნისა.
ვაშა ჩვენი დემოკრატიის წმინდა საქმეს, ვაშა იმის დიად მიზანს!
ამავე დროს რესპუბლიკის შიგნით ის აყალიბებს ახალ სახეებს ცხოვრებისას, ახალ ურთიერთობას.
ეს შინაგანი აღმშენებლობა მეტათ რთული, მეტათ ძნელისაქმეა; რასაც კიდევ უფრო აძნელებს და ართულებს არაჩვეულებრივი საერთაშორისო პირობები – შედეგი ომისა და რევოლუციისა.
ამიტომ ზოგჯერ საქმე არ კეთდება იმდენათ, რამდენათაც საჭიროა; არ კეთდება ისე, როგორც სასურველია.
ორივენი სცდებიან:
სახელმწიფო და მით უფრო ახალი სახელმწიფო სრულებით ახალი წყობილებით ერთ წელიწადს არსად არ აშენებულა. – ათეული წლებია ამისთვის საჭირო.
აი თუნდ საფრანგეთის მაგალითი. იქ დიდი რევოლუცია დაიწყო 1789 წელს და რესპუბლიკას კი მხოლოდ 1875 წელს ჩაეყარა საფუძველი.
ჯერ კიდევ დიდი შრომა გვმართებს, ბევრი ბრძოლა მოგველის ჯერ კიდევ წინ.
სრულ გამარჯვებამდე, დემოკრატიული რესპუბლიკის სრულ განმტკიცებამდე ჯერ კიდევ საკმაო მანძილი გვაქვს გასავლელი.
მაგრამ ტყუილათ ნუ მიეცემა მთელი სიხარულს, მოყვარე კი შიშს. მზე უკვე ამობრწყინდა საბოლოოთ, ის გვინათებს გზას და ჩვენ აღარ დავიბნევით.
შეიძლება ამ გზაზე ბევრმა წაიფორხილოს, ბევრი წაიქცეს, ბევრი დაეცეს განგმირული, ზოგი უღირსიც გამოსგეს, – რა ვუყოთ!
ოცდა ექვსი მაისი საქართველოს დემოკრატიის დავაჟკაცების საუკეთესო მოწმობაა: მან სრულის სიდინჯით, შეგნებით და წინდახედულობით გადასდგა ეს ნაბიჯი.
ოცდა ექვსი მაისი ჩვენი პარტიის ღრმა სულიერი განცდის ნაყოფია.
გადადგმა ამ ნაბიჯის მეტათ ძნელი, მძიმე, საშიში და პასუხსაგები იყო.
დამოუკიდებლობა კარგია, მაგრამ ის მეტათ მძიმე ტვირთია ჩვენს პირობებში.
შესძლებდა ჩვენი დემოკრატია ამ ტვირთის ზიდვას?
ეს ძნელი გამოსაცნობი იყო ჩვენი დემოკრატია დღემდე ზიდავს ამ ტვირთს პირნათლათ ასეთ საშინელ პირობებში.
ქურდობა, მექრთამეობა, ყაჩაღობა, დარბევა, ძარცვა-გლეჯა, ხოცვა?
გაიგონებთ საზოგადოებაში.
ყოველივე ეს გაქრება, წავა და სინამდვილეთ კი დარჩება განწმენდილი დემოკრატიული რესპუბლიკა.
გასაკვირალი ის კი არ არის, რომ ყოველივე ეს ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ის არის გასაკვირი და გასაოცარიც, რომ გაცილებით მეტი არ ხდება ამგვარი სისაძაგლე.
ვისაც დამოუკიდებლობა უნდა, მას უნდა ჰქონდეს სიმტკიცე, მოთმინება და მაგარი ნერვებიც.
ოცდა ექვს მაისში შედუღებულია ჩვენი ბრძოლა, ჩვენი ტანჯვა, ჩვენი იმედები და ჩვენი ოცნება. ბრძოლით მოვიპოვეთ ჩვენ ეს დღე, განთიადს სულიერი ტანჯვით შევხდით; დილამ ჩვენი იმედები გაამართლა, ჩვენმა ოცნებამ ფრთა გაშალა.
აზიასა და ევროპის შუა გაჭიმული საქართველო დიდი ხნიდან ევროპისკენ იყურებოდა.
მან გამოართვა აზიას ის, რისი მოცემაც ამ ძველ ქვეყანას შეეძლო, და ევროპას მიაპყრო თვალები, რომ წამოეღო ევროპიდან ის, რაც მას საუკეთესო ჰქონდა.
და საქართველომ წამოიღო ევროპიდან დემოკრატიზმი და სოციალიზმი. აზიასა და ევროპის შუა საქართველო ამყარებს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომ მოიკრიბოს ძალღონე და პირველმა ააფრიალოს აქ დროშა სოციალიზმისა.
პატარა საქართველო უნდა გახდეს ლამპრათ ევროპასა და აზიას შუა. მან უნდა გაუნათოს აზიას გზა ევროპისკენ მან უნდა გადაუშალოს აზიის ერებს საუკეთესო სურათი ხალხთა შორის ძმობის, ერთობის, სოლიდარობის და ასწავლოს ბრძოლა ბედნიერი მომავლისათვის.
დიდია მიზანი, დიდი პერსპექივები, დიდი როლი იშლება ჩვენი თავის წინ.
დიდ შესაძლებლობას, დიდ ოცნებებს ატარებს ოცდა ექვსი მაისი.
ეს დღე საქართველოს ახალი ისტორია არის. ამ დღით იწყება ბრწყინვალე ფურცელი საერთაშორისო დემოკრატიის ისტორიაშიც: საერთაშორისო დემოკრატიის ერთმა წევრმა – საქართველოს დემოკრატიამ – დაამყარა რესპუბლიკა და გახდა მისი სრულუფლებიანი მესაჭე.
ამავე დროს ოცდა ექვს მაისს ჩვენმა დემოკრატიამ იკისრა მეტად დიდი პასუხისმგებლობა ისტორიის წინაშე: მან უნდა მოაწყოს და ჰმართოს, განაგოს ახალი, დამოუკიდებელი რესპუბლიკა.
ამ ახალ გზაზე ჩვენს დემოკრატიას არა აქვს გამოცდილება, მაგრამ ამ ნაკლს დაჰფარავს მხნეობა, სიმტკიცე, პირდაპირობა, სიმკაცრე და ზნეობრივი სისპეტაკე.
ჩვენი დემოკრატია უნდა აღიჭურვოს ლახვრით და განწმინდოს ჩვენი ცხოვრება ყოველგვარი სიმახინჯისგან.
ამას ავალებს ოცდა ექვსი მაისი ჩვენს დემოკრატიას და მის ბელადებს.
ქართველი ხალხი არ უნდა დაერიდოს არავითარ მსხვერპლს, არავითარ ხარჯს, ამოუდგეს დამფუძნებელ კრებას გვერდში და გასჭედოს სიმტკიცე ჩვენი ნორჩი რესპუბლიკისა. ამას ავალებს ჩვენს ხალხს ოცდა ექვსი მაისი.