Site icon Civil.ge

ინტერპელაციის წესით პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მოუსმინეს

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს, 31 მაისი, 2019, ფოტო: gov.ge

31 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის წესით დეპუტატების წინაშე უკვე მეორედ წარსდგა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. პრემიერს რამდენიმე საკითხთან მიმართებით, კითხვებით „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა.

ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი კითხვა დაგროვებით საპენსიო სისტემას ეხებოდა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს „ერთადერთი სწორი გზაა იმისთვის, რომ მომავალში მოქალაქეებისთვის ღირსეული პენსია უზრუნველვყოთ“.

„მსოფლიოში არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება და აქსიომებზე დავას ახლა აზრი არ აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერმა ასევე განმარტა, რომ კითხვის ავტორებს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რეფორმის დასაწყებად გამბედაობა რომ ჰქონოდათ, დღევანდელი პენსიის ოდენობა ორჯერ უფრო მაღალი იქნებოდა.

ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის გაფართოების შესახებ ევროპული საქართველოს მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, მამუკა ბახტაძემ განმარტა, რომ მთავარი მიზანი არის ის, რომ ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიას „ჰქონდეს ძალიან დიდი წონა“ და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით „მოხდეს ამ სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა“. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციის შედეგად, არსებობს მოლოდინი, რომ სია გაიზრდება.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რა არის მიზანი ამ სიის – ჩვენ უნდა გვქონდეს უმაღლესი ბრალდების სტანდარტი, რომ ჩვენ მეგობრებს ჰქონდეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაგვეხმარონ ამ სიის იმპლემენტაცია განვახორციელოთ რეალურ ცხოვრებაში და ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თიბისი ბანკთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, პრემიერმა განაცხადა, რომ „ეროვნულმა ბანკმა რა სანქციებიც გამოიყენა, იყო ლეგიტიმური“ და ამაზე ყველა აქციონერი თანხმდება. პროცესებში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის შესახებ ევროპული საქართველოს წევრის გიგა ბოკერიას მიერ დასმულ შეკითხვას მამუკა ბახტაძემ „პოლიტიკური სპეკულაცია“ უწოდა.

სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან კითხვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებაც დაისვა, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ ეს სტრატეგიული პროექტია და რომ ის პირადად იყო ჩართული, რათა პროექტი ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ პრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაში აღმოჩენილიყო.

„სახელმწიფო თავის ვალდებულებას შეასრულებს, კონსორციუმმა და კერძო სექტორმაც თავისი ვალდებულება შეასრულოს და ეს პროექტი შედგება“, – განაცხადა მან.

პრემიერის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა დეპუტატებს დაეთმოთ. ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პრემიერის გამოსვლა უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მათ დასმულ კითხვებზე პრემიერისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს. უმრავლესობის წევრებმა კი პირიქით, პრემიერს პარლამენტში ვიზიტისა და კითხვებზე პასუხის გაცემისთვის მადლობა გადაუხადეს და ოპოზიცია პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულეს.

დასასრულს, მამუკა ბახტაძემ დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ორი დიდი გამოწვევა აქვს, ესენია – ოკუპაცია და სიღარიბე და ამ საკითხებზე ოპონენტებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა.

31 მაისს, ინტერპელაციის წესით, პარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას მოუსმინეს. პირველი მათგანი დეპუტატების წინაშე ქართული ოცნების, მეორე კი – ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნის საფუძველზე წარსდგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)