უკვე მეშვიდე დღეა, რაც ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლების ნაწილი მერიისა და მათი დამქირავებელი კომპანიის – „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული შენობების წინ აქციას მართავს და შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას ითხოვს.
მაღაროელებმა პროტესტი 16 მაისს დაიწყეს. ისინი „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტარციისგან ანაზღაურების 50%-ით მატებას, სადაზღვევო პაკეტისა და კვებითი კომპონენტის გაუმჯობესებას ითხოვენ. მათივე მოთხოვნით, ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით, ჭიათურაში იმ მანქანების გადაადგილება უნდა შეიზღუდოს, რომლითაც მაღაროებიდან მოპოვებული მადანის გადაზიდვა ხდება.
აქციის მონაწილეები მზად არიან, რომ ხელფასების მატების თვალსაზრისით, კომპანიასთან გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ და პირველ ეტაპზე, ანაზღაურების 30%-ით მატებას დასთანხმდნენ, თუმცა იმ პირობით, რომ წლის ბოლომდე, მათი ხელფასები კიდევ 20%-ით გაიზრდება.
აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა და შიმშილობა დაიწყო. გაფიცული მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ რამდენიმე თანამშრომელმა ტექსტური შეტყობინების სახით მუქარის შემცველი გზავნილები მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ გაფიცულებს სამართლებრივი პასუხისგება მოუწევთ.
მედიის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ქალაქიდან მადანის გატანას ხელი შეუშალონ, მაღაროელების ნაწილმა ის ადგილებიც დაიკავა, საიდანაც მისი გადაზიდვა ხდება. დღეს, მაღაროელების პროტესტს ადგილობრივებიც შეუერთდნენ და მათ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
მაღაროელების შრომის ანაზღაურების 50%-ით ზრდას არარეალურად მიიჩნევენ „ჯორჯიან მანგანეზში“. კომპანიის ფინანსური დირექტორის მერაბ ლომინაძის განმარტებით, მაღაროელების ეს მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია და კომპანიას ამის შესაძლებლობა არ აქვს. მისივე თქმით, კომპანიის მენეჯმენტი მზად არის, რომ მაღაროელებს ხელფასების 25%-იანი ზრდა შესთავაზოს, თუმცა ორ ეტაპად. პირველ ჯერზე მაღაროელებს ხელფასები 15%-ით გაეზრდებათ, რეორგანიზაციის შედეგად დაზოგილი თანხებით კი, მომავალში მათ ანაზღაურებას კიდევ 10%-ით გაუზრდიან.
მერაბ ლომინაძისვე განმარტებით, გარდა ამ პუნქტისა მაღაროელების მიერ წამოყენებული ყველა პირობა უკვე „სრულად და უპირობოდ“ დაკმაყოფილებულია. მისივე თქმით, მაღაროელებს ერთი წლის წინ ხელფასები 10%-ით უკვე გაეზარდათ, რა დროსაც, პროფკავშრებთან კოლექტიური ხელშეკრულება დაიდო, რომლის პირობებითაც, მაღაროელებს სამი წლის განმავლობაში გაფიცვის უფლება არ ჰქონდათ.
„კომპანიას გააჩნია მყარი საფუძველი იმისათვის, რომ განაცხადოს – ეს გაფიცვა გახლავთ უკანონო… ჩვენი იურიდიული სამსახური და იურისტები უკვე ამზადებენ იმ დოკუმენტაციას, რომლითაც მოხდება სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და სამართლებრივი პროცესის დაწყება“, – განაცხადა მან.
მაღაროელები მერის რიგგარეშე არჩევნებამდე სამი დღით ადრე გაიფიცნენ. წინასაარჩევნოდ, მათთან შესახვედრად, მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე მაღაროელებთან მივიდნენ და მათი „სამართლიანი მოთხოვნების“ მიმართ სრული „მხარდაჭერა“ და „სოლიდარობა“ გამოხატეს. „თუ თქვენი პირობები არ შესრულდება აქ ჩამოვალ და თქვენთან ერთად გავაპროტესტებთ სამართლიან მოთხოვნებს“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მაღაროელებს.
2017 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, სასამართლომ სპეციალური სახელმწიფო მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი დაუნიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)