Site icon Civil.ge

ეროვნული დღეობა

გიორგი გვაზავა (1869-1941) - ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი კრების წევრი. ფოტო დაცულია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

გაზ. „საქართველო“, 1919 წლის 26 მაისი, N107.

26 მაისი სამუდამოდ დარჩება ეროვნულ დღესასწაულად. ეს ისეთი თარიღია, რომლის საიდუმლო და სიცოცხლისმყოფელი ელვარება არ შეწყდება არასდროს. ის შეიძლება შევადაროთ ისეთი ისტორიულ მომენტებს, როგორიც იყო ქრისტიანობის გამოცხადება სახელმწიფო  რჯულად, თბილისის დაარსება მეფე გორგასალის მიერ, არაბების განდევნა საქართველოდან დავით აღმაშენებლის დროს და ზოგი სხვა, რომლით სავსეა ჩვენი წარსული ისტორია. ირაკლი მეფის რუსეთთან ხელშეკრულებაც არ არის მოკლებული თავისებურ იდეურ ძალას, მაგრამ 26 მაისი მაინც შეუდარებლად უფრო ძვირია, უფრო მდიდარი შინაარსით და უფრო ძლიერი თავისი მომავალი ზეგავლენით საქართველოს ცხოვრებაზე.

უფრო სამართლიანი იქნება შევადაროთ იგი საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს – 14 ივლისს.

საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რომელიც დღესასწაულია თითქმის მთელი კაცობრიობისა, სასახელო და სასიქადულო მომენტია საფრანგეთის ისტორიისა. ის დღე, როდესაც აიღეს და დაამტვრიეს ბასტილიის ციხე, გამოცხადებულ იქმნა ეროვნულ დღეობად.

შარშან, 26 მაისს, ჩვენც დავანგრიეთ თავისებური ბასტილია და გამოვაცხადეთ თავისუფლება საქართველოსი. ბასტილია იყო ის სასოწარკვეთილება, რომელიც შეიქმნა და გაამეფა ჩვენში რუსეთის მფლობელობამ. გამეფდა უხეში ძალა, წაიშალა ეროვნული ცხოვრება, მოისპო ყველაფერი, სადაც კი შეიძლებოდა ეჩინა თავი ჩვენს შემოქმედებას და ერის სულიერ განცდაში გამეფდა სასოწარკვეთილების სიბნელე. ამ სიბნელეში მხოლოდ ხანდახან გაისმოდა პოეტების მგლოვიარე ქნარი.

„არ-რა არის უიმედო,

მეგობრებო ალავერდი!“

მაგრამ ყველა ჰგრძნობდა, რომ საქართველოს მდგომარეობა იყო უიმედო და ნაძალადევ მხიარულებას მოსდევდა მალული ცრემლი. ამ სულიერ სილაჩრეს დაემატა ერთგვარი გონებრივი გათახსირებაც: ეს იყო ცნობილი იდეოლოგია სამშობლოს უარყოფისა. თურმე იდეა სამშობლოსი – შეცდომა ყოფილა კაცობრიობისა და მიზეზი ყოველგვარი სოციალური და პოლიტიკური უბედურებისა. თუ ამ დამღუპველ იდეას ამოვფხვრიდით  ჩვენი გული და გონებიდან ძირიან ფესვიანად და შევუერთდბეოდით „ყველა ქვეყნის პროლეტარებს“, ჩვენი საქმე გამოჩარხული იქნებოდა. აი ეს იდეოლოგია წარმოადგენდა მართალ საშინელ ბასტილიას, აქ იყო მომწყვდეული ეროვნული აღდგენის იმედიც და აქ იყო საჭირო მიტანა პირველი იერიშისა. ჩვენი ბასტილია დავანგრიეთ შარშან 26 მაისს!

რასაკვირველია ისტორია ხელს გვიწყობს. ბოლშევიკურმა რუსეთმა გამოსტაცა ხელიდან ჩვენს უბადრუკ „მამულის შვილებს“ ლოზუნგი პროლეტარიატის დიქტატურისა და გადაუსროლა იგი მოზღვავებულ უმცირესობას. აღელვდა უმეცრება და წალეკა ყველაფერი –  ცოდნა, სამართალი, კულტურა და ხელოვნება. ჩვენი დამფრთხალი მოღვაწეები გამოექცნენ სწრაფად და შეაფარეს თავი მათგან უარყოფილ სამშობლოს კალთებს. გამოფხიზლების პროცესში ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. მაგრამ იბრწყინა ოსმალეთის ხმალმა და მალე აღმოაჩინა დოკტრინალურ ბურუსში დაკარგული საქართველო. გამოცხადდა აქტი 26 მაისისა. დაიწყო ახალი ხანა ეროვნული ცხოვრებისა. მართალია, მარტო ქაღალდს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ქაღალდზე ჩამოყალიბება ეროვნული ცხოვრების პრინციპებისა კიდევ არ მოასწავებს ამ ცხოვრების რეალურ განმტკიცებას. ეროვნულ ცხოვრების გამოჭედვას უნდა დიდი დრო, დიდი ბრძოლა და მუშაობა. საფრანგეთი ეროვნულად გამოიჭედა ინგლისთა ასი წლის ომში; გერმანიას მოუნდა სამოცდაათი წელი შრომისა და ბრძოლისა, რომ წარეშალა ნაპოლეონის გამარჯვების შედეგები და განემტკიცებინა თავისი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ორგანიზმი; იაპონია, იტალია და ბევრი სხვა ქვეყნები სავსეა ამისთანა მაგალითებით. ჩვენც გვქონდა ისტორია დიდი და სახელოვანი, ჩვენი სახელმწიფოც იჭედებოდა ოფლითა და სისხლით, მაგრამ რუსეთის მუხანათობამ და უხეშმა ძალამ შეწყვიტა ჩვენი ეროვნული ცხოვრება. იგი იწყება ხელახლად. ჩვენმა ხალხმაც ეს იგრძნო ინსტიქტურად და დავადექით თუ არა ეროვნულ განახლების გზას, დაიწყო აღოძინების პროცესსიც, ჯერ სუსტად, შემდეგ თანდათან ტემპის მომატებით. ბათუმში უმთავრესი ნაწილი ჩვენი ჯარისა უკან გამორბოდა, მაგრამ ბორჩალოში გმირულად გავჩეხეთ  სომხეთთან გამოურკვეველი ურთიერთობა, მესხეთში – დავიჭირეთ არტაანი, სოჭში – ჩვენი გვარდიელის ხმალი აქანდაკებს საქართველოს საზღვარს… სულ ერთი წელიწადია, რაც გამოვაცხადეთ თავისუფლება და არ არის საქართველოს საზღვარი რომ იქ უკვე ქართველის სისხლი არ დაქცეულიყოს.

სახელმწიფოს შექმნა არ ამოიწურება მარტო საზღვრების გამოკვეთით უნდა ამოიკვეთოს კიდევ შინაური ცხოვრება, წესი და რიგი. აქაც დიდი მუშაობაა. აქაც უნდა დრო. ერთბაშად არაფერი ჰკეთდება. ჩვენს წეს-წყობილებას ისეთი საფუძველი აქვს ჩაყრილი, რომ იგი მალე გამოიღებს თავის ნაყოფს. მალე გამტკიცდება სამოქალაქო თავისუფლება და მალე დავადგებით ეკონომიური ძალების განვითარებას. სამწუხაროდ, არ ვსთქვა, რომ ამ სფეროში ყველაფერი კარგად მიდიოდეს, ბევრი შეცდომები ჩავიდინეთ და ბევრი სიმწარეს ვნახავთ კიდევ. უნდა იმედი ვიქონიოთ, ჩვენი ერის ძალები აქაც ინტენსიურად მაინც გაიგებენ ნამდვილ გზას და დროზე მოშორდებიან თავიდანვე ცხოვრებით უარყოფილ დოქტრინალურ ფანტაზიებს.

ეს ფანტაზიები უარყოფილია იმავე 26 მაისის აქტით. აქ აღიარებულია როგორც პოლიტიკური ფორმა საქართველოსი, დემოკრატიული რესპუბლიკა. იქ პირდაპირ ნათქვამია, რომ სუვერენობის მატარებელია ხალხი. ამიერიდან ამ პრინციპებიდან გადახვევა-გადმოხვევა შეუძლებელია. არა პროლეტარიატი, არა ბურჟუაზია ან სხვა რაიმე ნაწილი ხალხისა, არამედ ხალხი, მთელი ერი, არის ბატონ პატრონი ქვეყნისა. ეს ისეთი ქვაკუთხედია, რომ თუ კარგად გავიგედ და სინდისერად გავატარეთ თვით პრინციპი, მასზე ადვილი იქნება დიდებული სახელმწიფოს აშენება.

ეს გახლავთ იდეური შინაარსი 26 მაისისა.

ამისათვის ჰღირდა სიცოცხლე … ჰღირს სიკვდილიც …

გიორგი გვაზავა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი