გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 28 მაისი, N116
26 მაისის დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის წლის თავი – თფილისში გრანდიოზულად ჩატარდა.
საუცხოვო მაისის დღე გათენდა. დილიდანვე ქუჩები, დაწესებულებები და კერძო სახლები ნაირ-ნაირად მორთული იყო ხალიჩებით, ეროვნული დროშებით და ვარდ-ყვავილებით. მოქალაქენი დილიდანვე გამოეფინნენ ქუჩებში. სხვადასხვა ორგანიზაციები დანიშნულ ვადაზე გამოცხადდენ სასახლის წინ და დაიკავეს მთელი დამფუძნებელი კრების ქუჩა. 10 საათზე სამხედრო საკრებულოს ეზოში გაიმართა ჯარების აღლუმი. აღლუმი მიიღო მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ. მას თან ახლდნენ ამერიკის, ინგლისის, იტალიის, საბერძნეთის, ადერბაიჯანის, სომხეთის და მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენლები. აღლუმის გათავების შემდეგ ჯარები და მთელი პროცესია სამხედრო მუსიკითა და სიმღერებით გაემართა ოლღის და წყნეთის ქუჩით ვაკეზე, რომელიც მოშორებულია ქალაქს სამი ვერსით, სადაც საგანგებოდ დიდ მინდორზე, მთავარ-გორაკებზე მოწყობილი იყო სადღესასწაულო სტადიონი.
ჰაეროპლანებმა ქალაქს რამდენჯერმე გადაუარეს. დღესასწაულის გამო არსენალის გორაკიდან რამდენჯერმე გაისროლეს ზარბაზანი.
ვაკეზე საგანგებოდ მორთულ კარვებში მოთავსდა მთავრობა, უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლები, დამფუძნებელი კრების წევრები და სხვა.
ნაშუადღევს კორტეჟის პროცესიაც მოვიდა დანიშნულების ადგილას. პირველად მოვიდნენ ჰეროლდები დამოუკიდებლობის საყვირით. შემდეგ ორკესტრები და მომღერალი გუნდები ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილნი. საუცხოო შთაბეჭდილებას სტოვებდა სხვადასხვა სიმბოლური გამოხატულებანი: „რევოლუცია“, „საქართველოს დამოუკიდებლობა“, „საქართველოს გაერთიანება“ და გაზაფხული“. შემდეგ მიდიოდენ „შევარდნები“, მთელი თავისი შემადგენლობით: ქალთა და ვაჟთა ჯგუფებით. მერე მიდიოდა მოწაფეთა ჯგუფები, პროფესიონალური ორგანიზაციები, სოფლის წარმომადგენლები (დიღმის, წყნეთის და სხვა), ხევსურები აბჯარ-მუზარადით, ამქრები და სხვა.
1 საათზე საზეიმოდ დანიშნული ველი გაივსო ზღვა ხალხით. დროშების მთელი ტყე გაჩნდა. 2 საათი შესრულდა და სადღესასწაულოდ მომავალი ხალხის ჯგუფები არ ილეოდა. რიცხვით მოსული ხალხი 100 ათას აღემატებოდა.
2 საათზე დაიწყო დღესასწაული. რამდენიმე ასი კაცისგან შემდგარმა შეერთებულმა ორკესტრმა შეასრულა ეროვნული ჰიმნი „დიდება“ კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის მეთაურობით. ორკესტრმა და გუნდებმა შეასრულეს სხვადასხვა ჰიმნები და სიმღერები. სტადიონზე დაიწყო „შევარდენთა“ ვარჯიშობა.
ეს ულამაზესი სანახაობა მოგაგონებდათ ძველი საბერძნეთის დღესასწაულს „ოლიმპიის გართობებს“. გაიმართა ფუტბოლის თამაში, ხევსურთა ფარიკაობა და სხვადასხვა გასართობები.
4 საათზე 10 წუთით წამონამა, ოდნავ მოსაღამურდა თუ არა, ზღვა ხალხი ნელნელა დაიშალა.
წესრიგი არსად არ დარღვეულა, დღესასწაულს ხელმძღვანელობდენ ხელოვნების კომისია, დამფუძნებელი კრების წევრები. სტუდენტები და ქალაქის მილიცია იცავდენ წესრიგს.
საღამოს მთელი ქალაქი გაჩირაღდნებული იყო. საგანგებოდ მორთული იყო სხვადასხვა დაწესებულებები.
თეატრებში სადღესასწაულო წარმოდგენები გაიმართა: ქალაქში აუშვეს შუშხუნები. მამა დავითის გორა ცეცხლის მთას მოგაგონებდათ.
დიდებულად ჩატარდა დამოუკიდებლობის წლის თავის დღესასწაული საქართველოს დედა ქალაქში.