შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დააკავა. აღნიშნულის შესახებ უწყებაში 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შსს მკვლელობაში მიხეილ კალანდიას შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა. უწყების განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, უწყებამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მიხეილ კალანდიას მკვლელობაში თანამონაწილეობის ეჭვი გაუმყარა.
„სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე. გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობის შესახებ“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შსს-ს მიერ კალნდიას დაკავებას მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე გამოეხმაურა. „ფაქტობრივად, ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი. ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას, ისევ შეეცდება თუ არა მის „გაპრავებას“, – განაცხადა მან.
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 3 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს დავით სარალიძის მიმართ ჩადენილი დანაშაული მკვლელობის მცდელობიდან ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად ჩადენილ მკვლელობად გადაუკვალიფიცირდა და სასჯელის საბოლოო სახედ 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც შეაფასა. „თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დავით სარალიძე მოკლულ იქნა ჯგუფურად, მინიმუმ ორი პირის მიერ. გამოძიების მიერ კი გამოვლენილია მხოლოდ ერთი პირი – გ.ჯ.“, – განაცხადა ომბუდსმენმა.
გუშინვე კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკეთა და განმარტა – „ის განაჩენი, რომელიც დღეს აპელაციაში დადგა, გვაძლევს საშუალებას თავიდან წავიკითხოთ ყველა გარემოებები ამ საქმის… ყველას გვესმის, რომ მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს, რაც შეიძლება მალე“.
ამბის წინაისტორია
2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდის ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმეზე განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლომ 2018 წლის 31 მაისს გამოაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული (გ.ბ) დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მეორე ბრალდებულს (გ.ჯ.) სასამართლომ დავით სარალიძის მიმართ ჩადენილი დანაშაული მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაუკვალიფიცირა. საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ორივე ბრალდებული გაამართლა. აღნიშნულს ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი პროტესტი და მაშინდელი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.
დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, საგამოძიებო ორგანოებს საქმის არასწორად წარმართვაში ადანაშაულებდა და მათ უნდობლობას უცხადებდა. ის ამბობდა, რომ გამოძიება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილისთვის მიხეილ კალანდიასთვის ხელის დაფარებას ცდილობდა. ამასთან, მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესებზე ჩვენებები რამდენჯერმე შეცვალა.
მიხეილ კალანდიას ბიძა, მირზა სუბელიანი, მკვლელობის დროს პროკურატურაში მუშაობდა. მან თანამდებობა მომხდარიდან მალევე დატოვა. მირზა სუბელიანი შსს-მ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, 2018 წლის 9 ივნისს დააკავა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2019 წლის 4 მარტს, ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა. საგამოძიებო კომისიამ არასრულწლოვნების მკვლელობაში მონაწილეობის თაობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის რეკომენდაციითაც მიმართა. მაშინ შსს-ში აცხადებდნენ, რომ კომისიის რეკომენდაციები „ფორმალურ ხასიათს“ ატარებდა და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)