Site icon Civil.ge

დავით კირკიტაძე პირობითი სასჯელით გათავისუფლდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს 2 წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

დავით კირკიტაძე 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე თბილისიდან თელავში ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. შსს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დავით კირკიტაძე პოლიციის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში ძალით შეღწევას ცდილობს და პოლიციელს ურტყამს.

კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებით, 17 დეკემბერს დააკავეს და ბრალი ოფიციალურად 19 დეკემბერს წარუდგინეს. 20 დეკემბერს მას გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

31 მაისს სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძემ მის მიმართ წაყენებული ბრალი აღიარა და განმარტა, რომ მას 16 დეკემბრის ინციდენტის დროს, ავტობუსის მიერ ჩაკეტილი გზის გათავისუფლება სურდა და მისი „მიზანი, სურვილი და განზრახვა“ ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება არ ყოფილა.

ამის შემდეგ, კირკიტაძესა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ბრალდების მხარემ სასამართლოს კირკიტაძისთვის სასჯელის სახით 2 წლიანი პირობითი სასჯელის შუამდგომლობით მიმართა. დღესვე, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გათავისუფლების შემდეგ, დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებთან მოკლედ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ მომიტინგეებს გადაადგილების კონსტიტუციური უფლება უკანონოდ აღუკვეთა, ის მასსა და პოლიციელს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო ძალიან წუხდა.

„ჩემი პირადი პატივისცემა მინდა კიდევ ერთხელ დავუდასტურო რიგით პოლიციელებს და არა მათ უფროსებს, რომლებიც მათ ამ უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ“, – განაცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)