Site icon Civil.ge

ავსტრია: ჰოლოკოსტის ექო

გამოფენის დაზიანებული ექსპონატები ჰოფბურგის სასახლის წინ. ფოტო: LUKAS HUTER/ავსტრიის პრესის სააგენტო

სალომე სალაძე ვენიდან მოგვითხრობს ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილ გამოფენაზე და იმ რთულ გზაზე რაც ავსტრიამ ჰოლოკოსტში თავისი მონაწილეობის აღიარებისაკენ გაიარა.

27 მაისს, ვენაში, ჰაბსბურგების ყოფილი და ავსტრიის პრეზიდენტის ახლანდელი რეზიდენციის წინ მიმდინარე გამოფენის ექსპონანტები უკვე მესამედ დააზიანეს – დაჭრეს ფოტოები და დაამტვრიეს ჩარჩოები.

მომხდარი წვრილმან ხულიგნობად შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ არა გამოფენის შინაარსი და მიზანი. „დავიწყების წინააღმდეგ“ ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც 7 მაისს, ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ( Alexander Van der Bellen ) გახსნა და ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელი ტყვეების ფოტოებს აერთიანებს.

ფოტოები წინა დღეებში კიდევ ორჯერ დააზიანეს – ერთხელ მათ ნაცისტური სიმბოლიკა დაახატეს, უფრო ადრე კი დანით დასერეს.

პოლიციამ გამოძება დაიწყო. იმავე დღეს გამოჩნდა ასეულობით მოხალისე ავსტრიელი, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან და 24 საათის განმავლობაში დარაჯობდნენ ღია ცის ქვეშ განთავსებულ ექსპოზიციას, რათა ვანდალიზმი აღარ განმეორებულიყო.

ეს ყველაფერი ხდება 21-ე საუკუნეში, ავსტრიაში –  ქვეყანაში, რომელსაც ებრაელ ერთან დაკავშირებით საკმაოდ რთული და სამარცხვინო  წარსული აქვს გამოვლილი. 

რამდენად არის დღეს ავსტრიულ საზოგადოებაში ფეხგადგმული ანტისემიტიზმი? და თუ არის, რა ასაზრდოებს მას? რა რეაქცია აქვს სახელმწიფოს ამაზე და რამდენად უსაფრთხოა იყო ებრაელი და ცხოვრობდე ავსტრიაში?

ანტისემიტიზმის არსი

ანტისემიტიზმი საკმაოდ აქტუალური და პრობლემატური თემაა დღევანდელი ევროპისთვის. ეს გახლავთ ებრაელი ერის მიმართ ნეგატიური, მტრული დამოკიდებულება, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება საზოგადოების მხრიდან – ეს შეიძლება იყოს ებრაელთა მიმართ აგრესია, მათი, როგორც ერის დემონიზირება, მათ შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება ან სიძულვილის სხვადასხვა სახით გამოვლინება. 

მცირე ისტორიული ექსკურსი

ებრაელებმა ავსტრიის აღმოსავლეთ ნაწილებში ახლანდელ ქვემო ავსტრიაში, ვენასა და ბურგენლანდში დასახლება დაახლოებით ათასი წლის წინათ დაიწყეს. მე-13 საუკუნიდან არსებობს ინფორმაცია ებრაელების ჩაგვრის შესახებ, მათი დასჯის ხერხად კოცონზე დაწვასაც კი იყენებდნენ.  1420-1421 წლებში ებრაელები მასიურად დახოცეს და ვენიდან გაასახლეს, რის შესახებაც არქეოლოგების მიერ იმ წლებში დანგრეული სინაგოგის აღმოჩენილი ნანგრევებიც მეტყველებს.

ებრაული ქორწინების სცენა ვენაში დაცული შუასაუკუნეობრივი მანუსკრიპტიდან. წყარო: ვენის ებრაული მუზეუმი

თუმცა ებრაული თემი ვენაში აღდგა. მე-19 საუკუნის დასაწყისში, კაიზერ იოზეფ  II-ის დროს, ლიბერალური ღირებულებების გავრცელების წყალობით, ებრაელთა უფლებები საგრძნობლად გაიზარდა – აიკრძალა მათი დისკრიმინაცია, მიეცათ უფლება აერჩიათ სასურველი პროფესია, ჩამოეყალიბებინათ საზოგადოებრივი გაერთიანება, ვენაში აეგოთ სინაგოგა (1826 წელს) და ჩაეტარებინათ ღვთისმსახურება.  1852 წელს კი, სახელმწიფო კანონის წყალობით, ისინი თავიანთი უფლებებით გაუტოლდნენ ავსტრიის სხვა მოქალაქეებს.

რა მოხდა ავსტრიის ანშლუსის შემდეგ?

ნაცისტური გერმანიის მიერ ავსტრიის ანშლუსის შემდეგ (1938) ანტისემიტური მოქმედებები ავსტრიაში უმალვე გავრცელდა. ნაცისტებმა სწრაფი ტემპით დაიწყეს საჯარო დაწესებულებებიდან, ასევე უნივერსიტეტებიდან და სკოლებიდან ებრაელთა განთავისუფლება, ხშირად, მათი სხვა ავსტრიელი კოლეგების დახმარებით.

ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 1937-38 წლის ზამთრის სემესტრში, სულ რაღაც ერთ თვეში,  2 230 ებრაელი გააძევეს: პროფესორები, დოცენტები, სტუდენტები, უნივერსიტეტის თანამშრომლები. მათ შორის იყო პროფესორი, ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი ერვინ შროდინგერი (Erwin Schrödinger) – რომლის სახელი ბევრისათვის “შროდინგერის კატის” – კვანტური ფიზიკის ელემენტის ასახსნელად მოყვანილი პარადოქსული მაგალითის გამოა ცნობილი.


“მოგონების გასაღებები” – ვენის ერთ-ერთი ქუჩის 426 ებრაელი მოსახლის კარის გასაღები, ამავე ქუჩის ქვაფენილშია ჩაშენებული. იმ ადამიანებისა, რომლებიც სახლში აღარასოდეს დაბრუნებულან. მათი მესამედი საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა. მემორიალი ახალგაზრდა ხელოვანს, იულია შულცს (Julia Schultz) ეკუთვნის და 2008 წელს გაიხსნა.

1938 წლის შემოდგომაზე უკვე ძალადობრივი გზებით დაიწყეს ვენიდან ებრაელთა განდევნა. 1938 წლის 9 ნოემბერს – გერმანიის მასშტაბით გამართული პოგრომების ტრაგიკულ ღამეს – ნაცისტური პარტიის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ვენაში არსებული ყველა სინაგოგა დაარბიეს და გადაწვეს, შეიჭრნენ ებრაელთა სახლებში და მაღაზიებში.

ვენაში ამ დროისთვის დაახლოებით 200 000 ებრაელი ცხოვრობდა. ამ დღიდან მოყოლებული 1941 წლამდე, დაახლოებით 130 000 მათგანი გახდა იძლებული, დაეტოვებინა ავსტრია და საზღვარგარეთ გადახვეწილიყო. 65 000 ადამიანი კი ნაციზმის მსხვერპლი გახდა.

სახელმწიფოს პოზიცია

ავსტრია ათწლეულების განმავლობაში, არიდებდა თავს პასუხისმგებლობის აღებას ჰოლოკოსტში მონაწილეობაზე. ოფიციალური ვერსიით, მთლიანად ავსტრიელი ხალხი – ებრაელების ჩათვლით – გერმანული ნაციზმის მსხვერპლი იყო. თუმცა ანშლუსის განმავლობაში ებრაელების დევნაში ავსტრიელების – როგორც უბრალო მოქალაქეების, ისევე თანამდებობის პირებისა და პოლიციის – მონაწილეობა მრავალი ფაქტით დასტურდება.

1988 წელს, თომას ბერნჰარდმა (Thomas Bernhard) ვენის ბურგთეატრის (Burgtheater) სცენაზე დადგა დრამა “ჰელდენპლაცი” (Heldenplatz, გმირთა მოედანი) – იმ მოედნის სახელის მიხედვით, სადაც ანშლუსის აღსანიშნავად ბევრი ავსტრიელი აღფრთოვანებით შეეგება ადოლფ ჰილტერს. სპექტაკლი მოგვითხრობს მოხუცი ებრაელი პროფესორის შესახებ, რომელიც 1938 წელს ნაცისტებს გაექცა და ქვეყანაში დაბრუნებული, 1988 წელს თავს იკლავს, რადგან ვეღარ უძლებს ქვეყანაში ჯერ კიდევ ცოცხალ ანტისემიტიზმს.

სპექტაკლში ნათქვამმა ფრაზამ “დღეს ვენაში უფრო მეტი ნაცისტია, ვიდრე 1938 წელს” ავსტრიაში უდიდესი სკანდალი გამოიწვია, მაშინდელმა პრეზიდენტმა კურტ ვალდჰაიმმა (Kurt Waldheim) მას “ავსტრიელი ერის შეურაცხყოფა” უწოდა. ავტორი სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების ობიექტად იქცა და სპექტაკლის პრემიერიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 58 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ამ ეპიზოდმა ავსტრიულ საზოგადოებაში ჰოლოკოსტის შესახებ დისკუსია გამოაცოცხლა და პოლიტიკური განწყობაც შეცვალა.

უკვე 1991 წელს, კანცლერმა ფრანც ვრანიცკიმ (Franz Vranitzky) იერუსალიმში, ებრაულ უნივერსიტეტში, ებრაელ ხალხს ბოდიში მოუხადა ავსტრიელი ერის სახელით, რომ მათ ხელი ვერ შეუშალეს ნაციონალ-სოციალისტების მიერ ებრაელთა დევნას.

დღეისთვის, ავსტრია აღიარებს, რომ ავსტრიელები იდგნენ ორივე მხარეს – როგორც ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმისა მსხვერპლნი და, ამავე დროს, როგორც ჰოლოკოსტის დანაშაულში თანამონაწილეები.

„აღარასოდეს!“ (Nie wieder!) და „არასოდეს დავივიწყოთ!“ (Niemals vergessen!) ეს გახლავთ ის ორი ფრაზა, რომლითაც ავსტრია მუდმივად ცდილობს თავის მოსახლეობას და ასევე დანარჩენ მსოფლიოს შეახსენოს ის, რომ აღარასოდეს, არცერთი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობა არ უნდა გახდეს მსგავსი საშინელების მომსწრე და მსხვერპლი.

რეიჩელ ვაითრიდის (Rachel Whiteread) მონუმენტი და მუზეუმი ვენის იუდენპლაცზე, მე-15 საუკუნეში დანგრეული სინაგოგის ნანგრევებზეა აშენებული. მემორიალი ყუით უკან შებრუნებულ, უსათაურო წიგნების ბიბლიოთეკას ასახიერებს. სიცოცხლის წიგნებისა, რომლებიც არ დაწერილა, წიგნებისა, რომელსაც ვეღარავინ გადაშლის.
წყარო: Hans Peter Schaefer/eigene Fotografie, August 2005

ბოლო წლებია ჰოლოკოსტისადმი ცნობადობის ამაღლების მიზნით უამრავი პროგრამა შეიქმნა. სკოლებში, სადაც სპეციალური გაკვეთილები ტარდება ამ თემაზე. სკოლის მოსწავლეები მიჰყავთ საკონცენტრაციო ბანაკში და მათ ესაუბრებიან სიძულვილის გაღვივებისა და პროპაგანდის მეთოდებზე, რამაც შეამზადა საზოგადოება ჰოლოკოსტისადმი, ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტების მიერ ებრაელებისადმი არაადამიანურ მოპყრობაზე.

ამავე მიზნით 1988 წელს ვენაში დაარსდა ებრაული მუზეუმი, სადაც დამთვალიერებელს შეუძლია ებრაელი ერის ისტორიას, ასევე მათი ავსტრიაში ცხოვრების დეტალებს გაეცნოს. ქალაქი ვენა მსურველებს ასევე სთავაზობს რამდენიმესაათიან ტურს, რა დროსაც ვენაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან ებრაულ ნაგებობას სტუმრობთ და ეცნობით მათ ისტორიას.

ავსტრიის სახელმწიფოს ხედვაა, რომ ყველანაირად უნდა შეუშალოს ხელი არატოლერანტულობას და ექსტრემიზმის გავრცელებას საზოგადოებაში, იბრძოლოს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ არამხოლოდ ავსტრიაში, არამედ მთელს ევროპაში.

შემაშფოთებელი რეალობა

სახელმწიფო პოლიტიკა ერთია, მაგრამ ბოლო ხანებში გამოქვეყნებულ გამოკითხვას თუ დავეყრდნობით, ავსტრიულ საზოგადოებას არც თუ სრული ინფორმაცია აქვს იმ სისასტიკის შესახებ, რასაც ნაციონალ -სოციალისტები ებრაელთა წინააღმდეგ სჩადიოდნენ.

2 მაისს, ებრაული ორგანიზაციების ერთობლივ კონფერენციაზე (Jewish Claims Conference) წარმოადგინეს კვლევის შედეგები, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში.

კერძოდ, კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (56%) არ იცის, რომ ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს შეადგენდა და უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს ციფრი გაზვიადებულია.

მოსახლეობის 58% უშვებს იმას, რომ დაახლოებით იგივე მოვლენები, რომელიც ჰოლოკოსტის დროს ხდებოდა, შეიძლება მომავალში ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში განმეორდეს.

კითხვაზე, „თქვენი აზრით, რამდენად დიდი იყო იმ ავსტრიელთა რიცხვი, რომლებიც ებრაელების დახმარებას ცდილობდნენ და ამის გამო გაასამართლეს“  – უმრავლესობის პასუხი ხშირ შემთხვევაში იყო „ბევრი“ , „ძალიან ბევრი“ ან „რამდენიმე ათასი“.

სინამდვილეში, 1938 წლიდან 1944 წლამდე მხოლოდ 109 ავსტრიელი გასამართლდა ებრაელთა დახმარების გამო.  ხოლო, თხოვნაზე, დაესახელებინათ რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკი, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ასახელებდა იმ საკონცენტრაციო ბანაკებს, რომლებიც ავსტრიაში არ მდებარეობენ – აუშვიცი, დახაუ – და ეს მაშინ, როცა ვენიდან 160 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს სისასტიკით ცნობილი მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი.

ანტისემიტიზმი დასჯადია

ავსტრიის მიერ 1947 წელს მიღებული კანონის მიხედვით, ანტისემიტიზმი და მისი გამოვლინება დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით. პიროვნება, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს ებრაელთა მიმართ ძალადობისკენ, შესაძლებელია ორი წლის ვადით დააპატიმრონ .

ჰოლოკოსტის უარყოფა, ანუ იმის უარყოფა, რომ ებრაელები ნაციონალ-სოციალისტების მიერ იდევნებოდნენ, ან თუნდაც იმის, რომ გაზის კამერები მართლაც არსებობდა და მას იყენებდნენ ებრაელთა მასობრივად დასახოცად – ავსტრიაში ასევე დასჯადია და ეს ნორმა მოქმედებს. სულ ცოტა ხნის წინ, ადვოკატი ქალაქ ველსიდან (Wels) 10 000 ევროთი დაჯარიმდა ფრაზისთვის, რომელშიც ის ეჭვქვეშ აყენებდა გაზის კამერების არსებობას.

ასევე დასჯადია ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ტექსტების გავრცელება, მათი სიმბოლიკის ტარება, ან ნაცისტური მისალემება (Hitlergruss).

და მაინც, ებრაელთა უფლებები ირღვევა

მიუხედავად დასჯადობისა, 2018 წლის შემაჯამებელ დოკუმენტში, ორგანიზაცია „ფორუმი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ“ (Forum gegen Antisemitismus – FGA Wien) წერდა, რომ, ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ვენაში, მათთან ანტისემიტიზმის შესახებ სულ 505 საჩივარი შევიდა, აქედან შემთხვევების მესამედი სოციალურ ქსელში დაფიქსირდა.

ამას ემატება სხვადასხვა ტიპის ვერბალური თავდასხმები ებრაელ ხალხზე. მათ ხშირად მოიხსენიებენ როგორც მსოფლიო ფინანსების განმკარგველებს; ჯორჯ სოროსს, როგორც ებრაელს, ბრალს დებენ მასობრივი მიგრაციის ხელშეწყობაში, რომელიც ევროპის მოსახლეობის „ჩანაცვლებას“ ისახავს მიზნად.

ასეთ აზრებს იზიარებენ ავსტრიის თავისუფლების პარტიაში (FPÖ), რომელიც დაარსების დღიდანვე (1956 წლის 7 აპრილი) გამოირჩეოდა რასისტული, ქსენოფობიური და ანტისემიტური მიდრეკილებებით. პარტია თავის დროზე, სწორედ ნაცისტური იდეოლოგიის მქონე პირების მიერ დაარსდა და დღესაც გამოირჩევა თავისი მემარჯვენე პოპულისტური პოლიტიკით.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებით, დაახლოებით 60 პროცენტი ევროპაში მცხოვრები ებრაელებისა ფიქრობს ევროპიდან გადასახლებაზე, მათ შორის არიან ავსტრიაში მცხოვრებნიც.

მიუხედავად იმისა, რომ ანტისემიტიზმი ავსტრიაში კრიმინალიზებულია, ებრაელები ხშირად აწყდებიან საზოგადოების მხრიდან აგრესიას, მათი ჩაცმულობის ან ადათ-წესების გამო. ხშირია მათი ლანძღვის შემთხვევები ქუჩაში, სინაგოგის წინ, სკოლაში. ებრაელების შეურაცხმყოფელი წარწერები შეგხვდებათ ქალაქში, მათ შორის ნაცისტური სვასტიკაც (Hakenkreuz), რომელიც დახატულია ებრაელთა სასაფლაოებზე, ქუჩებში, სახლებზე…

უფლებების პოლიტიკა

ავსტრია, როგორც ქვეყანა, ცდილობს იმ დანაშაულის გამოსყიდვას, რისი თანამონაწილეც ანშლუსის შემდეგ გახდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის მაინც ვერ ახერხებს იმას, რომ ყველა ებრაელთათვის შექმნას დაცული გარემო, სადაც მათ არ დაამცირებენ და არ აგრძნობინებენ, რომ საზოგადოებისთვის ზედმეტნი არიან.

ამისდა მიუხედავად, ზომების ის კომბინაცია, რომელსაც ავსტრიაში ვხედავთ – საკანონმდებლო აკრძალვა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ცნობიერების ამაღლება და განათლება – სწორედ ის გზაა, რომელიც ევროპულ მთავრობას მოეთხოვება ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

ჰოფბურგთან ექსპოზიციის დასაცავად მოსული ადამიანების რიცხვი მეტყველებს, რომ ავსტრიელებიც მზად არიან დაიცვან თავიანთი ქვეყნის მრავალფეროვნება.

ავტორის შესახებ:

სალომე სალაძე ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, ავსტრიაში ქართველი სტუდენტების ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტია. ის ავსტრიის წითელ ჯვარში მუშაობს.