1918 წლის 26 მაისს, პირველი მსოფლიო ომის დასასრულის, იმპერიების ნგრევისა და რუსეთის რევოლუციების ფონზე, თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში შეკრებილმა საქართველოს დემოკრატიის საუკეთესო ძალებმა, ქართული სოციალ-დემოკრატიის ლიდერ ნოე ჟორდანიას მეთაურობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
მეთხუთმეტე საუკუნის შემდეგ, პირველად შეიყარა ერთად, დამოუკიდებლად საქართველოს მთელი ეროვნული სხეული. შეიყარა, როგორც რესპუბლიკა, თავისუფალი მოქალაქეებისაგან შედგარი საქართველო, და არა როგორც მონარქის ქვეშ გაერთიანებულ მიწათა ერთობლიობა.
26-მა მაისმა ისტორიაში პირველად გაუხსნა გზა საქართველოს მრავალეთნიკური ერის, უბრალო ადამიანების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ემანსიპაციას და მტკიცედ გადააჯაჭვა იგი მის ეროვნულ თვითგამორკვევასთან.
პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა საქართველოს შინდისფერ დროშაზე დაწერეს დემოკრატია, თავისუფლება, თანასწორობა და ერთობა. პირველმა რესპუბლიკამ ეროვნულ ნიადაგზე დაიწყო საქართველოს სოციალური ცხოვრებისა და ეკონომიკის ევროპული მიმართულებით გარდაქმნის პროცესი.
საუკუნის წინ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არა უბრალოდ იღებდა ევროპულ ორიენტაციას, ის თავადაც სთავაზობდა ევროპას და მსოფლიოს მომავლისაკენ მიმავალ გზებს.
რესპუბლიკამ გზა გაუკაფა თავისი დროისათვის ისეთ ძალზედ პროგრესულ ნაბიჯებს, როგორებიც იყო სქესთა შორის თანასწორობა, საყოველთაო და თავისუფალი არჩევნები, ეროვნული უმცირესობების უფლებები თუ რელიგიური პლურალიზმი.
1919 წლის თებერვალში რესპუბლიკის მოსახლეობამ თანასწორი, საყოველთაო არჩევნებით აირჩია დამფუძნებელი კრება. საქართველოს ხალხის (ა)რჩეულთა შორის 5 ქალიც იყო – ელეონორა ტერ-ფარსეგოვა მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ქრისტინე შარაშიძე და ანა სოლოღაშვილი.
საქართველოს დემოკრატიამ არათუ ხმის უფლება მისცა ქალებს, არამედ დამსახურებულად აირჩია კიდეც ისინი უმაღლეს ორგანოში, რითაც ათწლეულობით წინ გაუსწრო დასავლეთის წამყვან დემოკრატიებს.
მთელ მსოფლიოში პირველად, სწორედ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სოფელ ყარაჯალარში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს დემოკრატიულად მუსლიმი ქალი, პარი ხანუმ სოფიევა, რომელიც შთამომავლობას „ყარაიაზის მატრიარქად“ დაამახსოვრდა.
სოციალური დღის წესრიგის განვითარება ეროვნული უსაფრთხოებისათვის უდიდესი გამოწვევების ფონზე ხდებოდა.
პირველმა რესპუბლიკამ რამდენიმეთვიან ომში ტოლი არ დაუდო მონარქისტულ-იმპერიალისტური ამბიციების მქონე დენიკინს, გამოსტაცა მას გაგრა და საქართველოს საზღვარი ბზიფის მაგივრად ფსოუ-მეხადირზე გაავლებინა.
თითქოს დაუჯერებელიცაა დღეს, მაგრამ მაშინ დენიკინის პარალელურად რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთი საზღვრებისთვისაც იბრძოდა და იბრძოდა წარმატებით, არა მხოლოდ ჯარებით, არამედ პოლიტიკური გზებითაც – პირველი რესპუბლიკის სამუსლიმანო საქართველოს გამანთავისუფლებელმა კომიტეტმა ბათუმი, აჭარა და მესხეთი შემოუდუღაბა დანარჩენ საქართველოს.
1919 წლის იანვარში, ახალციხის მიწის მუშათა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში, 70 წლის დასნეულებული მუსლიმი ქართველის, სოციალ-დემოკრატ თავაზ-ყადირ გვარამაძეს ურმით მისვლა და ახალციხელი გლეხებისადმი მისი მოწოდება, არ აჰყოლოდნენ პრო-ოსმალურ ბეგებს და დაეცვათ სამშობლო საქართველო, მაგალითია კვლავაც შევახსენოთ ერთმანეთს, რომ საქართველოს რესპუბლიკისადმი მსახურება და მისი სიკეთეებით სარგებლობა საქართველოს ყველა შვილის პასუხისმგებლობა და უფლებაა, მისი რელიგიური მრწამსის, სოციალური სტატუსის, ეთნიკური კუთვნილების, წარმომავლობისა თუ სხვა ნებისმიერი ნიშნის მიუხედავად.
ყველა მიმართულებით ომების, ეკონომიკური სიდუხჭირისა და სიძვირის ხანაში რესპუბლიკის საუკეთესო შვილები, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით აწყობდნენ 5 მილიონიან ლატარიას, რომლის წმინდა შემოსავალი რესპუბლიკის ტყუპისცალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ნაწილი კი ქართულ თეატრისათვის ღირსეულ შენობათა აშენებას უნდა მოხმარებოდა.
პირველმა რესპუბლიკამ გააძლიერა „ერობები“ ადგილობრივი თვითმმართველობები და ძალაუფლება ისე ახლოს მიიტანა უბრალო ხალხთან, როგორც შემდეგ არასდროს მომხდარა ქვეყნის ისტორიაში.
ხშირად, შესაძლოა ეჭვიც კი შეგვეპაროს, ნუთუ 1918 წელს სიღნაღის, თიანეთისა თუ ოზურგეთის გამგეობები მართლა ითხოვდნენ CV-ს სამსახურში მდივნების, აგრონომების და ინჟინრების მისაღებად? ნუთუ ცენტრიდან ძალდაუტანებლად, თავად ხსნიდა ოზურგეთის გამგეობა წიგნის მაღაზიებს, კერძო და კოლექტიური ინიციატივით, ცენტრიდან ჩარევის გარეშე ხსნიდნენ აფთიაქებს, სახელოსნოებსა და ქარხნებს ჩოხატაურში, ნატანებში, სუფსასა და ლანჩხუთში?
გაჭირვების მიუხედავად რესპუბლიკამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად გაგზავნა ქვეყნის საუკეთესო შვილების ნაწილი – მონპელიეში, გრენობლში, ბრიუსელში, პარიზში, ლონდონში, ასევე იტალიისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში. სხვადასხვა დარგის შესასწავლად რესპუბლიკამ საზღვარგარეთ გაგზავნა არამხოლოდ მომავალი აგრონომები, ინჟინრები, ფინანსისტები და ეკონომისტები, არამედ მხატვრებიც – შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე – რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს რესპუბლიკის მესვეურთა ფიქრის სიღრმეებს.
26 მაისი საქართველოს ხალხის ანტიკოლონიური და ანტიიმპერიული ბრძოლის, თაობების ღვაწლის დაგვირგვინება იყო და არა საერთაშორისო ფაქტორთა ნაწყალობევი უბრალო შემთხვევითობა. პირველი, მეორე და მესამე დასების მიერ ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა ეროვნული თვითშეგნება, მყარდებოდა ქართული ენისა და კულტურის ცოდნა, ლიტერატურისა და პუბლიცისტების ძალით იქმნებოდა საერთო მომავლის განცდა და ისახებოდა მისი მიმართულება – რაც თანამედროვე პოლიტიკური ერის ჩამოყალიბების წინაპირობაა. ამ პროცესს სდევდა აზრთა სხვაობა, დავაცა და ზოგჯერ შუღლიც, მაგრამ პირველი რესპუბლიკა, საქართველოს პირველი თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, სწორედ ამ მოღვაწეების დაუზარელი ეროვნული და სოციალური ბრძოლისა და შრომის ნაყოფია.
რესპუბლიკამ და მისმა მიღწევებმა აღაფრთოვანა და ათქმევინა ემილ ვანდერველდეს, წამყვან ევროპელ სოციალისტსა და ბელგიის სახელმწიფო და იუსტიციის მინისტრს საქართველოზე: „თუკი არსებობს ერი, რომელმაც თავისუფლებისაკენ სწრაფვითა და ერთიანობის თვითშეგნებით დაიმსახურა ეს აღიარება, ეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკააო“.
თანამედროვე მეცნიერების ძალისხმევითა და ჩვენი მოკრძალებული გვერდის ხელშეწყობითაც, მაშინდელი გაზეთები, მოღვაწეთა ნაშრომები არქივებიდან ყოველდღიურობაში ბრუნდება და ცდილობს გაგვაცნოს წარსული, რომელიც სიამაყისა და მიბაძვის ღირსია.
დღევანდელი დღე, 26 მაისი ამ დიდი წარმატების ზეიმია, წარმატებისა, რომელიც გარეშე ინტერვენციამ მოსპო, მაგრამ დიდი მცდელობისდა მიუხედავად ისტორიიდან ვერ წაშალა.
და ვერ წაშალა 26 მაისისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სულისკვეთება:
“დიდება ძმობას, ერთობას,
დიდება თავისუფლებას!”
მაშ, “სალამი“ და „ვაშა“ 26 მაისს!